სად ბეჭდავენ ლარს და რა ჯდება იგი?
ლარი საქართველოში მიმოქცევაში 1995 წლიდანაა როგორც გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინს, შემადგენლობას თუ სხვა მახასიათებლებს ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს.
შესაძლებელია, ბევრმა არ იცოდეს რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა ჩვენს ქვეყანაში სულაც არ იბეჭდება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ლარის ბანკნოტების დასამზადებლად პარტნიორი საწარმოს შერჩევა ხდება დახურული ტენდერის გზით, სადაც მონაწილეობენ სებ-ის საბჭოს ნუსხით განსაზღვრული ევრობანკნოტების ან მონეტების და მსოფლიოს სხვა წამყვანი განვითარებული ქვეყნების ფულის ნიშნების დამამზადებელი საწარმოები,რომელთაც აქვთ ფულის ნიშნების დამზადების სათანადო გამოცდილება, მყარი ფინანსური მდგომარეობა და დადებითი რეპუტაცია. ამდენად, მათი დამზადება პერიოდულად ხორციელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საწარმოებში.
"ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ტენდერში მონაწილე საწარმოებს მოეთხოვებათ წარმოადგინონ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ საწარმოს ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის ნორმები შესაბამება ევროპის ცენტრალური ბანკის ან სხვა შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ დადგენილ ნორმებს, რომელიც აპრობირებული და აღიარებულია საერთაშორისო ბეჭდვის ინდუსტრიაში", -აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
რა უჯდება ეროვნულ ბანკს ლარის ბეჭდვა?
სებ-ის მიერ Allnews.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის ბეჭდვის საშუალო წლიურმა ხარჯმა 5.5 მლნ ლარი შეადგინა."ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების დამზადების პერიოდულობა და შესაბამისად, ეროვნული ვალუტის ბეჭდვის ხარჯიც განსხვავებულია, ვინაიდან მათი დამზადება ხორციელდება მიმოქცევის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ცალკეული ნომინალის მარაგის შევსების საჭიროების დადგომისას", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ეროვნული ვალუტის ტრანსპორტირებას საქართველომდე უსაფრთხოების წესების დაცვით დამამზადებელი საწარმო უზრუნველყოფს.საქართველოს ტერიტორიაზე კი პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი, ძალოვანი სტრუქტურების შესაბამისი სამსახურების თანხლებით ხელმძღვანელობს. სები ფულის ნიშნების უსაფრთხო ტრანსპორტირებას სპეციალური დაცვის საშუალებებით აღჭურვილი დაჯავშნული ავტოტრანსპორტითა და ინკასატორებით უზრუნველყოფს.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, განსხვავებულია ამა თუ იმ ნომინალის დამზადების პერიოდულობა და მათი საჭიროება დამოკიდებულია მათზე მიმოქცევის მოთხოვნის ზრდის ან კლების ტენდენციებზე, თითოეული ნომინალის ბანკნოტის მოხმარების თავისებურებებსა და სხვა ფაქტორებზე. სების ინფორმაციით, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, დასამზადებელი ფულის ნიშნის მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ მომდევნო სამი წლის საპროგნოზო მოთხოვნის გათვალისწინებით, ხოლო მათ დასამზადებლად მუშაობა ცალკეული ნომინალის არანაკლებ 18 თვის საკმარისი მარაგის დადგომისთანავე იწყება.
რატომ ვერ ხდება საქართველოში ლარის ბეჭდვა?
ეროვნული ბანკის განმარტებით, ფულის ნიშნების დამზადება საკმაოდ კომპლექსური ტექნოლოგიური პროცესია, რაც ძვირად ღირებული აპარატურით აღჭურვას, სათანადო ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფას მოითხოვს. ასევე სათანადო ტექნიკურ პერსონალს და სხვა უამრავ ფაქტორს, რომელიც დაკავშირებულია როგორც ფულის ნიშნების დამზადებისათვის საჭირო ტექნოლოგიებისა და ნედლეულის (სუბსტრატები, დამცავი ნიშნები, სპეცსაღებავები, ქიმიური საშუალებები) უზრუნველყოფა-გამოყენებასთან."ქართული ფულის ნიშნების დამზადების სიხშირისა და მოცულობების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ასეთი საწარმო მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვერ იქნება ორიენტირებული, ვინაიდან ყოველივე ზემოხსენებულის უზრუნველყოფა საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს და აღნიშნული საქმიანობა წამგებიანი შეიძლება იყოს, ხოლო სხვა ქვეყნების დამკვეთების დაინტერესება და მათი დაკვეთების შესრულება სათანადო ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით საკმაოდ დიდ და გრძელვადიან ინვესტიციებთან იქნება დაკავშირებული", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.