მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა შემცირდა - როგორია ფასები და რა სახის მეორად პროდუქციას ყიდულობენ ყველაზე ხშირად?
მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა შემცირდა. როგორც Allnews.ge-ს თბილისში მდებარე მეორადი მაღაზიებისა და საწყობების მფლობელთა ნაწილმა განუცხადა, მათი მოგება ბოლო პერიოდში თანდათან მცირდება.
ბიზნესი, რომელიც წლების წინ ყვაოდა, ახლა გადარჩენისთვის იბრძვის. მაღაზიებისა და საწყობების მეპატრონეთა უმეტესობა განმარტავს, რომ ბაზარზე კრიზისი 2010-2012 წლებიდან დაიწყო, როდესაც მეორადი ტანსაცმლის რეალიზატორთა რაოდენობა გაიზარდა, კონკურენციის შედეგად ფასი შემცირდა, იმპორტირების ხარჯები კი, ვალუტის კურსის გათვალისწინებით გაიზარდა.
მათივე თქმით, მოთხოვნა ძირითადად, მაღალი ხარისხის მეორად პროდუქციაზეა.
"დაახლოებით 4 წელია გავჩერდი, არადა ამ ბიზნესში უკვე 15 წელია ვარ. მიზეზი ის არის, რომ მეორადი ტანსაცმლის იმპორტი ძალიან ბევრმა დაიწყო და ფინანსური პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი იმ ქვეყნების ეკონომიკური კრიზისიც გახდა, საიდანაც ტანსაცმელი შემოგვაქვს. რა თქმა უნდა, ხარისხიანი პროდუქცია უნდა შემოვიტანოთ, უხარისხო არ იყიდება, იმ ქვეყნებში კი, საიდანაც პროდუქცია შემოგვაქვს, 2008 წელს დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ხარისხიანი ტანსაცმელს მოძიება გართულდა. ჩვენს საწყობში 1 კილოგრამის ფასი დაახლოებით 2 ლარიდან იწყება და 12 ლარამდე მერყეობს, მოთხოვნა კი ბავშვის ხარისხიან ტანსაცმელზეა. თავდაპირველად, როდესაც მეორადი პროდუქციის იმპორტი დავიწყეთ, 2005 წლამდე ამ ბიზნესში მოგების თვალსაზრისით ბუმი იყო, თუმცა შემდეგ კონკურენცია გაჩნდა, ფასი შემცირდა, იმპორტირების ღირებულება გაძვირდა და თავისთავად ამ ყველაფერს ვერ გაუძლებ," - აღნიშნა დიდუბეში მდებარე მეორადი ტანსაცმლის საწყობის მფლობელმა Allnews.ge-სთან საუბარში.
მეორადი ტანსაცმელი, როგორც გარემოზე ზრუნვის საშუალება
"ისეთი კრიზისია, გავა დღე, რომ საერთოდ არავინ შემოდის. ერთი წელია, რაც ჩვენთან კრიზისი დაიწყო, ყოველდღიურად ველოდებით, რომ ვითარება გამოსწორდება, მაგრამ ყველაფერი უარსეობისკენ მიდის. ძირითადად, საბავშვო ტანსაცმელსა და აქსესუარებზეა მოთხოვნა. ჩვენთან 1 კილოგრამი ტანსაცმლის ფასები 15 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე მერყეობს, თუმცა, ასეთი კრიზისული ვითარება არასდროს არ მახსოვს, არ ვიცი, რას დავაბრალო, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაა, 3 ლარიანი ტანსაცმლის შესაძენად რომ შემოდიან და მთხოვენ, რომ ვალით წაიღონ, ჩვენც ვაძლევთ და ვაცდით, იმიტომ რომ მუშაობა არ გვაქვს", - განმარტა მთაწმინდის რაიონში მდებარე მეორადების ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა.
"ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურია, არც წინა წლებში იყო ძალიან მაღალი და არც ახლა, ჩვენ ახალ, ჩამოფასებულ ტანსაცმელზე ვმუშაობთ, თან რამდენიმე ცნობილი ბრენდის პროდუქციაც გვაქვს და ის მოსწონთ. ძირითადად, იმ უბნის მცხოვრებლებზე ვმუშაობთ, სადაც მაღაზია გვაქვს გახსნილი. მომხმარებლებს, ძირითადად ქალებს, დიდი ზომის ტანსაცმელი აინტერესებთ. გარდა ამისა, აქ ხარისხიან ტანსაცმელს ხელმისაწვდომ ფასად პოულობენ, ხან ვაცდით, სანამ თანხას გადაგვიხდიან და ასე ვმუშაობთ. ძირითადად, პიჯაკები, ზედატანები და ასეთი ტიპის სამოსი იყიდება" - განმარტავენ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე მეორადი ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში.
აფრიკაში მეორადი ტანსაცმლის იმპორტს აკრძალავენ
გარდა ჩამოთვლილისა, ჩვენ მეორადი ტანსაცმლის რამდენიმე ცნობილ მაღაზიასაც დავუკავშირდით, სადაც განგვიცხადეს, რომ სამუშაო პროცესი კრიზისული ვითარების გამო შეაჩერეს, ნაწილი კი განმარტავს, რომ მომხმარებლების შენარჩუნებას სტაბილურად მაინც ახერხებენ.
მეორადი ტანსაცმლის რეალიზატორთა უმეტესობა მომხმარებელთა შემცირების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ზოგიერთი მათგანის თქმით, აღნიშნულ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება მაშინ დაიწყო, როცა ბაზარზე დაბალი ღირებულების ალტერნატივა, მაგალითად, ჩინური პროდუქცია გაჩნდა.