ამერიკის ისტორიაში ყველაზე საშიში ქალი, რომელიც 23 წელი კარანტინში ჰყავდათ - "ტიფიანი მერის" ტრაგიკული ისტორია
სამწუხაროდ, ადამიანური ცხოვრება ისეა მოწყობილი (თუ მოუწყობელი), რომ ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ყოველ ნაბიჯზე ემუქრება საფრთხე. ის ხან კორონავირუსის სახეს იღებს, ხან "ესპანური გრიპის" ან სხვა რომელიმე გამოუცნობი სენისას. ასეთთა რიგშია ტიფიც, რომელმაც მილიონ ადამიანზე მეტი შეიწირა. მართალია, ქვემოთ მოთხრობილი ამბიდან 100 წელიწადზე მეტია გასული, მაგრამ ეს ნიშანდობლივი ისტორიაა იმ არსებით საკითხთან დაკავშირებით, თუ სად გადის ზღვარი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვასა და თითოეული მოქალაქის თავისუფლების შეზღუდვას შორის...
ირლანდიელი მერი მალონი 1884 წელს აშშ-ში წავიდა ემიგრანტად. მაშინ ის 15 წლის იყო. ჯერ ნათესავებთან ცხოვრობდა, შემდეგ მზარეულად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მის ჩასვლას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. "ტიფიანი მერი" ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდათ კარანტინში გამოკეტილი, მისი ისე ეშინოდათ. "ჭლექით დაავადებული მამაკაცები ჩემს დანახვაზე შორს იწევდნენ და ამბობდნენ: აი, ის საზიზღარი ქალი!" - წერდა თავის დღიურში საავადმყოფოში, იზოლაციაში მოქცეული მერი.
"ტიფით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია ასობით ჯანმრთელი დააავადოს, დააბინძუროს წყალი, რძე, ტანსაცმელი", - წერდა იმ დროის პოლონელი ექიმი ანტონი პულავსკი. მართლაც, ხშირად საკმარისი იყო ერთი ყლუპი წყლის ან რაიმე სხვა სითხის დალევა, რომ ადამიანს დაწყებოდა თავის ტკივილი, ასწეოდა ტემპერატურა, აშლოდა კუჭი და გამოსჩენოდა სხვა სიმპტომები. ტიფზე აცრები მხოლოდ 1921 წელს დაიწყეს, ლვოვის უნივერსიტეტის პროფესორ სტეფან ვეიგელის გამოგონებითა და ინიციატივით. როგორც ახლა ანგარიშობენ, იმ დროისთვის სხვადასხვა სახის ტიფით მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი იყო დაღუპული.
სწორედ ზემოთ ნახსენები მზარეული მერი მალორი გახდა ის ადამიანი, ვინც ხელი შეუწყო ტიფის გავრცელებას. ის 1908 წელს ნიუ-იორკში "ნულოვან პაციენტად" მიიჩნიეს. ბოლოს მთელი 23 წლის განმავლობაში კარანტინში, საზოგადოებისაგან იზოლირებული ჰყავდათ...
1900 წელს მერი შეძლებულმა ოჯახმა ქალაქ მამარონეკიდან, ნიუ-იორკის შტატში, მზარეულად აიყვანა. შვებულების პერიოდში ოჯახი ზღვის პირას სახლს ქირაობდა და რამდენიმე ხანს იქ ატარებდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სახლს სტუმრობდა, ათი დღის შემდეგ ტიფის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. მუშაობის სულ რაღაც ორი კვირის განმავლობაში ქალაქში მუცლის ტიფით დაავადებული რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა.
1901 წელს მერი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე კვლავ შეძლებულ ოჯახში იყო მზარეულად. აქ მან თერთმეტ თვეს დაყო. 1902 წლის ბოლოს ოჯახში მომუშავე სხვა მოსამსახურე, მრეცხავი, საავადმყოფოში აღმოჩნდა ტიფის დიაგნოზით და გარდაიცვალა.
