უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინიმალური ხელფასი კანონით განსაზღვრული? | Allnews.Ge

უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინიმალური ხელფასი კანონით განსაზღვრული?

1999 წელს მინიმალურ ხელფასად საქართველოში 20 ლარი დაწესდა, თუმცა, დღეს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ხელფასები უფრო მაღალია.

წლებია, საქართველოში დასაქმება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად დგას, დასაქმებულები კი დაბალ ანაზღაურებასა და გაძვირებულ ცხოვრებას უჩივიან. სწორედ ამიტომ, როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, დროდადრო გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მინიმალური ხელფასი კანონით განისაზღვროს, რათა არც ბიზნესმა და არც საჯარო სექტორმა შრომით დაქირავებულ კანონით დადგენილ მაჩვენებელზე დაბალი ანაზღაურება არ გასცეს.

რამდენად გააუმჯობესებს ეს დასაქმებულთა ფინანსურ მდგომარეობას და როგორია ამ მიმართულებით უცხოური პრაქტიკა?

მინიმალური ხელფასის ზღვრის კანონით განსაზღვრის პრაქტიკა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წლების განმავლობაში მკვიდრდებოდა, თუმცა როგორც ექსპერტთა ნაწილი განმარტავს, განვითარებულ ეკონომიკაზე მსგავს რეგულაციებს მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა არ აქვთ, რისი თქმაც სპეციალისტებს საქართველოს შემთხვევაში არ შეუძლიათ, თუმცა მათი ნაწილი საკითხზე განსხვავებულად ფიქრობს.

მაგალითად, ეკონომისტ სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ საბაზრო ეკონომიკა სრულყოფილად ვერ ჩაითვლება თუ მას არ აქვს ისეთი ინდიკატორები, რომლებიც შრომით ბაზარზე საბაზრო ურთიერთობებს უზრუნველყოფს.

"ერთ-ერთი ასეთია მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრა, იქნება ეს საათობრივი თუ დღიური. ბაზრის 4 სახეობიდან: საქონელი, მომსახურება, კაპიტალი და შრომითი ბაზარი, ეს უკანასკნელი საქართველოში ყველაზე ნაკლებად განვითარებულია, რაზეც დასაქმებულთა რიცხოვნობა მეტყველებს. დაქირავებულის შრომაზე ჩვენ დღეს მინიმალური ანაზღაურება დაწესებული არ გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, განსაზღვრული უნდა იყოს. ამას კი უზრუნველყოფა სჭირდება. აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში, თუ სამუშაო ძალა გაძვირდება, შეიძლება ეს ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაიზარდოს, ასე რომ არ მოხდეს, ყველა გვერდითი ფაქტორი გასათვალისწინებელია, სანამ მკურნალობას დავიწყებთ, უნდა განვსაზღვროთ, ეს უარყოფით ზეგავლენას მოახდენს თუ არა პაციენტზე," - განმარტავს ეკონომისტი.

მისივე მოსაზრებით, მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ცივილიზებული ურთიერთობებისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა ეკონომისტი არც იმას გამორიცხავს, რომ უმუშევრობის საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდოს.

"მინიმალური ხელფასის დაწესება გაზრდის სამუშაო ადგილების შემცირების საფრთხეს, თუმცა ჩვენი ბაზარი იმდენად მყიფეა და იმდენად ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, უშუალოდ შეამცირებს თუ არა, ამის თქმა გამიჭირდება," - აღნიშნავს ის.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ ეკონიმისტებს - აკაკი ცომაიასა და მიხეილ დუნდუას.

