10 რჩევა, რაც ევროპაში მოგზაურობამდე უნდა გაითვალისწინოთ | Allnews.Ge

10 რჩევა, რაც ევროპაში მოგზაურობამდე უნდა გაითვალისწინოთ

მოგზაურობა თითქმის ყველა ადამიანის საყვარელი საქმიანობაა და ამ სასიამოვნო პროცესში თუ რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი არსებობს, ეს მოგზაურობის წინაპირობა ანუ მისი დაგეგმვაა. მარშუტის შედგენა, სასტუმროს შერჩევა და ხარჯების გადანაწილება - ამ საკითხების მოგვარების მიზნით ხშირად ტურ-ოპერატორების დახმარება გვჭირდება. თუმცა, ცოდნა გამოცდილებას მოაქვს. გთავაზობთ იმ მოგზაურთა რჩევებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია მოგზაურობას დამოუკიდებლად გეგმავენ.

1. იმ ადგილების ჩამონათვალი შეადგინეთ, სადაც წასვლას ისურვებდით

მოგზაურობის დაგეგმვის ამ ეტაპზე შეგიძლიათ შეუზღუდავად იოცნებოთ. გაიხსენეთ ის ადგილები, რომელთა ნახვაზე ბავშვობიდან ან მას შემდეგ ოცნებობდით, რაც მეგობრების ფოტოები ნახეთ. გსურთ ეიფელის კოშკის ნახვა თუ შვეიცარიის ალპებში წასვლა, ჩამოწერეთ ყველა ის ადგილი, ქალაქი თუ ქვეყანა საითაც გული მიგიწევთ. დაგეგმვის ამ ეტაპზე ფულსა და ტრანსპორტირებაზე არ იფიქროთ.

2. თქვენ მიერ შერჩეული ადგილები შემდეგ კატეგორიებად დაახარისხეთ: "აუცილებლად სანახავი", "კარგი იქნებოდა და თუ დრო დამრჩა",

ამის შემდეგ იმ ქალაქებსა და სანახაობებს გადახედეთ, რომლებიც აუცილებლად სანახვი ადგილების სიაში შეიყვანეთ, ეს სწორედ ის ღირსშესანიშნაობებია, რომელთა უნახავად ევროპის ქალაქების დატოვება არ გსურთ.

3. განსაზღვრეთ პოტენციური მარშუტი

გამოცდილი მოგზაურების თქმით, მოგზაურობა დამღლელი ხდება თუ ყოველ მომდევნო დღეს ახალ ქალაქში ატარებთ. ამიტომ უმჯობესია ერთ ქალაქში 2-3 ღამე მაინც დარჩეთ და დღის განმავლობაში ქალაქში რამდენიმესაათიანი ტურები მოიწყოთ, დაახლოებით 3-4 საათის ხანგრძლივობის. შეარჩიეთ თქვენი ქალაქის სიახლოვეს მცირე მანძილზე არსებული სანახაობები და ისინი დაათავალიერეთ. დასარჩენად ისეთი ქალაქები აარჩიეთ, რომ ისინი თქვენს სიაში არსებულ აუცილებლად სანახავ ადგილებთან რაც შეიძლება ახლოს იყოს, რათა სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის მოსანახულებლად გრძელი გზის გავლა არ მოგიხდეთ. ამ სტრატეგიის გამოყენებისას შეძლებთ თქვენთვის საინტერესო ბევრი ადგილი ისე ნახოთ რომ საცხოვრებელი ადგილი ყოველ ღამე არ გამოცვალოთ.

4. განსაზღვრეთ ტრანსპორტირების გეგმა

მას შემდეგ რაც მარშრუტს განსაზღვრავთ, იზრუნეთ ტრანსპორტირების იმ გზებზე, რომელიც ყველაზე იაფი და კომფორტული იქნება. მაგალითად, თუ ცენტრალური ევროპის გავლით მოგზაურობთ, ამ შემთხვევაში მატარებელი ყველაზე იაფი და მარტივი საშუალებაა, რათა ქალაქიდან ქალაქში გადაადგილდეთ, მატარებლით მგზავრობის შემთხვევაში შეგიძლიათ Eurail passes გამოიყენოთ, რომლის ფასიც იმის მიხედვით განსხვავდება, რამდენ ქალაქში აპირებთ მოგზაურობას, ფასები შეგიძლიათ ლინკზე გადასვლისას იხილოთ, კიდევ ერთი მარტივი გზა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების გამოყენებაა. როგორც წესი მოგზაურობისას თქვენვე დაიწყებთ დანიშნულების ადგილების ამოღებას თქვენი სიიდან, სამგზავრო ბიუჯეტის, გასავლელი მანძილისა და სანახვი ადგილის ღირებულების გათვალისწინებით.

