შვედი სტუდენტი გოგონა, რომელმაც ავღანელი მამაკაცი "ჯოჯოხეთში" დეპორტაციას გადაარჩინა
ელინ ერსონი 21 წლისაა, სოციალური მუშაკია და 50 წლის მამაკაცი შვედეთიდან "ჯოჯოხეთში" დეპორტირებისგან გადაარჩინა.
"იმედი მაქვს, რომ ადამიანები დაიწყებენ კითხვების დასმას, თუ როგორ ექცევა მათი ქვეყანა ლტოლვილებს", - განაცხადა ელინ ერსონმა Guardian-თან საუბრისას, - "ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ ადამიანების დანახვა, რომელთა ცხოვრება ჩვენმა საიმიგრაციო პოლიტიკამ გაანადგურა".
გეტებორგის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ელინ ერსონმა ორშაბათ დილით თურქეთში გასაფრენად ბილეთები შეიძინა, მას შემდეგ, რაც მან და კიდევ ერთმა აქტივისტმა შეიტყვეს, რომ ამ თვითმფრინავით ახალგაზრდა ავღანელი მამაკაცის დეპორტირებას განახორციელებდნენ. ის ახალგაზრდა მამაკაცი თურქეთის ორშაბათი დილის რეისზე არ აღმოჩნდა, თუმცა თვითმფრინავში ასულმა ელინმა სხვა 50 წლის ავღანელი მამაკაცი აღმოაჩინა, რომელსაც ასევე თავის სამშობლოში ადეპორტებდნენ.
თვითმფრინავში ასვლისთანავე ერსონმა პირდაპირი ეთერი ჩართო და განაცხადა, რომ იქამდე არ დაიკავებდა თავის ადგილს, სანამ ავღანელ მამაკაცს თვითმფრინავიდან არ ჩაუშვებდნენ. ვიდეო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა და უკვე სამშაბათისთვის მას 4 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.
ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდა აქტივისტს, რომლის პროტესტმაც დანარჩენი მგზავრების მხრიდან როგორც თანაგრძნობა, ასევე მტრული დამოკიდებულებაც დაიმსახურა, ძალიან უჭირს გულგრილობის შენარჩუნება, -"მე არ მსურს, რომ ადამიანი გამოეთხოვოს თავის სიცოცხლეს მხოლოდ იმის გამო, რომ რეისის გაცდენა არ გსურთ",- მიმართა მან მგზავრებს, - "იქამდე არ დავჯდები, სანამ ეს მამაკაცი თვითმფრინავს არ დატოვებს".
ბორტგამცილებლის მრავლობით თხოვნაზე, შეეწყვიტა გადაღება, ერსონმა უპასუხა, რომ ის აკეთებს იმას, რაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
"იქამდე სანამ მგზავრი ფეხზე დგას პილოტს აფრენა არ შეუძლია. ერთადერთი რაც მსურს, რომ ამ ადამიანის დეპორტაცია შევაჩერო, ამის შემდეგ თქვენს ნებისმიერ წესს დავემორჩილები. ეს ყველაფერი იდეალურად ლეგალურია და დანაშაულს არ ჩავდივარ",- განმარტა თავისი პოზიცია ელინ ერსონმა და პროტესტის თავისი ფორმის ერთგული დარჩა, გაბრაზებულ მგზავრს, კი რომელიც ინგლისელი აღმოჩნდა და რომელსაც აქტივისტისთვის ტელეფონის წართმევა სურდა, ერსონმა კითხვით მიმართა: "რა უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანის სიცოცხლე თუ შენი დრო? მე მინდა, რომ ის თვითმფრინავიდან ჩავიდეს, რადგან ის ავღანეთში უსაფრთხოდ არ იქნება. მე ჩემს ქვეყანაში არსებული იმ წესების შეცვლას ვცდილობ, რომლებიც ძალიან არ მომწონს. სწორი არ არის ადამიანები ჯოჯოხეთში გაგზავნო".
დაძაბული დაპირისპირების შემდეგ, რა დროსაც აეროპორტის ადმინისტრაციამ ძალის გამოყენებაზე და ერსონის თვითმფრინავიდან ჩაყვანაზე უარი განაცხადა, ავღანელ მამაკაცს თვითმფრინავი დაატოვებინეს, ამ გადაწყვეტილებას კი მგზავრთა უმეტესობა მქუხარე ტაშით შეხვდა.
