სად და როგორ ვიმოგზაუროთ მცირე ბიუჯეტით? - გამოცდილი მოგზაურების რჩევები
თუ მოგზაურობა გიზიდავთ და თან გამოცდილი მოგზაურების შეხედულებების გაზიარება გსურთ, ეს სტატია თქვენთვისაა. ხშირად ქალაქს და ქვეყანას სამოგზაუროდ სწორედ სხვისი გამოცდილების საფუძველზე ვირჩევთ. უკვე გამოცდილი მოგზაურების რჩევები და რეკომენდაციები კი გვეხმარება სწორად დავგეგმოთ მოგზაურობა. Allnews.ge ორ მოგზაურს გაესაუბრა, რომლებმაც ის ადგილები აღწერეს, სადაც ვიზიტი განსაკუთრებით უსიამოვნო და უინტერესო ან ყველაზე შთამბეჭდავი იყო.
დავით გიგილაშვილი უკვე 34 ქვეყანაშია ნამყოფი, ამჟამად კი ნორვეგიაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ევროპას ძალიან შეეჩვია, ამიტომ პირველი შთაბეჭდილებების შემდეგ აქ ყველაფერი მისთვის ერთფეროვანია. განსაკუთრებით კი იაპონია, ყატარი, აშშ და კანადა მოსწონს.
"იაპონიაში განსაკუთრებით გასაოცარი ადგილობრივების სტუმართმოყვარეობა იყო. ქართველებს რომ გვჩვევია სტუმრის დაპატიჟება და "თან გადაყოლა" სწორედ ასე იცის ამ ხალხმაც. კანადაში ბუნების წარმოუდგენელმა ფერებმა გამაოცა, რაც შეეხება აშშ-ს, აქ უნივერსიტეტში ვმუშაობდი და ყველაფერი, ცხოვრების ტემპი, ტექნოლოგიები განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო", - აღნიშნავს მოგზაური.
დავითისთვის ყველა ქვეყანა საინტერესოა, ამბობს, რომ ყველგან არის ისეთი რამ, რისთივისაც შეიძლება ჩასვლა ღირდეს, სადაც შეგიძლია, ყოველდღიურ რუტინას მოწყდე და რაღაც უცხო და ახალი ნახო, თუმცა რამდენიმე ქვეყანამ იმედი მაინც გაუცრუა.
"უნგრეთში ტურისტების მიმართ ხალხის დამოკიდებულება არ მომეწონა, მაგალითად, მაღაზიაში ხურდაში მატყუებდნენ. ასევე საფრანგეთში, სადაც 5-6 თვის განმავლობაში ვსწავლობდი, აღმოვაჩინე, რომ იქ ხალხმა ინგლისური ან უბრალოდ არ იცის ან საუბარი ერიდებათ, ასევე ადგილობრივებთან კომუნიკაციის პრობლემაც მქონდა. ამ ორ ქვეყანაში თითქოს თავი კომფორტულად ვერ ვიგრძენი. ტურისტული თვალსაზრისით ორივე ძალიან საინტერესო ქვეყანაა და ამოუწურავი რაოდენობის ღირსშესანიშნაობების პატრონები არიან", - განმარტავს დავით გიგილაშვილი.
კიდევ ერთი მოგზაური დავით გოროზიაც მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაშია ნამყოფი, განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი მასზე შვეიცარიამ და ნორვეგიამ მოახდინა. მისი თქმით, ორივე ქვეყანაში მოგზაურობას ბევრი ფინანსები ესაჭიროება, თუმცა, ამ მიზნის მიღწევა დაბალი ბიუჯეტითაც შესაძლებელია.
"მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და არა მაღაზიებში და სასტუმროებში ყოფნას და ძვირად ღირებული კერძების მირთმევას. მაგალითად, ნორვეგიაში ბევრი ისეთი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ნორვეგიული ორაგულის მირთმევას ნამდვილად სჯობს,"- აღნიშნავს ის.
რამდენიმე ადგილის მიმართ უკმაყოფილება დავით გიგილაშვილსაც აქვს. მაგალითად, პოლონეთსა და ბულგარეთში მას იმედი ადგილობროვმა მოსახლეობამ გაუცრუა.
"უყურადღებოები არიან, ყველა ამას ამბობს, რომ ტურისტები არ უყვართ, მაგალითად, რაიმეს რომ კითხავ, შეუძლებელია, პასუხი მიიღო. პოლონეთში ბევრი კარგი სანახაობაა, მაგრამ უყურადღებობა და ტურისტების მიმართ უპატივცემულობა, იქ ჩასვლის სურვილს აღარ გიჩენს.
უკმაყოფილო დავრჩი სლოვაკეთის დედაქალაქით, ბრატისლავათი, სადაც იმ განწყობით წავედი, რომ დაბალი ბიუჯეტით დავისვენებდი, თუმცა ჩემი იქ წასვლა უკანასკნელი იყო. ამ ქალაქში არაფერია სანახავი, ერთი პატარა ქუჩაა შარდენის ქუჩასავით მოწყობილი, ერთი ციხე-სიმაგრე და მორჩა. გარდა ამისა, ბრატისლავაში დასვენება ლამის ვენის და ამსტერდამის ფასები დამიჯდა.
ტურისტებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების თვალსაზრისით არ მომეწონა ბულგარეთის დედაქალაქი სოფია და თურქეთი. ხარჯების თვალსაზრისით, სოფიაში დასვენება ძალიან იაფია, ბრატისლავას ხარჯებით კი პორტუგალიაშიც დაისვენებ.
