მოქმედებს თუ არა მზეზე მიმდინარე პროცესები ადამიანის ჯანმრთელობაზე - კითხვას NASA-ს მეცნიერები პასუხობენ
ალბათ, არასდროს გიფიქრიათ, რომ დიდი ომების, ეპიდემიების, ადამიანების ფსიქიკური პრობლემებისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევ მიზეზად შეიძლება, მზეზე აფეთქების შედეგად წარმოქნილი ქარიშხლები იქცეს. თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, საკითხის ასე დაყენებაც შეიძლება.
ცოტა ხნის წინ, თბილისს NASA-სა და ევროპის წამყვანი მეცნიერები ეწვივნენ და აბასთუმნის ობსერვატორიის ასტროფიზიკოს, თემურ ზაქარაშვილთან, ასევე სხვა მკვლევარებთან ერთად, მზეზე მიმდინარე პროცესების დედამიწაზე ზეგავლენა განიხილეს.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მზეზე აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მაგნიტური ქარიშხლები ატმოსფეროზე, დედამიწაზე არსებულ კომუნიკაციებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს ზეგავლენას.
NASA-ს მეცნიერი, ლეონ ოფმენი მზის სისტემის მკვლევარია. ამბობს, რომ მზე რამდენადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმდენად მავნე შეიძლება, იყოს დედამიწის საკომუნიკაციო სისტემებისთვის, თუმცა ადამიანების ჩარევით ამის გამოსწორება შესაძლებელია.
"მზეს აქვს თერთმეწლიანი ციკლი, რომლის დროსაც მომხდარი აფეთქებები პლაზმის გამოსხივებას იწვევს. ქარიშხლები საშიშია კოსმოსური თანამგზავრებისთვის, რადგან მათ დაზიანებას შეუძლია, დედამიწის საკომუნიკაციო სისტემებზე ზეგავლენა მოხდინოს. ასევე რადიაციამ შეიძლება, იმოქმედოს იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც განსაკუთრებით მაღალ ფენებში განედებში დაფრინავენ; უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს კოსმოსურ ტექნოლოგიებზე; GPS-ებზე; ამინდის პროგნოზირებისთვის განკუთვნილ თანამგზავრებზე; ინტერნეტზე - ყველა ეს ტექნოლოგია, შესაძლებელია, მზის ქარიშხლებისგან განადგურდეს.
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, მზეზე მიმდინარე ამოფრქვევებისა და მაგნიტური ქარიშხლების დრო ვიცოდეთ, რათა ტექნოლოგიური აქტივობები შევცვალოთ. მაგალითად, დაზიანების თავიდან ასაცილებლად თანამგზავრები გამოვრთოთ ან მიმართულება შევუცვალოთ," - განმარტავს NASA-ს მეცნიერი.
ქარიშხლების ადამიანზე ზემოქმედების შესახებ საუბრისას აბასთუმნის ობსერვატორიის მკვლევარი, თემურ ზაქარაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მეცნიერებს კონკრეტული დასკვნები არ დაუდიათ, თუმცა დაკვირვების შედეგად საფუძვლიანი ეჭვები არსებობს.
"ეს ქარიშხლები ადამიანთა ჯანმრთელობაზე მოქმედებენ, თუმცა ამ პროცესების დედამიწასა და ადამიანზე ზეგავლენა ჯერ კიდევ შეუსწავლელია. მე შემიძლია ვთქვა, რომ წარმოქმნილი ქარიშხლები შეიძლება მოქმედებდნენ ადამიანებზე, რომლებსაც გულსისხლძარღვთა პრობლემები აქვთ. არსებობს მოსაზრება, რომ ქარიშხლების შედეგად ეს დაავადება კიდევ უფრო რთულდება. მაგნიტურმა ქარიშხლებმა შეიძლება, ფისიქიკური პრობლემის გამწვავებაც გამოიწვიოს. გრძელვადიანი კვლევები აჩვენებენ, რომ დიდი ომები, დიდი ეპიდემიები, რაღაცნაირად, დაკავშირებულია მზის აქტივობასთან. როგორც ვთქვი, ეს შეუსწავლელია, მაგრამ პირველადი მონაცემები აჩვენებენ, რომ შეიძლება, მზე ამ მიმართულებით მართლაც მოქმედებდეს. ეს როგორ ხდება, საბოლოოდ დადგენილი არ არის," - განმარტავს პროფესორი.
მაგნიტურ ქარიშხლებს დედამიწაზე კონკრეტული ადგილები არჩეული არ აქვს, ისინი შეიძლება, ყველგან გააქტიურდნენ, - "მაგნიტური ქარიშხლები ხშირად წარმოიქმნება პოლუსებთანაც და შიდა განედებზეც. ტერიტორიებში ძალიან დიდი განსხვავება არ არის, რადგან ყველგან შეიძლება ასეთი რამ მოხდეს," - დასძენს თემურ ზაქარაშვილი.
NASA-ს მეცნიერი უფრო მწვავედ მაინც კომუნიკაციებზე ზემოქმედების საკითხს სვამს. ლეონ ოფმენის თქმით, თანამგზავრების პირდაპირ მზისგან დაცვა შეუძლებელია, თუმცა მაგნიტური ქარიშხლის პერიოდების ამოცნობის შემთხვევაში, მეცნიერებს შეუძლიათ, თანამგზავრებს მიმართულება შეუცვალონ.
"თანამგზავრები, რომლებიც NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოების მიერაა გაგზავნილი ზომავენ და აკვირდებიან მზეზე მიმდინარე პროცესებს და ამის საფუძველზე პროგნოზირებენ, მზეზე მიმდინარე ამოფრქვევები დედამიწაზე რა ზეგავლენას მოახდენს. ამ ინფორმაციის მიღება დედამიწიდან დაკვირვების შედეგად შეუძლებელია, რადგან ატმოსფერო მზიდან წამოსული რადიაციის დიდ ნაწილს ბლოკავს, შესაბამისად, მზეზე მიმდინარე პროცესებს თანამგზავრების მეშვეობით ვაკვირდებით," - განმარტავს მკვლევარი.
NASA-ს მეცნიერი მიიჩნევს, რომ გაუმჯობესებული ტექნიკური საშუალებებისა და პროგნოზის მიუხედავად, ხანდახან მზეზე ამოფრქვევის შედეგების შემხვედრი ღონისძიებების გატარება შეუძლებელია.
"ხანდახან ვხედავთ ამოფრქვევას, მაგრამ ზოგჯერ ის ტრაექტორიას იცვლის. ამ მხრივ ჩვენ ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება გვესაჭიროება, რადგან, როდესაც ასეთი გაუთვალისწინებელი ფაქტები ხდება, არ ვიცით, ისინი სივრცეზე რა ზეგავლენას მოახდენენ," - დასძენს ლეონ ოფმენი.
ქართველი მეცნიერი, თემურ ზაქარაშვილი მაგნიტური ქარიშხლის ყველაზე მასშტაბურ შედეგს იხსენებს. ასეთი ფაქტი ორი წლის წინ მოხდა, - "მზეზე ძალიან დიდი ამოფრქვევა იყო, რამაც ბევრი დაზიანება გამოიწვია. მსგავსი ფაქტები ახლაც ხდება, მაგრამ ასეთ დონეზე არ არის, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ამოფრქვევების შესახებ უკვე ვიცით და შესაბამისად ვემზადებით," - აღნიშნავს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი.
რთული სათქმელია, რომელი თვითმფრინავი ან თანამგზავრი გამოსულა მწყობრიდან მზეზე მომხდარი აფეთქების გამო, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები შეიძლება მოხდეს.