მედიკამენტებს სინამდვილეში ვადა არ გასდის - კვლევის შედეგები
ძლიერი თავის ტკივილისას მაშინვე მედიკამენტების ყუთს იღებთ და ასპირინის ძებნას იწყებთ, რომელსაც, საბოლოოდ აღმოაჩენთ, რომ უკვე ერთი წელია, ვადა გაუვიდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მედიკამენტი ვადაგასული და უვარგისია? მიიღებთ მას თუ თავს შეიკავებთ? თუ გადაწყვეტთ ამ ასპირინის მიღებას, იქნება თუ არა ეს ფატალური შეცდომა, თუ მაინც შეეცდებით, რომ თავის ტკივილს გაუძლოთ?
ასეთი დილემის წინაშე ადამიანი ერთხელ მაინც დგება. Psychopharmacology Today-ში გამოქვეყნებული სვეტი გარკვეულ რჩევებს გვთავაზობს.
როგორც აღმოჩნდა, მედიკამენტზე მითითეული მოქმედების ვადა გარკვეულ მიზანს ემსახურება, თუმცა არა იმას, რაც თქვენ გგონიათ. 1979 წელს აშშ-ში ამოქმედებული კანონის შედეგად, მედიკამენტების მწარმოებლებს პროდუქციაზე მოქმედების ვადის მითითება მოსთხოვეს. ეს არის ვადა, რომლის განმავლობაშიც მწარმოებელს შეუძლია მედიკამენტის სრულ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე გარანტიის მიცემა.
იმის დიდი ნაწილი, რაც მედიკამენტის მოქმედების ვადაზეა ცნობილი, სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციის მიერ სამხედროების თხოვნით ჩატარებულ კვლევას ეფუძნება. სამხედროებს მედიკამენტების მრავალფეროვანი და ძვირად ღირებული მარაგის მოშორება და მათი ახალი მედიკამენტებით ჩანაცვლება რამდენიმე წელში ერთხელ უხდებოდათ. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 100-ზე მეტი სახეობის მედიკამენტის 90% საუკეთესო მდგომარეობაში იყო მოქმედების ვადის გასვლიდან 15 წლის შემდეგაც კი.
ასე რომ, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მედიკამენტების მოქმედების ვადა, სინამდვილეში, არ განსაზღვრავს იმ კონკრეტულ დროს, რომლის შემდეგაც პრეპარატი ეფექტურობას კარგავს ან გამოყენებისთვის უსაფრთხო აღარ არის. მედიცინის სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ვადაგასული მედიკამენტები უსაფრთხოა, ისინიც კი, რომლებსაც მოქმედების ვადა რამდენიმე წელია, გაუვიდათ. იშვიათ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ტეტრაციკლინი, თუმცა მკვლევრები ამ საკითხზეც ვერ თანხმდებიან. სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, პრეპარატის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს, თუმცა ორიგინალური პოტენციალის დიდი ნაწილი მოქმედების ვადის გასვლიდან 10 წლის შემდეგაც ნარჩუნდება. ნიტროგლიცერინის, ინსულინისა და თხევადი ანტიბიოტიკების გამოკლებით, მედიკამენტების დიდი ნაწილი სწორედ იმდენ ხანს იქნება ვარგისი, როგორც ეს სამხედროების ინიციატივით ჩატარებულ კვლევაშია ნაჩვენები. პრეპარატების გრილ ადგილას მოთავსებით, მაგალითად მაცივარში, მისი ეფექტურობის ხანგრძლივობის გაზრდაა შესაძლებელი.
არის თუ არა მოქმედების ვადა მედიკამენტების მწარმოებლების მარკეტინგული ხრიკი, იმისთვის, რომ მედიკამენტების მარაგი მუდმივად განაახლოთ და შესაბამისად, მწარმოებლებს ამით მეტი მოგება მოუტანოთ? საკითხს ამ კუთხითაც შეგიძლიათ, შეხედოთ.
როდესაც მომავალში მედიკამენტის შეფუთვაზე მოქმედების ვადას წააწყდებით, გაითვალისწინეთ ის, რაც ჩვენი სტატიის მეშვეობით შეიტყვეთ. თუ კონკრეტული პრეპარატის მოქმედების ვადა რამდენიმე წლის წინ გავიდა და თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის 100 პროცენტით ეფექტური იყოს, სავარაუდოდ, მოისურვებთ, რომ ახალი მედიკამენტი შეიძინოთ. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ წამლის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ, მოურიდელად მიმართეთ ფარმაცევტს. ფარმაცევტი სანდო წყაროა, როდესაც თქვენი მედიკამენტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ.
წყარო: health.harvard.edu