ზიპლაინი, პარაშუტით გასეირნება და პარაპლანი - რა ჯდება საქართველოში ექსტრემი (ინფოგრაფიკა)
ექსტრემი დღეს ბევრ ადამიანს იზიდავს, შეიძლება ითქვას, რომ ექსტრემალური გართობები 21-ე საუკუნის სენია. გართობის ეს მიმართულება განსაკუთრებული მოთხოვნით ზაფხულში სარგებლობს.
Allnews.ge წარმოგიდგენთ ექსტრემალური გართობის ფასებს, რომლითაც საქართველოში შეგიძლიათ ისარგებლოთ.
ზიპლაინი - ბოლო წლებში ექსტრემალური ატრაქციონი Zip-Line საქართველოში მეტად პოპულარული გახდა. ესაა გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერი, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან, მეორე პუნქტამდე დაშვება. საქართველოში ყველაზე დიდი 800-მეტრიანი ზიპლაინი საირმეში მდებარეობს და მისი ფასი ქართველისთვის 30, ხოლო უცხოელისთვის 50 ლარია. (ფასები დაწვრილებით იხილეთ ინფოგრაფიკაზე სტატიის ბოლოს)
პარაპლანი - პარაპლანი თავისუფლად მფრენი აპარატია, რომლის აფრენა, ჰაერში მართვა და მიწაზე დასმა ადამიანის მიერ ხდება. როგორც პარაგლაიდინგის ფედერაციის ინფორმაციაში ვკითხულობთ, თბილისსა და რუსთავში პარაპლანით ფრენა ყოველ შაბათ-კვირასაა შესაძლებელია. რაც შეეხება ფასებს, ერთი ადამიანის ფასი ვიდეოს გადაღებით 60 ლარია, ვიდეოს გარეშე კი 50 ლარი. გარდა ამ ადგილებისა, სურვილისამებრ, ფრენები ხორციელდება ყაზბეგში, გუდაურში, სიღნაღში, სვანეთში, თიანეთში, საქართველოს ზღვისპირა რაიონებსა და სხვა რეგიონებში.
ჯომარდობა (რაფტინგი) - ზაფხულში მეტად პოპულარულია ექსტრემალური გართობა - ჯომარდობა. დასვენების ეს ექსტრემალური სახეობა პოპულარული 1970-იან წლებიდან ხდება. ჯომარდობისთვის გამოიყენება გასაბერი ნავი, რომლითაც დაშვება როგორც წესი, სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე ხდება. ფასები კი განსხვავდება მდინარის სირთულის მიხედვით. ფშავში, ბორჯომსა და ფასანაურში - 2-3 სირთულის კატეგორიის ჯომარდობა ერთი ადამიანზე 40 ლარი ღირს. ხოლო რიონზე დაშვებისთვის აუცილებელია საჯომარდო გამოცდილება, დამწყებები ამ ტურზე არ დაიშვებიან და 80 ლარი ღირს.
ატრაქციონი - ექსტრემალური ატრაქციონების მოყვარულებისთვის ექსტრემალურ ატრაქციონებს საქართველოში რამდენიმე პარკი სთავაზობს. ერთია ურეკსა და ქობულეთს შორის მდებარე პარკი "ციცინათელა", სადაც რამდენიმე "საშიში" ატრაქციონია. წარმოგიდგენთ რამდენიმე ატრაქციონის ფასს, "კამიკაძე" - 7 ლარი ღირს, "ბუსტერი" - 10 ლარი, სწრაფი ვარდნა - 6 ლარი, "როლერ კოსტერი" - 10 ლარია. თბილისში მთაწმინდაზე მდებარე პარკში კი ფასები ასეთია - ამერიკული მთები - 10 ლარი, რაფტინგი - 5.5 ლარი.
ზღვის ექსტრემალური გართობები - საზღვაო კურორტებზე ჩასულ დამსვენებელს ექსტრემალური და აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის სანაპიროზე სხვადასხვა გასართობს სთავაზობენ. პლაჟზე მყოფი დამსვენებელი ძირითადად, საზღვაო ბანანით, რგოლებით, სკუტერებით და პარაშუტით გასეირნებას ირჩევს. ზღვაზე მაგალითად, ბათუმში პარაშუტით გასეირნება 80 ლარია, ქობულეთში 50 ლარადაც შეძლებთ პარაშუტით ფრენას. გარდა ამისა, სკუტერით სეირნობის საფასური 50 ლარია. ბანანით გასეირნება 5 ლარი ღირს, ხოლო წყლის რგოლებით სეირნობის საფასური 10 ლარია.
x-პარკი - ესაა ფშავში მდებარე თოკებისგან შექმნილი თანამედროვე სპორტული გასართობი სათავგადასავლო პარკი, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვისაა. შედარებით მარტივი ტრასის ფასი 20 ლარია, ხოლო რთული ტრასა კი 30 ლარი ღირს.
ოფროუდი - სპორტის ეს სახეობა საქართველოში დღითიდღე პოპულარული ხდება. ოფროუდი ავტომობილით ყველაზე რთული წინააღმდეგობის გადალახვას ნიშნავს. საქართველოში მსოფლიო დონის შეჯიბრებები იმართება, სადაც ქართველებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. გარდა ამისა, დროდადრო სამოყვარულო ოფროუდიც იმართება. ფასი და საწევრო დამოკიდებულია კონკრეტულ შეჯიბრებსა და გზებზე.