საქართველოს კურორტები, სადაც ბინის ქირაობას ყველაზე დაბალ ფასად შეძლებთ
თუ აგვისტოს არ ელოდებით და დასვენებას უფრო ადრე, თანაც დაბალი ბიუჯეტით გეგმავთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. Allnews.ge-მ რამდენიმე ქართულ კურორტზე ბინებისა და კოტეჯების მინიმალური ფასები მოიძია. უძრავი ქონების სააგენტოებზე განთვასებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე კურორტზე საშუალოდ 20 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ 1 ღამის გათევა.
რაჭა წელიწადის ყველა დროს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონია, სადაც დასვენება ძვირი სულაც არ არის, თუ ძვირად ღირებულ სასტუმროს არ შეარჩევთ. მაგალითად, ონის მუნიციპალიტეტში მდებარე კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ შოვში კოტეჯი შეგიძლიათ დღეში 40-45 ლარიდან იქირაოთ, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლისას, კოტეჯების ფასმა შეიძლება მოიმატოს.
წლებია, მესტია საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ზონად იქცა, სადაც ამჟამად საოჯახო სასტუმროების ფასი 25-30 ლარიდან იწყება და მომსახურებაში დილის საუზმეც შედის. თუ მთის კურორტების მოყვარული ხართ და შედარებით დაბალი ბიუჯეტით დასვენება გსურთ, ეს ადგილი თქვენთვისაა.
მესტია კულტურის ძეგლებით მდიდარია. მაგალითად, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშეანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები და სხვა ექსპონატები, ამიტომ მესტიაში ჩასვლისას არა მხოლოდ ულამაზესი ხედები, არამედ კულტურული ობიექტებიც გექნებათ სანახავი.
ერთ-ერთი ყველაზე იაფია კურორტი წაღვერიც, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. ზაფხულში დამსვენებლები ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ, რადგან გაჯანსაღებისა და მშვიდად დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. უძრავი ქონების ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად წაღვერში საოჯახო სასტუმროებში დასვენებისთვის ერთ ღამეში დაახლოებით 40 ლარს გადაიხდით, თუმცა მას შემდეგ, რაც ტურისტული სეზონი გააქტიურდება, შეგიძლიათ, ბინა უფრო დაბალ ფასადაც მოძებნოთ.
სურამი დამტვერვის სეზონზე დამსვენებლებითაა გადადეჭიდილი. ეს სამთო-კლიმატური კურორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 740 მეტრზე მდებარეობს. თუ გსურთ, რომ სუფთა ჰაერი ისუნთქოთ და ქალაქის ხმაურს თავი დააღწიოთ, სწორედ აქ უნდა წახვიდეთ დასასვენებლად. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად სურამში ბინების დღიური ფასი 20 ლარიდან იწყება.
წყალტუბო იმერეთის რეგიონში ზღვის დონიდან 120 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ცნობილია, როგორც ბალნეოლოგიური კურორტი. თუ ზაფხულის სიცხეს არ უშინდებით და წყალტუბოში დასვენებას გადაწყვეტთ, ამჟამად არსებული ინფორმაციით თანახმად, აქ ბინის დაქირავება 20 ლარიდან შეგიძლიათ.
აბასთუმანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, კერძოდ ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აბასთუმანი წელიწადის ყველა სეზონზე ულამაზესია, გარდა ამისა, აქ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაც მდებარეობს, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება. აბასთუმანში დასასვენებლად ერთ დღე-ღამეში ამჟამად 25-30 ლარს გადაიხდით.
ზღვაზე დასვენების სეზონი ჯერჯერობით არ გააქტიურებულა, თუმცა როგორც სეზონზე, ისე ახლაც, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ბინაში საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასს გადაიხდით. ამჟამად ციხისძირში ბინის გაქირავების შესახებ ბევრი ინფორმაცია განთვასებული არ არის, თუმცა ბინას აქ ღამეში 25 ლარად ახლაც იშოვით.
ჩაქვიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და თუ ზღვაზე ხელმისაწვდომ ფასად დასვენებას გეგმავთ, ჩაქვში არსებული ბინის ფასები მისაღები იქნება. სხვადასხვა ვებ-გვერდზე მოძიებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმროს ფასი მინიმუმ 35 ლარია, საოჯახო სასტუმროებს კი გაქირავება ჯერჯერობით აქტიურად არ დაუწყიათ.