ფასები ბათუმში: ინფორმაცია დამსვენებლისთვის
ბათუმი საქართველოს ყველაზე პოპულარული ზღვისპირა კურორტია, რომელსაც ზაფხულის სეზონზე ათასობით დამსვენებელი სტუმრობს. ასეთი პოპულარობის გამო ივლის-აგვისტოში ბინებისა და მგზავრობის საფასური, როგორც წესი იმატებს. გთავაზობთ დათვლილ ფასებს, თუ რა დაგიჯდებათ ქალაქამდე სხვადასხვა ტრანსპორტით მგზავრობა და ბინის დაქირავება.
ბათუმამდე მგზავრობა როგორც მატარებლით, ისე თვითმფრინავით, მიკროავტობუსითა და მინივენით არის შესაძლებელი. "შტადლერის" მატარებლის ბილეთების ფასი 1 ივლისიდან უკვე გაიზარდა და პირველი კლასით მგზავრობის ღირებულები 60 ლარი, ხოლო მეორე კლასით მგზავრობის საფასური 24 ლარია.
ამავდროულად, თუ ღამის მატარებლით მგზავრობას გადაწყვეტთ, პირველი კლასის ბილეთში 40-ს, ხოლო მეორე კლასის ბილეთში 24 ლარს გადაიხდით.
ზოგიერთი ბათუმში ჩასვლას ავტობუსით ამჯობინებს, რომლით მგზავრობის ფასიც 30 ლარია, ხოლო თუ მიკროავტობუსით ან მინივენით მგზავრობას გადაწყვეტთ, ამაში დაახლოებით, 30-40 ლარს გადაიხდით.
უფრო კომფორტულად მგზავრობისთვის ბათუმში თვითმფრინავით ჩასვლაც შეგიძლიათ. თბილისი-ბათუმის რეისის საფასური სამუშაო დღეებში 175 ლარიდან იწყება, ხოლო კვირა დღეს ამავე ბილეთში 120 ლარს გადაიხდით. თუმცა, თუ თქვენს გეგმებში კომფორტულად მგზავრობა და ბიუჯეტის დაზოგვა ერთდროულად შედის, გაფრენა ნატახტრის აეროდრომიდანაც შეგიძლიათ, რომლის საფასურიც სტაბილურად 90 ლარია.
რაც შეეხება ბინებს, უძრავი ქონების ვებგვერდების მიხედვით, ბათუმში ბინის დღიურად დაქირავება 30 ლარიდან შეგიძლიათ. თანხაში ერთი საძინებელი, აბაზანა, სამზარეულო, ინტერნეტი და პირველადი მოხმარების ნივთები შედის, თუმცა ამ ღირებულების ბინები ზღვისგან მოშორებით მდებარეობს. ცხადია, ფასები კომფორტისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იზრდება. მაგალითად, 110 ლარად, 4 პერსონაზე გათვლილი ბინის დაქირავება შეგიძლიათ, რომელიც ფასის შესაბამისად, კეთილმოწყობილი და კომფორტულია. ბულვარის სიახლოვეს მდებარე ბინის ფასები შედარებით მაღალია და უძრავი ქონების სააგენტოების მიხედვით, მინიმუმ 70 ლარიდან იწყება.
თუ დასასვენებლად ჯგუფთან ერთად მიდიხართ, შესაძლოა, კერძო სახლის დაქირავების საჭიროებაც გაგიჩნდეთ, რომელთა ღირებულებაც ბათუმში დაახლოებით, 400 ლარიდან იწყება.
ქალაქში დამსვენებლებს როგორ საოჯახო, ისე მაღალ კლასის სასტუმროებიც იღებენ, სადაც ნომრების ფასები მუდმივად იცვლება. ჩვენ ამ სასტუმროების სტანდარტული ნომრების მიახლოებით ფასებს გთავაზობთ.
Raddison Blu Iveria-ში ერთი ღამით დასვენების ფასი დაახლოებით, 800 ლარიდან იწყება და მომსახურების მიხედვით იზრდება. ასევე პოპულარული სასტურმოა Colosseum Marina Hotel-ი, სადაც სტანდარტული ნომრის ფასი დაახლოებით, 500 ლარია. Hotel Intourist Palace-ში სტუმრებს დაახლოებით, 306 ლარიდან მოემსახურებიან, ხოლო Hilton Batumi-ს ფასი 400 ლარი გახდა.
გასათვალიწინებელია, რომ ამ თანხებში, ზოგიერთ სასტუმროში საუზმე გათვალისწინებული არ არის და ამისთვის თანხა თავად უნდა დაამატოთ.