ერსონმა ბრიტანულ გამოცემა Guaredian-თან საუბარში ერსონმა აღნიშნა, რომ ის ლტოლვილთა ჯგუფებთან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა."ადამიანები ავღანეთში საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნებულები არ არიან. მათ ისიც კი არ იციან მომდევნო დღეს ცოცხლები იქნებიან თუ არა. იმ დროის განმავლობაში, როცა ავღანეთიდან გამოქცეულ ადამიანებს ვხდებოდი, მათთან ვმუშაობდი და მათ ისტორიებს ვისმენდი, სულ უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ავღანეთში არც ერთი ადამიანის დეპორტირება არ უნდა მოხდეს, რადგან ეს არ არის უსაფრთხო ადგილი. ვფიქრობ რომ ლტოლვილებს უკეთესად შეგვიძლია მოვექცეთ, განსაკუთრებით ისეთ მდიდარ ქვეყანას, როგორიც შვედეთია",
- აღნიშნა ერსონმა.
იმ დროს, როდესაც შვედეთი სექტემბერში ჩანიშნული საყოველთაო არჩევნების სამზადისშია, ქვეყნის მემარცხენე ცენტრისტული კოალიციური ხელისუფლება იმ თავშესაფრის მაძიებლების დეპორტირებას განაგრძობს, რომელთა განაცხადიც არ დაკმაყოფილდა.
"თუ უარი მიიღე, სამშობლოში უნდა დაბრუნდე - სხვაგვარად ჩვენ ქმედითი საიმიგრაციო სისტემა არ გვექნება"- განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენიმ ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც უზბეკი თავშესაფრის მაძიებელი, რომელსაც თავშესაფრის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა, სტოკჰოლმში სატვირთო მანქანით ხალხში შევარდა და 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის იანვარში ავღანეთში თალიბების ძალადობრივი ქმედებები გააქტიურდა, შვედეთმა თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაცია დროებით შეაჩერა, თუმცა შვედეთის საიმიგრაციო საბჭო თავისი შეფასების ერთგული დარჩა, რომლის მიხედვითაც ავღანეთი უსაფრთხო მიმართულებაა ლტოლვილებისთვის, რომელთა თხოვნა თავშესაფრის მიღებაზე არ დაკმაყოფილდა. ერთ-ერთ თავის შეფასებაში შვედეთის საიმიგრაციო საბჭომ აღნიშნა, რომ თალიბანის თავდასხმები, როგორც წესი სამხედროებისა და უცხოელების წინააღმდეგ ხორციელდება და მათი სამიზნე ადგილობრივი მოსახლეობა იშვიათად ხდება. ფაქტზე კი, როდესაც იანვარში ქაბულში მომხდარ აფეთქებას 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლმა, საბჭომ განაცხადა, რომ დადასტურებული არ არის, ტერორისტების სამიზნე უშუალოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო თუ არა.
გასულ წელს სასაზღვრო პოლიციამ 12 500 ლტოლვილის დეპორტაცია განახორციელა, მიმდინარე წლის მონაცემები კი ამ რიცხვს უკვე აღემატება.
შვედეთის დასავლეთ რეგიონის პოლიციის პრესსპიკერის განმარტებით, ზოგადად თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, თუ მსგავს საპროტესტო აქციებს არ ჩავთვლით, როგორც ერსონმა მოაწყო, ზოგჯერ პროტესტს თავად ლტოლვილებიც გამოთქვამენ.
პრესსპიკერის განმარტებით, ერსონის ქმედება სისხლის სამართლის არა, მაგრამ ადმინისტრაციული სამართლის საქმე ნამდვილად არის, და თუ ავიაკომპანია ან მგზავრები მას უჩივლებდნენ, ერსონს მნიშვნელოვანი ჯარიმის გადახდა მოუწევდა.
Guardian-ის ინფორმაციით, ახალგზარდა მამაკაცის, რომელიც ორშაბათის დილის თურქეთის რეისით უნდა გაეგზავნათ სამშობლოში და იმ 50 წლის მამაკაცის ბედი, რომელიც ერსონის მოთხოვნით თვითმფრინავიდან ჩაიყვანეს, ამჟამად უცნობია. სავარაუდოდ მათ დეპორტაციას კვლავ შეეცდებიან შესაბამისი ტრანსპორტის გამოჩენისთანავე.
"აი, ასე მუშაობს დეპორტაცია შვედეთში - ადამიანებს, რომლებსაც სამშობლოში აბრუნებენ, არაფერი იციან, მათ ოჯახის წევრებთან და იურისტებთან დაკავშირებაც კი არ შეუძლიათ. ჩემი საბოლოო მიზანი ავღანეთში დეპორტაციის დასრულებაა",- განაცხადა ელინ ერსონმა.