ქვეყნები, რომელსაც მარიხუანა ექსპორტზე გააქვს - სად ხდება კანაფის ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოება
საქართველოს მთავრობა გამოდის ინციატივით, რომლის თანახმადაც საქართველოში ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის მარიხუანას ექსპორტის მიზნით მისი წარმოება უნდა დაიწყოს.
Allnews.ge დაინტერესდა, რომელ ქვეყნებშია ლეგალიზებული მარიხუანა, როგორც სამედიცინო, ასევე გართობის მიზნით, რომელ ქვეყნებშია დასაშვები მისი კულტივაცია, სად ხდება კანაფის ყველაზე დიდი რაოდენობის წარმოება და რომელ ქვეყნებს გააქვთ იგი ექსპორტზე.
მარიხუანას ლეგალურობის საკითხი სამედიცინო და გასართობი მიზნით მისი ფლობის, მოხმარების, დისტრიბუციისა და კულტივაციის მხრივ ქვეყნების მიხედვით იცვლება. ქვეყნების უმრავლესობაში აღნიშნული პოლიტიკა ნარკოტიკული საშუალებების გაეროს ერთიანი კონვენციით რეგულირდება, რომლის რატიფიცირებაც 1961 წელს მოხდა, მასთან ერთად 1971 წლის ფსიქოტროპული საშუალებების კონვენციითა და 1988 წლის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების არალეგალურ ბრუნვასთან ბრძოლის კონვენციით.
გართობის მიზნით მარიხუანას მოხმარება აკრძალულია ქვეყნების უმეტესობაში, თუმცა ბევრ სახელმწიფოში დეკრიმინალიზაციის პოლიტიკა მოქმედებს. აზიურ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტესობას გაცილებით უფრო მკაცრი სასჯელი აქვთ, სადაც მარიხუანას სულ მცირე დოზის ფლობისთვისაც კი ადამიანს რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ქვეყნები, სადაც გართობის მიზნით მარიხუანა ლეგალიზებულია, არის კანადა, საქართველო, ურუგვაი, ამერიკის 9 შტატი და კოლუმბიის ოლქი.ნიდერლანდებსა და ესპანეთში კი მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია და მისი გაყიდვა დასაშვებია მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებებში.
გაცილებით მრავალფეროვანია იმ ქვეყნები ჩამონათვალი, სადაც კანაფი სამედიცინო დანიშნულებით არის ლეგალიზებული.
ავსტრალია, არგენტინა, იამაიკა, კანადა, ჩილე, კოლუმბია, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, მაკედონია, მალტა, ნორვეგია, შვეიცარია, პორტუგალია, პერუ, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, გაერთიანებული სამეფო და ზიმბამბვე -
ის ქვეყნებია, სადაც სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია.
ფინეთში მარიხუანა სამედიცინო დანიშბულებით ლეგალურია მხოლოდ ლიცენზიით, კვიპროსზე კი მხოლოდ სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის სამკურნალო დანიშნულებით არის დასაშვები. დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც აღნიშნულ ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ, გაცილებით უფრო მკაცრი კანონი აქვთ, რომელიც მხოლოდ ზოგიერთი კანაბინოიდური ნარკოტიკების მოხმარების ნებას რთავს, როგორიც სატივექსი და მარინოლია.
ამერიკის 31 შტატსა და კოლუმბიის ოლქში მარიხუანას სამედიცინო მოხმარება ლეგალიზებულია, თუმცა ფედერალურ დონეზე მისი ნებისმიერი მიზნით მოხმარება აკრძალულია.რაც შეეხება იმას, თუ რომელ ქვეყნებშია ლეგალიზებული მარიხუანას კულტივაცია, მსგავსი ქვეყნები სულ თითზე ჩამოსათვლელია.