ამავე, 1902 წელს მერი გოლდმან დრაიტონმა აიყვანა სამუშაოდ. ორი კვირაც არ იყო გასული, რომ მას ტიფის პირველი ნიშნები აღმოაჩნდა. რამდენიმე დღის შემდეგ ტიფი კიდევ ორ სხვა ადამიანს გაუჩნდა. სულ ოჯახის რვიდან წევრიდან შვიდი დაავადდა ტიფით.
1904 წელს საშუამავლო დამსაქმებელმა ბიურომ წარმატებული ადვოკატის, ჰენრი გილსის ოჯახს ახალი მოსამსახურე გაუგზავნა - მერი მალონი. ერთი კვირაში ტიფით დაავადდა მრეცხავი, სამი კვირაში კი ყველა მოსამსახურე. ოჯახის წევრები ჯანმრთელად იყვნენ, ალბათ იმიტომ, რომ სხვა სახლში ცხოვრობდნენ.
1906 წლის აგვისტოში მალონი მდიდარი ნიუიორკელი ბანკირის, ჩარლზ უორენის მოსამსახურე გახდა მის მიერ დაქირავებულ საზაფხულო სახლში. 27 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე 11-კაციან ოჯახში ექვსი წევრი მუცლის ტიფით დასნეულდა.
მზარეულის დათხოვნის შემდეგ სახლის მესაკუთრე ჯორჯ ტომპსონმა, იმის შიშით, რომ სახლს აღარავინ დაიქირავებდა, რაკი ხმა გავარდა იქ ტიფის გავრცელების შესახებ, რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტი დაიქირავა. მათ სინჯები აიღეს მილებიდან, ონკანებიდან, საპირფარეშოებიდან, მაგრამ მუცლის ტიფის გამოწვევები არსად არ აღმოჩნდა. სანიტარიული ინსპექტორ-გამომძიებელი ჯორჯ სოპერი პირველი არ იყო მათ შორის, ვინც ამ საქმეს სწავლობდა, თუმცა ახალგაზრდა კაცმა პირველმა გააკეთა დასკვნა მალონის კავშირზე ტიფით დაავადების ფაქტებთან.
წლის ბოლოს მზარეული მერი უკვე უოლტერ ბოუენის ოჯახში მუშაობდა, ნიუ-იორკის პრესტიჟულ ზედა ისტ-საიდში. 1907 წლის 23 იანვარს ავად გახდა მოსამსახურე ქალი, რამდენიმე დღეში კი მუცლის ტიფით დაავადდა უოლტერის ცხრა წლის ქალიშვილი და დაიღუპა კიდეც.
როდესაც სოპერი ბოუენების სახლში მივიდა, მან უპირველეს ყოვლისა, მერის სთხოვა შარდისა და სხვა შესაბამისი ანალიზის გაკეთება. როცა ინსპექტორმა ქალს განუცხადა, რომ ის დაავადების გამავრცელებელია, გაცეცხლებული ქალი ჩანგლით დაემუქრა.
წლების შემდეგ ნიუ-იორკის სამედიცინო აკადემიის თხოვნით, ჯორჯ სოპერმა თავის ესეში "ტიფის გამავრცელებელი მერის საინტერესო საქმე" აღწერა მალონთან თავისი პირველი შეხვედრა: "მერი მალონი პირველად 32 წლის წინ, ანუ 1907 წელს ვნახე. ის მაშინ დაახლოებით 40 წლისა იყო. გამრჯეობითა და ამტანიანობით გამოირჩეოდა, საკმაოდ ბევრს ვარჯიშობდა ფიზიკურადაც. დიდი ტემპერამენტის პატრონი გახლდათ".