ისინი მიიჩნევენ, რომ მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესება ზრდის უმუშევრობის მაჩვენებელს და აძვირებს საქონელსა და მომსახურებას.
"მაგალითად, მინიმალური ხელფასი არა 200-300-ით, არამედ 1 500 ლარით რომ განისაზღვროს, ეს ქვეყანაში უმუშევრობის დონეს ცალსახად გაზრდის, იგივე მოხდება 200-300 ლარის შემთხვევაშიც, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით. ასევე აღნიშნული აისახება საკვების ფასებზეც. სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა გაიზრდება, მიწოდება შემცირდება, დაგროვდება ჭარბი სამუშაო ძალა, რაც უმუშევრობის ზრდას შეუწყობს ხელს, ფასებზე ზეგავლენას კი ირიბად მოახდენს. ნებისმიერ ეკონომიკის სახელმძღვანელოში კლასიკაა, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება იწვევს უმუშევრობის დონის გაზრდას," - აღნიშნავს ეკონომისტი.

მისივე თქმით, აღნიშნული პრაქტიკა ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობს, იმიტომ რომ ამომრჩევლის მხრიდან არსებობს დაკვეთა და პოლიტიკოსების მხრიდან პოპულისტური მოსაზრებები, რომლებიც ზღაპრებს გვპირდებიან ხოლმე, რათა ამომრჩევლის გული მოიგონ. "აქედან გამომდინარე, ამ კანონის დაწესებას ეკონომიკური შინაარსი ნამდვილად არ აქვს," - განმარტავს ის.

ეკონომისტის თქმით, უმუშევრობის დონეზე საუბრისას აუცილებლად უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინება. კერძოდ, დასავლეთ ევროპის ქვეყნების შრომით ბაზარზე აღნიშნული რეგულაციები მკვეთრად უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს. მიუხედავად ამისა, ევროპის ქვეყნებში აშშ-სთან შედარებით უმუშევრობის დონე უფრო მაღალია, რადგან ამერიკაში ბიზნესის მიმართ უფრო ლიბერალური მიდგომაა, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში," - განმარტავს აკაკი ცომაია.

მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრასთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი ეკონომისტი მიხეილ დუნდუა.

"ასეთი ხელფასის დაწესების პირობებში მეწარმეებს ექნებათ ვალდებულება, რომ უფრო დაბალ ანაზღაურებაზე არავინ დაასაქმონ, შესაბამისად, შესაძლოა, ამან სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვიოს. თუკი ეს მსჯელობის თემად იქნება წარმოდგენილი, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე, როცა ქვეყანაში მთავარი ამოცანა არის დასაქმების ზრდა, ეკონომიკის წახალისება, ბიზნესისთვის თავისუფლების მიცემა, ჩემი აზრით, მინიმალური ხელფასის დაწესება მიზანშეწონილი არ იქნება," - აღნიშნავს ის.

ეკონომისტს მიაჩნია, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება საჭირო შეიძლება მაშინ გახდეს, როდესაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ამ ფონზე მკვეთრი სოციალური უთანაბრობა გამოკვეთება.

როცა მთლიანი შიდა პროდუქტის დაბალი მაჩვენებლის ფონზე მეწარმეებს ხელფასის მინიმალურ ზღვარს უწესებ, ეს განსაკუთრებით მცირე ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის, რადგან დაბალ ანაზღაურებაზე დასაქმებულები ძირითადად, მცირე საწარმოებში არიან და ეს საკითხი ძალიან საფრთხილოა. ადრე პოლიტიკოსთა ნაწილის მიერ იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ მინიმალურ ხელფასად 500 ლარი დაწესებულიყო, ეს რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო მეწარმეებს პრობლემას შეუქმნიდა, ვთქვათ 400 ლარის ოდენობით შემოსავლის მქონე პირებისთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და თან სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები, შეიძლება მცირედით ხელსაყრელი იყოს, თუმცა მსგავს რეგულაციებს სწორედ განსაკუთრებით რეგიონებში უნდა მოვერიდოთ, რადგან მეწარმეობა რეგიონებში ფეხს ახლა იკიდებს და არ უნდა დავუწესოთ, დასაქმებაში რამდენი გადაიხადონ," - განმარტავს ეკონომისტი.