მაგალითად, ჩილეში ის ლეგალიზებულია, კოლუმბიაში პირადი მოხმარებისთვის 20 ძირი მარიხუანას კულტივაციაა ლეგალიზებული, თუმცა შეზღუდვა არ არსებობს მის სამედიცინო მიზნებისთვის მოყვანაზე. ურუგვაიში 6 ძირი მარიხუანას მოყვანა შეიძლება. კულტივაცია ასევე ლეგალიზებულია იამაიკაზე. დანარჩენ ქვეყნებში ის ან დეკრიმინალიზებულია ან ლეგალურია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის შესაბამისი ლიცენზიის ქონის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ მარიხუანას პლანტაციები არის ჩინეთშიც. რუსეთის მოსაზღვრე ხეილუნძიანის პროვინციაში ფერმერებს კანაფი ლეგალურად მოჰყავთ. ფერმერები მოსავლის აღების შემდეგ, ღეროს ქსოვილის ქარხანაში, მაღალი ხარისხის პროდუქციის მოსამზადებლად აბარებენ, მის ფოთლებს ფარმაცევტული კომპანიები ყიდულობენ, თესლს კი საკვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები იბარებენ.
როგორც გამოცემა South China Morning Post-ი წერს, მარიხუანა ნამდვილი მწვანე ოქროა ფერმერებისთვის. ერთი ჰექტარი მოსავლის გაყიდვით ფერმერი 1500 ამერიკულ დოლარს იღებს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე იმავე რაოდენობის, მაგალითად, სიმინდის გაყიდვისას მიღებული შემოსავალი.
გაეროს 2018 წლის ანგარიშის თანახმად, გაერთიანებული სამეფო მსოფლიოში ლეგალური კანაფის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა იყო 2016 წელს - წერს გამოცემა "ინდეფენდენთი".
"მხოლოდ 2016 წელს გაერთიანებულ სამეფოში სამედიცინო და სამეცნიერო გამოყენებისთვის 95 ტონა მარიხუანას წარმოება მოხდა, რაც ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო საბჭოს მიხედვით, ამ წელს მსოფლიოში წარმოებული მარიხუანას 44,9%-ს შეადგენდა. გაერთიანებული სამეფო მარიხუანას ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია. მან 2016 წელს სხვა ქვეყნებში გასაყიდად 2,1 ტონა მარიხუანა გაიტანა, რაც, უხეშად რომ ვთქვათ, მსოფლიოში ექსპორტზე გატანილი მარიხუანას 70%-ი იყო. ექსპორტის თვალსაზრისით მას მოჰყვებოდა ნიდერლანდები, რომელმაც 2016 წელს საზღვარგარეთ 0,5 ტონა მარიხუანა გაიტანა და ავსტრია, რომელმაც 0,2 ტონა კანაფის ექსპორტი ანახორციელა. ქვეყნებს შორის, რომლებმაც 0,1 ტონაზე ნაკლები მარიხუანას ექსპორტირება მოახდინა იყო დანია, გერმანია და კანადა.
BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების მთავარი მწარმოებელი იყო 2016 წელს. გამოცემის ცნობით, მედიკამენტი, რომელსაც ბრიტანეთში აწარმოებდნენ, სატივექსია. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განმარტებით, ქვეყანა არ ახორციელებს მარიხუანას ნედლი ფორმის ექსპორტს.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც მარიხუანას ექსპორტზე გატანა შეუძლია ურუგვაია. ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას ექსპორტირება შეიძლება, თუმცა გასართობი მიზნით მისი გაყიდვა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა დასაშვები - წერს საინფორმაციო სააგენტო "როიტერი". გამოცემის ცნობით, კანაფის საერთაშორისო კორპორაციამ (International Cannabis Corporation) ურუგვაიში მარიხუანა 233 ჰექტარზე მოიყვანა და 2018 წლის განმავლობაში წარმოებაში 10 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
"როიტერის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ავსტრალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებს, გახდეს მსოფლიოში კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც სამედიცინო მარიხუანის ექსპორტის ლეგალიზებას მოახდენს. "როიტერის"-ის ცნობით, მარიხუანას ექსპორტი ლეგალიზებულია ასევე კანადასა და ნიდერლანდებში.
