“თეთრი სიკვდილი” – ფინელი სნაიპერი, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა
ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს (1939-1940წწ.), რომელსაც ხშირად „ზამთრის ომს“ უწოდებენ, საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა ფინელი სნაიპერი სიმო ჰიაიუჰია ზედმეტსახელად “თეთრი სიკვდილი”.
ოფიციალური ინფორმაცით, მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა სნაიპერული შაშხანით მოკლულ მოწინააღმდეგეთა რაოდენობის მიხედვით. მხოლოდ შაშხანით მან 505 საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა, საერთო ჯამში კი მან 705 მოწინააღმდეგის მოკვლა შეძლო. საბჭოთა არმიის მეთაურებს მის მოკვლაზე ჯილდო ჰქონდათ დაწესებული.
ადრეული ცხოვრება და ზამთრის ომი
სიმო ჰაიჰა სოფელ რაუტიარვიში დაიბადა, რომელიც დღევანდელ რუსეთ-ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებამდე იგი მონადირე და ფერმერი იყო. გადმოცემის თანახმად, მისი სახლი სავსე იყო სროლით შეჯიბრებებში მოგებული პრიზებით.
ის ომში მონაწილეობას პირველივე დღეებიდან იღებდა. ჰაიჰა სიმაღლით 1.60 მეტრი იყო, რის გამოც მისი სიმაღლისთვის შესაფერის საბჭოთა მოსინის შაშხანის ფინურ ვარიანტ M/28-ს იყენებდა. საკუთარი პოზიციის დასამალად ოპტიკური სამიზნის მაგივრად ფინელი რკინის სამიზნეს იყენებდა, რის გამოც მას სროლისას თავის წამოწევა აღარ უწევდა.
როგორც ცნობილია, ომის პირველივე დღეს მან მოწინააღმდეგის 25 ჯარისკაცი გაანადგურა. ბრძოლის დროს ჰაიჰა პირში თოვლს იდებდა რათა სუნთქვისას ორთქლი არ გამოეშვა. ომის პერიოდში ტემპერატურა −40 და −20°C-ს შორის მერყეობდა, ჰაიჰა კი მუდმივად თეთრ ფორმაში იყო ჩაცმული რათა თოვლში შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
საბრძოლო ჭრილობა
ჰაიჰას წარმატებები ფინელებმა ფსიქოლოგიური ბრძოლის იარაღად გამოიყენეს. ომის დროს რუსმა ჯარისკაცებმა მას „თეთრი სიკვდილი“ (რუს. Белая смерть, ფინ. Valkoinen Kuolema) შეარქვეს. საბჭოელები მის მოსაშორებლად რესურსებს არ ზოგავდნენ და არტილერიის ცეცხლსა და სნაიპერებს იყენებდნენ.
1940 წლის 6 მარტს ბრძოლის დროს ჰაიჰა ყბაში დაიჭრა, ტყვია მოხვედრისას დაიშალა და ლოყიდან გამოვიდა. სიმო ჰაიჰამ გონება დაკარგა, თანამებრძოლის თქმით მას სახის ნახევარი აღარ ჰქონდა. გონება ფინელ სნაიპერს 13 მარტს, ზავის გაფორმების დღეს, დაუბრუნდა. ომის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ სიმო ჰაიჰა ფელდმარშალმა კარლ გუსტავ მანერჰაიმმა კაპრალიდან პირდაპირ მეორე ლეიტენანტად დააწინაურა, ეს დაწინაურება დღემდე ყველაზე სწრაფ კარიერულ ზრდად რჩება ფინეთის შეიარაღებული ძალებში.
ომის შემდეგ
სიმო ჰაიჰას რამდენიმე წელი დასჭირდა მიღებული ჭრილობისაგან გამოსაჯანმრთელებლად, ტყვიამ მისი ყბის ნაწილი მთლიანად გაანადგურა. ჭრილობის მიუხედავად იგი სრულიად გამოკეთდა და ომის შემდეგ წარმატებული მონადირე და ძაღლების გამომზრდელი გახდა. ხშირად ნადირობდა ფინეთის პრეზიდენტ ურჰო კეკონენთან ერთად. სიცოცხლის ბოლო წლები რუსეთთან საზღვარზე მდებარე პატარა სოფელში გაატარა სადაც 2002 წელს გარდაიცვალა.