5. დაიწყეთ დასარჩენი ადგილების მოძიება და მათი დაჯავშნა

ბევრი მოგზაურის ფილოსოფია ასეთია: დაიძინეთ იაფად რათა იკვებოთ ძვირად. სასურველია სასტუმროში რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოთ, იმისთვის, რომ უფრო მეტი ფინანსური რესურსი დაგრჩეთ გემრიელი საკვების, ღვინის გასასინჯად და სასურველი ადგილების სანახავად. ამ მიზნით მოგზაურები ხშირად მიმართავენ Airbnb-ს, რჩებიან საოჯახო სასტუმროებში ან იაფფასიან ჰოსტელებში, იმის ნაცვლად რომ მთელი სამოგზაურო ბიუჯეტი ძვირად ღირებულ სასტუმროში დატოვონ. გამოცდილი მოგზაურების თქმით, თუ თქვენი ტურის მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი თქვენთვის საინტერესო ადგილის ნახვაა, მაშინ სასტუმროში ისედაც ძალიან ცოტა დროს გაატარებთ, ამიტომ სტრატეგიაც ამის შესაბამისად უნდა განსაზღვროთ და დასარჩენად რაც შეიძლება დაბალფასიანი ადგილები შეარჩით, რომლებიც ამავდროულად უსაფრთხო და მოსახერხებელი იქნება.

როგორ ვიმოგზაუროთ პარიზში იაფად? - სასარგებლო ბმულები და რჩევები მოგზაურისგან

6. წინასწარ ჩამოყალიბდით რისი გაკეთება გსურთ

გამოიყენეთ ისეთი საიტები, როგორიც Trip Advisor და Fodor’s Travel Guides-ია, ასევე სხვა სამოგზაურო ბლოგები და მათი დახმარებით იხილეთ მუზეუმები, მონუმენტები, რესტორნები და სხვა გასართობი და საინტერესო ადგილები, რომლებიც იმ ქალაქშია სადაც დარჩენას გადაწყვეტთ ან ამ ქალაქის სიახლოვეს გარეუბანში. ერთ-ერთ მოგზაური საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ საუკეთესო რასაც იგი ყოველ ახალ ქალაქში ჩასვლისას აკეთებდა, იყო ველოტურის მოწყობა, რაც მას იმ ადგილის გაცნობაში ეხმარებოდა, სადაც მომავალი 2-3 დღის განმავლობაში აპირებდა დარჩენას.

7. მოძებნეთ რესტორნები, ბარები და სხვა ლოკაციები, რომლებსაც სიამოვნებით ეწვეოდით

გარდა იმისა რომ, წასახემსებლად სასურველია რაიმე თან ატაროთ, ასევე კარგი იქნება წინასწარ შეარჩიოთ ის ობიექტები სადაც დასვენებას და ვახშმობას შეძლებთ, მენიუსა და ფასების გათვალისწინებით, რადგან სხვა შემთხვევაში თქვენთვის მისაღები რესტორნის ძიებაში შეიძლება ძალიან ბევრი დრო დაგეხარჯოთ, ვერც გემრიელად ჭამოთ და ძვირიც გადაიხადოთ.

ეს 20 საიტი თქვენს მოგზაურობას ბევრად მარტივს გახდის

8. წინასწარ მოამზადეთ თან წასაღები ნივთების სიაც

თან წასაღები ნივთები განსაკუთრებული საჭიროების და მინიმალური რაოდენობის იყოს. პირველ რიგში ეს ხელბარგში ჩაგეთვლებათ და ზედმეტი გადასახადის გადახდა არ მოგიწევთ, გარდა ამისა ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებისას მცირე ზომის ხელბარგი გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელია.

9. დაუკავშირდით კავშირგაბმულობის თქვენს კომპანიას, ბანკს და სხვა დაწესებულებებს, რათა დარწმუნდეთ რომ თქვენი მოგზაურობის პერიოდში არაფერი გაუთვალისწინებელი არ მოხდება, მაგალითად, ბანკი არ გაგიყინავთ ანგარიშს ან საცხოვრებელ სახლში არ ჩაგიჭრიან დენს გადაუხდელობის გამო და ა.შ.

10. ყველა ამ ეტაპის გავლის შემდეგ მარტო ის გრჩებათ რომ ჩაჯდეთ თვითმფრინავში და გაემგზავროთ. არ შეგეშინდეთ თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, რადგან გაუთვალისწინებელი მომენტები თავგადასავლის ნაწილია, რომელიც სახლში დაბრუნების შემდეგ დაუვიწყარი მოგონებების სახით დაგრჩებათ.