ცოტა ხანში სანიტარიული ინსპექტორი კვლავ მივიდა მალონთან და კვლავ შეატყობინა, რომ შესაძლოა ის ამ მომაკვდინებელი სენის მატარებელია. "მერიმ ყველანაირად უარყო, რომ რამე იცოდა ტიფთან დაკავშირებით, - წერდა სოპერი 1939 წელს, -მან განაცხადა, რომ ტიფი არასოდეს ჰქონია და არც არავინ დაუსნეულებია. იქ, სადაც ის იყო ხოლმე, ტიფი იმაზე მეტად არ ყოფილა გავრცელებული, ვიდრე სადმე სხვაგან და რომ არც არასოდეს ის ამაში არავის არ დაუდანაშაულებია", - ამ სიტყვების შემდეგ მერიმ კვლავ შეუტია სოპერს, ამჯერად უკვე დანით.
ამის შემდეგ ჯორჯ სოპერი მერი მალონის მოსანახულებლად უკვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად მივიდა, სასწრაფო დახმარების მანქანით. ისინი კარგა ხანს ეძებდნენ დამალულს. ის კარადაში იჯდა, მისი კაბის კალთა კარებს შორის იყო მოყოლილი. მზარეული ჰოსპიტალში წაიყვანეს და იძულებით გამოკეტეს კარანტინში.
"ქალი, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, გვეწინააღმდეგებოდა, ხელიდან დასხლტომას ლამობდა, - იხსენებდა სოპერი, - შევეცადე კარგად ამეხსნა, რომ მხოლოდ ანალიზის აღება გვინდოდა და შემდეგ შეეძლო სახლში დაბრუნება. მაგრამ მაინც განაგრძობდა ურჩობას. ისღა დამრჩენოდა, პოლიციელებისთვის მეთხოვა მანქანაში მისი ძალით ჩასმა".
ფოტო: კოტეჯი, რომელშიც მერი მალონი მეორე, სამუდამო კარანტინში ცხოვრობდა სოპერს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ასახსნელად -როგორც ჯანმრთელობის დაცვის მუშაკთათვის, ისე საზოგადოებისთვის და მით უფრო, თვით მერისთვის, რომ იგი სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა. იმ ეპოქაში კონცეფციას "სენის ჯანმრთელი მატარებლის" შესახებ არათუ ფართო საზოგადოება, არამედ მედიცინის მუშაკებიც არ იცნობდნენ. ამ ამბებიდან რამდენიმე წლის შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, რომ მერი ერთ-ერთი იყო იმ ათასობით ადამიანიდან, ვინც მის მსგავსად ჯანმრთელი კი იყო, მაგრამ სენს ატარებდა და ჩრდილოეთ ამერიკაში ავრცელებდა.
"ტუალეტში შესვლისას ბაცილები, რომლებიც შენს სხეულზე არიან, ხელზე გადადის, ხოლო როცა სამზარეულოში საკვებს ამზადებ, ისინი საჭმელში ხვდებიან, - უხსნიდა ამ ყველაფერს სოპერი მერის, არკვევდა ტიფის გავრცელების საკითხში, - ისინი, ვინც შენს მომზადებულ სადილს მიირთმევს, ეხებიან ბაცილებს და ინფიცირდებიან. შენ რომ ტუალეტიდან გამოსვლისას და საჭმლის მომზადებამდე ხელები დაგებანა, ამ ყველაფერს თავიდან ავიცილებდით. არ იბან ხელებს საკმარისად ხშირად".
ინსპექტორის ახსნა-განმარტებებს სრულიადაც არ უმოქმედია მერიზე, რომელიც თავს კვლავაც დაზარალებულად მიიჩნევდა. თუმცა, არგუმენტი საკმარისი იყო საიმისოდ, რომ იზოლაციაში მოექციათ და კვლევის ობიექტად ექციათ.