გამოცემა BPN.GE-ის ცნობით, კანაფის ლეგალურად მწარმოებელმა კანადურმა კომპანია Aurora Cannabis Inc.-მა მისი კონკურენტი კომპანია MedReleaf Corp-ი შეიძინა. შესყიდვის ოდენობამ 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, შეთანხმების შედეგად Aurora Cannabis-ის აქციონერების საკუთრებაში გადადის გაერთიანებული კომპანიის 61%, ხოლო MedReleaf-ის აქციონერების საკუთრებაში დარჩება დანარჩენი 39%. ახალი ორგანიზაციის მფლობელობაში იქნება 29 საწარმო კანადაში და 2 დანიაში. შერწყმის შედეგად კი კომპანია შეძლებს წელიწადში 570 ათასი კილოგრამი კანაფის წარმოებას.
Aurora Cannabis და MedReleaf — კანადის ბაზარზე უმსხვილესი კომპანიებია. Bloomberg-ის მონაცემებით, Aurora-ს კაპიტალიზაცია შეადგენს 3,5 მილიარდ დოლარს, ხოლო MedReleaf-ის - 1,6 მილიარდს. გაფორმებული ხელშეკრულება კი გახდა ლეგალური კანაფის წარმოების ისტორიაში ყველაზე მსხვილი შეთანხმება. აღსანიშნავია, რომ კომპანიების გაერთიანება მოხდა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე კანადაში ძალაში შევა კანაფის ლეგალზიაცია ფედერალურ დონეზე. ეს კანონი 2018 წლის ივლისიდან ამოქმედდება. ხოლო სამედიცინო მარიხუანა ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მიიჩნევა 2013 წლიდან.
გამოცემა Global Trade მიმდინარე წლის ივლისში წერდა, რომ სამედიცინო მარიხუანას ექსპორტზე გატანა სურს იამაიკასაც, რომელიც გასაღების სავარაუდო ბაზრად ამერიკასა და კანადას მიიჩნევს. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ამერიკის 31 შტატში სამედიცინო მარიხუანა ლეგალიზებულია. იამაიკის სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის, თევზჭერისა და ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მარიხუანა სტიგმატიზებულია და სინამდვილეში მას უფრო მეტი დადებითი თვისებები აქვს ვიდრე უარყოფითი.
აშშ-ის საკონსულტაციო კომპანია Grand View Research-ის პროგნოზით, სამედიცინო კანაფის ბაზრის ღირებულება 2025 წლისთვის 55,8 მილიარდი დოლარი იქნება.რაც შეეხება მარიხუანას გამოყენებას სამედიცინო მიზნებით, ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძის განმარტებით, მარიხუანასგან დამზადებული პრეპარატები ძალიან ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის, ეპილეფსიის, დიაბეტის, პარკინსონის დროს და ა.შ.
"ძალიან კარგი იდეა და ინიციატივაა. თუ საქართველოში დაინერგება ამ პრეპარატების გამოყენება, ძალიან კარგი იქნება. უკვე რამდენიმე პრეპარატი არის რეგისტრირებული, რომელიც მარიხუანასგან მზადდება. არის პრეპარატები, რომლებიც დღესდღეობით კვლევაშია და ძალიან ბევრი ქვეყანა აწარმოებს კვლევებს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.
მისივე თქმით, თვითონ მცენარეშიც არსებობს ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება როგორც გარეგანი მალამოები, ზეთები და ა.შ.
"მარიხუანა გარდა იმისა, რომ სამკურნალოდ გამოიყენება, ასევე, მისი წარმოებაში გამოყენებაც შესაძლებელია. კანაფისგან დამზადებული ქსოვილები, ბაწრები ძალიან მაღალი ხარისხის არის", - განაცხადა სიხარულიძემ.
საქართველოში მარიხუანას მოხმარება მიმდინარე წლის 30 ივლისიდან ლეგალიზებულია.