უფლებადამცველების მტკიცებით, H&M-ისა და Gap-ის აზიაში მდებარე ფაბრიკებში ქალები ძალადობის მსხვერპლნი არიან
მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებლები H&M და Gap Inc აზიაში მდებარე საკუთარ ფაბრიკაში გამოძიების ჩატარებას გეგმავენ. უფლებადამცველი ჯგუფების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აზიაში მდებარე H&M-ისა და Gap-ის ფაბრიკის თანამშრომლები სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების მსხვერპლნი პერმანენტულად ხდებიან.
ბანგლადეშში, კამბოჯაში, ინდოეთში, ინდონეზიასა და შრი ლაკნაში H&M-ისა და Gap-ის 53 ფაბრიკაში 550 თანამშრომლის გამოკითხვის შედეგად, უფლებადამცველებმა აღმოაჩინეს, რომ ქალები ძალადობის ყოველდღიური რისკის ქვეშ არიან. უფლებადამცვლების განმარტებით, ამ ქალებს შურისძიებით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი ძალადობის შესახებ განაცხადებენ. ინფორმაციას "ალჯაზირა" ავრცელებს.
უფლებაადმცველი ჯგუფები ფაბრიკებში გამოძიებასა და კვლევას რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებდნენ. აღნიშნული კვლევა აზიაში დასავლურ კომპანიებზე მომუშავე ადამიანების სამუშაო პირობების შემსუბუქებას და კომპანიების იძულებას ისახავს მიზნად, გააუმჯობესონ უსაფრთხოების ნორმები საკუთარ საწარმოებში.
პროდუქცია, რომელსაც აზიაში იაფი მუშახელი კერავს, საბოლოო ჯამში, 69 ქვეყანაში მდებარე H&M-ის 4 750 მაღაზიასა და 90 ქვეყანაში მდებარე Gap-ის 3700 მაღაზიში ხვდება.
ZARA-ს შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელის H&M-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ უკანასკნელი კვლევის შედეგებს გადახედავენ.
"ჩვენ გავივლით ანგარიშის ყველა ასპექტს და პროცესებს ყველა მწარმოებელ ქვეყანაში არსებულ ჩვენს ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად დავაკვირდებით"- განმარტა კომპანიის სპიკერმა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა და შევიწროება ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომელსაც H&M-ის გუნდი ატარებს.
ანგარიშს Gap-ის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ანგარიშის შედეგად გამოკვეთილი ამ შემაძრწუნებელი ფაქტებით შეშფოთებულები არიან.
"ჩვენი გლობალური ჯგუფი მოცემული მომენტისთვის გულდასმით სწავლობს საკითხს, რათა შესაბამისად მოხდეს აღნიშნული საკითხების გამოძიება"- განმარტა Gap-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.