მზარეული თავდაპირველად დაადანაშაულეს 23 ადამიანის დასნებოვნებაში, რომელთაგანაც სულ მცირე 3 გარდაიცვალა. მის დაკავებაზე წერდა ყველა მეტ-ნაკლებად გავლენიანი გაზეთი. თავდაპირველად მერის თავისი ნამდვილი სახელითა და გვარით არ იხსენიებდნენ. ხმარობდნენ ფსევდონიმს, ისეთს, როგორიცაა ვთქვათ, "სნეულებიანი ქალი". მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაჩნდა მის დასახასიათებლად ახალი ფრაზა, რომელიც ამერიკელებს მრავალი წლის განმავლობაში არ დავიწყებიათ: ყველაზე საშიში ქალი ამერიკაში.
დაპატიმრებულ მერის ექიმები სთავაზობდნენ ნაღვლის ბუშტის ამოჭრას, რაც თავიდან აარიდებდათ სენის გავრცელებას. როცა მალონმა ეს კატეგორიულად უარყო, ის კუნძულ ნორთ-ბრაზერზე გადაასახლეს, სადაც ყვავილისა და სხვა საკარანტინო სნეულებათა სამკურნალო რივერსაიდის ჰოსპიტალი მდებარეობდა. ერთგვარი პარადოქსი იყო: დააპატიმრეს ქალი, რომელსაც არასოდეს დანაშაული არ ჩაუდენია, არასოდეს არ ყოფილა დაკითხული და ადვოკატიც არ ჰყოლია.
საავადმყოფო და კუნძულიც უკვე მაშინ იყო ლეგენდების საბურველში გახვეული. ნორთ-ბრაზერის ნაპირთან ახლოს 1904 წელს კატასტროფაში მოხვდა თბომავალი "გენერალი სლოკამი", რომლის ბორტზე მყოფი 1342 ადამიანიდან 1021 დაიღუპა. კუნძულს ზოგჯერ ნიუ-იორკის ყველაზე მომნუსხველ ადგილადაც მოიხსენიებდნენ... მერი თავდაპირველად იქ მდებარე პავილიონში მოათავსეს 27 თვით. იქ მერი მანამდე იმყოფებოდა, ვიდრე ერთ-ერთი მისი თხოვნის წერილი ცნობილ ამერიკელ ადვოკატ ფრენსის ო"ნილს არ ჩაუვარდა ხელში.
2 წლის იძულებითი იზოლაციის შემდეგ, მალონი ნიუ-იორკში წაიყვანეს სასამართლოს წინაშე წარსადგომად. თუმცა მისი საჩივარი არ მიიღეს, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საქმე დახურა. ქალი ჩიოდა, რომ ისე ექცეოდნენ, როგორც ზღვის გოჭს. კუნძული მალონმა 1910 წელს დატოვა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით. ოღონდ იმ პირობით, რომ აღარასოდეს დაუბრუნდებოდა მზარეულობას, არავის მოუმზადებდა სადილს, თანაც ვალდებულებას იღებდა, დეპარტამენტში სამ თვეში ერთხელ გამოცხადებულიყო. სპეციალისტებს მიაჩნდათ, კუნძულზე იძულებით იზოლირებულ მერის უკვე გასიგრძეგანებული ექნებოდა მისგან მომავალი საფრთხის სერიოზულობა.
მთელი 5 წლით მერი თვალთახედვიდან დაიკარგა, სანამ მანჰეტენზე მდებარე სლოუნის სამშობიარო ჰოსპიტალში კვლავ ტიფმა არ იჩინა თავი. მაშინ იქ 25 ადამიანი დასნეულდა, რომელთაგან 2 გარდაიცვალა. მთავარმა მეანმა ჯორჯ სოპერს სთხოვა დახმარება, რომელსაც ეცნო მოსამსახურეთა მიერ მერის აღწერილობები, აგრეთვე მისი წერილების ხელწერა. ქალი ჰოსპიტალის სამზარეულოში ნახეს, ახალი გვარით -მერი ბრაუნი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ფსევდონიმი იყო, რომლითაც კუნძულიდან გათავისუფლების შემდეგ მუშაობდა. იგი სადილს ამზადებდა რესტორანში საუთჰემპტონში, ასევე რესტორანში ბროდვეიზე, სანატორიუმში ნიუ-ჯერსიში და სხვ. გამომძიებელთან ის კვლავ ჯიუტად იმეორებდა, რომ არავის დასნებოვნების მიზეზი არ ყოფილა.
