რამდენ ხანს უძლებს ადამიანის ორგანიზმი შიმშილს? - თემაზე თერაპევტი ხათუნა ლეჟავა საუბრობს
შიმშილი როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა ჩვენი პოლიტიკური რეალობისთვის უცხო ფენომენი არ არის. გარკვეული მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები მსგავსი სახის მანიპულაციას ხშირად მიმართავენ, საკვებზე უარს ამბობენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთადერთ საზრდოს, რასაც ორგანიზმს აწვდიან, წყალია.
Allnews.ge დაინტერესდა ჯანმრთელობის მხრივ რა კონკრეტულ სირთულეებს იწვევს შიმშილი და შიმშილობის დაწყებიდან რამდენი დღის შემდეგ დაიწყებს აღნიშნული პრობლემები გამოვლინებას? აღნიშნულ საკითხზე თერაპევტი ხათუნა ლეჟავა გვესაუბრა.
"ის თუ რამდენი ხანი შეძლებს ადამიანი შიმშილობას, ინდივიდუალურია, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჯანმრთელია ორგანიზმი. თუ რამე ქრონიკული დაავადება აქვს, ადამიანს შიმშილობის დროს ეს ყველაფერი გამწვავდება, და მდგომარეობა მალე დამძიმდება. თუ აბსოლუტურად ჯანმრთელია, არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა და არანაირი ქრონიკული დაავადება არ აქვს, შეიძლება რაღაც პერიოდი გაძლოს ორგანიზმმა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა 5 დღე ან ერთი კვირა არ დაიწყოს ის პროცესები, რაც, როგორც წესი, შიმშილობას მოჰყვება ხოლმე", - განმარტა თერაპევტმა.
ხათუნა ლეჟავას თქმით, ერთი კვირის შემდეგ ნივთიერებათა ცვლა მოიშლება და ინტოქსიკაციის პროცესი დაიწყება. ადამიანი იგრძნობს დაუძლურებას და თავის ტკივილს.
"შესაძლოა წნევა დაუვარდეს, შესაძლოა, პირიქით, არტერიულმა წნევამ მაღლა აიწიოს, თირკმელებს გაუჭირდება და, შესაძლოა, თირკმლის უკმარისობა განვითარდეს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ძალიან გაუჭირდება, ნაღვლის ბუშტს, პანკრეასს, ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ გართულებებთან არის დაკავშირებული. ამასთანავე ადამიანი შესაძლოა, ჰიპოგლიკემიაში ჩავარდეს, ანუ სისხლში შაქრის დონემ დაიწიოს"- აღნიშნა მედიკოსმა.
თერაპევტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შიმშილი თავის ტვინზე მოქმედებს და ნერვულ სისტემასაც აზიანებს."ეს სტრესია ორგანიზმისთვის, ამიტომ შესაძლოა აღგზნება წამოვიდეს, მერე ტვინისთვისაც შიმშილია, ამიტომ თუ ადამიანს რამე ქრონიკული პათოლოგია აქვს და წნევის ცვალებადობაც დაემატა, შესაძლოა პროცესები კიდევ უფრო გართულდეს და თავის ტვინის იშემია განვითარდეს, ანუ ინსულტი დაემართოს. გარდა ამისა, ის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს, ყველა ორგანოს მოაკლდება საკვები და ამ ფონზე პოლიორგანული უკმარისობა შესაძლოა წავიდეს და ყველა ორგანოს სასიცოცხლო ფუნქციას შეეხოს",- აღნიშნა ხათუნა ლეჟავამ.
მედიკოსის თქმით, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება შიმშილი სულ უფრო მეტ გართულებას გამოიწვევს.
რაც შეეხება მკურნალობას, თერაპევტის თქმით, პირველ რიგში გამოკვლევები ტარდება და იმის მიხედვით თუ რა დარღვევები დაფიქსირდება, უნდა დაიწყოს კორექცია, რაც ძირითადად ინტრავენური გადასხმების საშუალებით ხდება.
"ნელ-ნელა უნდა დაიწყოს საკვების მიღება, რადგან შიმშილს მიჩვეულ ორგანიზმს საკვები თანდათანობით უნდა მიაწოდო. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა უნდა აღდგეს, მიკროელემენტების რაოდენობა იქნება შეცვლილი და მათი დაკორექტირება გახდება აუცილებელი"- განმარტა ხათუნა ლეჟავამ და ამასთანავე აღნიშნა, რომ ორგანიზმისთვის მხოლოდ წყალზე ყოფნა და შიმშილი არ არის რეკომენდებული.