პრემიერ-მინისტრი კახეთში აეროპორტის განვითარებისა და რკინიგზის აღდგენის ინიციატივით გამოდის
ჩვენ მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ კახეთში განაცხადა. პრემიერმა სასტუმრო "ახაშენის ღვინის კურორტის" გახსნაზე კახეთის და თუშეთის ტურისტულ პოტენციალზე და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.
"ამაზე უკვე მიდის ფიქრი და ვფიქრობ, ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები პირველ ეტაპზე, შემდგომში შესაძლოა, რომ რეგულარული რეისებიც დაინიშნოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების მნიშვნელობაზე. "ახალი რკინიგზის გაყვანა, მოგეხსენებათ, რომ უზარმაზარი თანხები ჯდება. კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმის განვითარება რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.