რატომ დაუბრუნდა "ტიფიანი მერი" მზარეულობას? მრეცხავს კვირაში 20 დოლარს უხდიდნენ, ხოლო მზარეულს - 50-ს. ამასთან, მერიმ ხელი გაიჭრა და ექვსი თვეს ვერ მუშაობდა. მოკლედ, რამდენიმე წლის წვალების შემდეგ ის მზარეულობას დაუბრუნდა. მეტი შემოსავლის გარდა, ეს სამუშაო ნაკლებ დამღლელიც იყო, ვიდრე დამლაგებლობა ან მრეცხაობა.
მოკლედ, 1915 წელს მალონი კვლავ დააკავეს. ამჯერად მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამას სოპერი იმით ხსნიდა, რომ მერიმ ისწავლა, უფრო მეტად დაჰყოლოდა სხვის ნებას, ვიდრე საკუთარს. მერი კარანტინში ჩასვეს სიცოცხლის ბოლომდე იქ, სადაც ადრე უკვე იყო -კუნძულ ნორთ-ბრაზერზე, რივერსაიდში. "ავადმყოფი მამაკაცები თვალს მომკრავენ თუ არა, მერიდებიან და ამბობენ: აი, ისიც, მკვლელი ქალი", -წერდა წერილებში.
ფოტო: მერი მალონი (მარჯვნივ) მეცნიერ ემა შერმანთან ერთად ნორთ-ბრაზერის კუნძულზე (1932 წ.) 1918 წელს მალონს მატერიკზე ერთდღიანი მგზავრობის ნება დართეს და სანიტრის სამუშაო მისცეს. იმავე წელს ნიუ-იორკის მესვეურებმა დაიწყეს სუბსიდიის მიცემა გამოვლენილი უსიმპტომო ტიფის მატარებლებისთვის, მათ ეხმარებოდნენ სამსახურში მოწყობაში, ოღონდ არასაკვებ სექტორში. 1925 წელს ნორთ-ბრაზერის კლინიკაში ინტერნატურის გასავლელად ჩავიდა დოქტორი ალექსანდრა პლავსკა. მან იქვე მოაწყო პატარა ლაბორატორია და მერი ლაბორანტად აიყვანა. მალონი არა მარტო სინჯარებს რეცხავდა, არამედ აწარმოებდა სამეცნიერო პროცედურების აღრიცხვას, პათოლოგანატომებისთვის ამზადებდა ნიმუშებს.
მერი 1938 წელს გარდაიცვალა კუნძულზე 69 წლის ასაკში, თავის პავილიონში გატარებული 23 წლის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში მას არც ერთხელ არ უცდია გაქცევა.
მალონის მიერ დაავადებულთა და მათ შორის, დაღუპულთა კონკრეტული რიცხვი ძნელი დასაანგარიშებელია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, სახელსა და გვარს, პოლიციასთან არ თანამშრომლობდა და ექიმებს გაურბოდა. ოფიციალურად კი აბრალებენ 53 ადამიანის ინფიცირებას, რომელთაგან 3 გარდაიცვალა.
როგორც თავის ესეში აღნიშნავს სოპერი, XX საუკუნის პირველ ნახევარში ამ სენის ჯანმრთელი მატარებელი კიდევ ბევრი იყო, მთელ ამერიკაში ალბათ რამდენიმე ათასამდე. მათმა უმრავლესობამ, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ცნობილი იყო, მხოლოდ რამდენიმეკვირიანი კარანტინი გაიარა.
მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა ჟურნალი "ისტორიანი" #114