ასევე დაბალბიუჯეტიანია პოლონეთის ქალაქი კრაკოვი, მაგალითად, იქ ერთი ჭიქა ვისკი 1 ევრო ღირდა, ადგილობრივი წვნიანი კი ორი ევრო, მოკლედ 5 ევროდ კარგად ისადილებდი," - აღნიშნა დავით გოროზიამ.
გამოცდილი მოგზაური დამწყებებს რამდენიმე ქალაქის შესახებაც უამბობს, სადაც ვალუტის გადახურავებისას მაღალ საკომისიოს იღებენ.
"ტურისტებს თანხებში ატყუებენ პრაღასა და ბუდაპეშტში. მაგალითად, 100 ევრო გადავახურდავე და 40 საკომისიოში დაიტოვეს, ამიტომ ყველას ვაფრთხილებ ხოლმე, რომ სანამ ვალუტას გადაახურდავებენ, საკომისიო იკითხონ. ქალაქში აუცილებლად იპოვნიან გადასახურავებლად ადგილს, სადაც საკომისიოს არ იღებენ," - განმარტავს ის.
დავით გიგილაშვილის რჩევით, თუ მოგზაურობის დაწყებას გეგმავთ, უმჯობესია, ეს ევროპის ქვეყნებიდან გააკეთოთ, რადგან ვიზა აღარ გვჭირდება, პროცედურები გამარტივებულია და ქუთაისიდან ავიარეისებიც საკმაოდ იაფია.
"ევროპაში გადაადგილებაც საკმაოდ იაფია, რასაც აშშ-სა და ასეთ უზარმაზარ ქვეყნებზე ვერ ვიტყი. ევროპაში რამდენიმე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დაფრინავს, მაგალითად, Ryanair-ი, ასევე ავტობუსით გადაადგილებაც ძალიან იაფია, მაგალითად, Flix Bus-ი ევროპის ბევრ ქალაქში ოპერირებს და ნორმალური ფასებიც აქვს.
რაც შეეხება საცხოვრებელს, არის ასეთი ვებგვერდი Couch Surfing-ი, სადაც შეგიძლია, შენი პროფილი შექმნა, დაეკონტაქტო ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, გაიცნონ უცხოელები, მათ უმასპინძლონ, თავიანთი კულტურა გაუზიარონ, ერთი მხრივ ეს იმ ქვეყნის გასაცნობად კარგი საშუალებაა. ასევე შესაძლებელია დაბალი ღირებულების ჰოსტელშიც დარჩენა, სადაც ერთ ოთახს 10-16 ადამიანი იზიარებს, სტანდარტულ სასტუმროებთან შედარებით ესეც ძალიან ხელმისაწვდომია. თუ ლაშქრობის მოყვარული ხართ, მაშინ კარვით მოგზაურობაც შეგიძლიათ, ოღონდ კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობაც უნდა გაითვალისწინოთ, რადგან არის ადგილები, სადაც კარვის გაშლა არ შეიძლება," - განმარტავს ის.
თუ ტრანსპორტირებაში თანხის დაზოგვა გსურთ, დავით გიგილაშვილის რჩევაა ავტოსტოპს მიმართოთ."ავტოსტოპი ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მუშაობს. ზოგან ცოტა ეჭვის თვალით უყურებენ, მაგალითად, ნორვეგიაში, თუმცა მაგალითად, ხორვატიაში ავტოსტოპით ვიმოგზაურეთ. მაგრამ დაბალიბიუჯეტიანი ავიაკომპანიისა და ავტობუსის საშუალებით გადაადგილებას ძალიან ხელმისაწვდომი ფასებში შეძლებენ," - აღნიშნავს ის.
დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობის მსურველებს გამოცდილი მოგზაური კიდევ ერთ საჭირო რჩევას უზიარებს. მისი ინფორმაციით, ბევრ ქალაქში არის Free Walking Tour-ები, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ ახალგაზრდა გიდებს ფეხით დაჰყავთ ტურისტები, საკვანძო ადგილებს უჩვენებენ, საინტერესო ამბებს უყვებიან და რჩევებს აძლევენ.
"ამ ტურებზე ოფიციალურად ფასი დაწესებული არ არის, გეუბნებიან, როგორც მოგეწონა და რამდენსაც მიიჩნევ, რომ ღირს, იმდენი გადაიხადეო. თუ დიდი ჯგუფი შეიკვრება, ერთ ადამიანზე 2-5 ევროც საკმაირისია ხოლმე. რა თქმა უნდა, ამ ადგილების შემოვლა თავადაც შეგიძლია, მაგრამ როცა ცოტა დრო გაქვს, შეგიძლია, რომ მიზერულ თანხად საინტერესო გასეირნება მოიწყო და ბევრი ისეთი ამბავი მოისმინო, რასაც თვითონ ვერ გაიგებდი," - აღნიშნავს დავით გიგილაშვილი.
დავით გოროზია კი დამწყებ მოგზაურებს თავდაპირველად ბუდაპეშტი, პრაღა, ვენა, და მიუნხენის ნახვას ურჩევს. ბუდაპეშტიდან გაფრენას კი იმიტომ ვურჩევ, რომ საზღვრის გადალახვა შედარებით მარტივია. ამ ოთხი ქალაქიდან ვენა შედარებით ძვირია, მაგრამ დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობა იქაც შეიძლება.
"თუ ადამიანს მოგზაურობა უნდა, რაღაცებზე უარი უნდა თქვას და ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროს," - აღნიშნავს გამოცდილი მოგზაური.