ჯანსაღი კვების 13 ოქროს წესი ქართველი ენდოკრინოლოგისგან- პრაქტიკული რჩევები | Allnews.Ge

ჯანსაღი კვების 13 ოქროს წესი ქართველი ენდოკრინოლოგისგან- პრაქტიკული რჩევები

ჯანსაღად კვება არამხოლოდ წონის გაკონტროლებისთვის, არამედ, პირველ რიგში, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტული პროდუქტები დღის რომელ მონაკვეთში მივირთვათ, რისთვისაც Allnews.ge ენდოკრინოლოგ ქეთევან ტაბატაძეს ესაუბრა. ჩვენ ქეთევან ტაბატაძის რჩევებს გთავაზობთ:

1. წყალი

ენდოკრილოგის თქმით, სასურველია, ყოველი კვების წინ, ნახევარი საათით ადრე, ორ ჭიქამდე წყალი მივიღოთ.

2. 4-ჯერადი კვება დღეში ერთხელ ან ორჯერ კვება და დიეტის დაცვა, ორგანიზმისთვის სასურველი არ არის. ენდოკრინოლოგი გვირჩევს, რომ საკვები დღეში 4-ჯერ და საათობრივად მივიღოთ. "შუალედები ყოველი ულუფის მიღებას შორის 3-დან 3,5 საათამდე უნდა იყოს. სასურველია, 7 საათზე გვიან არ ვივახშმოთ. ასევე უმჯობესია, კვების დროს დავნაყდეთ, ვიდრე შუალედებში წავიხემსოთ, ამ პერიოდში სასურველი მხოლოდ სითხის მიღებაა."

3. საუზმე

  ქეთევან ტაბატაძის თქმით, ჩვენი ორგანიზმი ყველაზე დიდ სტრესის ქვეშ მაშინაა, როდესაც საუზმეს ვტოვებთ. "საუზმეზე რა პროდუქტებს მიიღებთ, ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია, მაგრამ უმჯობესია, შედარებით მსუბუქად და კალორიულად მიირთვათ. არ გირჩევთ, დილით შემწვარი, ცხიმებით დატვირთული პროდუქტები ან მაიონეზი მიიღოთ. ასევე, არავითარ შემთხვევაში სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული პროდუქტები არ უნდა მიირთვათ," - აღნიშნავს ენდოკრინოლოგი. მისი თქმით, დილით სასურველია ბურღულეულის, წიწიბურას, მოხარშული კვერცხის, რძის პროდუქტების, ბუტერბროდის მიღება კარაქითა და ყველით, ან ცოტა თაფლით.

"პირველ ულუფად სოსისსა და მსგავს პროდუქტებს ნუ მიირთმევთ. შემწვარი ნივთიერებათა ცვლაზე არასასურველად მოქმედებს, ნელა შეიწოვება და ხელს წონაში მატებასაც უწყობს."

4. რძის პროდუქტების მიღება ასაკის მატებასთან ერთად შეამცირეთ

ენდოკრინოლოგი განმარტავს, რომ რძის პროდუქტების მიღების შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ასაკს და ლაქტოზის მიმართ ამტანობას აქვს, რადგან დღევანდელ რეალობაში, პოპულაციის დიდ ნაწილს ლაქტოზის მიმართ აუტანლობა აქვს ანუ, რძის პროდუქტის მიღების შემდეგ, ალერგიული ფონი უვითარდება. ქეთევანი ტაბატაძის თქმით, 30 წლის შემდეგ, რძის პროდუქტების ყოველდღიური მიღება სასურველი არ არის.

"25 წლამდე რძის პროდუქტების მიღება ყოველდღიურადაა შესაძლებელი, ამ ასაკის შემდეგ უმჯობესია, თუ შევამცირებთ, ხოლო 30 წლიდან რძის ნაწარმი კიდევ უფრო იშვიათად უნდა მივირთვათ, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ლაქტოზის აუტანლობა იზრდება.  სასურველია, რომ ეს პროდუქტები დღის განმავლობაში მივირთვათ და არა დილით".

5. ხილის მიღება უმჯობესი დღის პირველ ნახევარშია

მოსანელებლად და ორგანიზმისთვის შედარებით მსუბუქი, საზამთრო, ნესვი, ბალი, ალუბალი და მარწყვია, თუმცა, ენდოკრინოლოგი გვირჩევს, რომ მათი ულუფები დღეში ნახევარ კილოგრამზე მეტი არ უნდა იყოს. "დიდი რაოდენობით საზამთროს მიღებაც კი არაა რეკომენდებულ, რადგან ის ფრუქტოზასა და ნიტრატებს შეიცავს, რაც ორგანიზმისთვის ადვილადშეწოვადია და უმჯობესია, თუ ნორმის ფარგლებში მივიღებთ," - აღნიშნავს ენდოკრილოგი. ქეთევან ტაბატაძის თქმით, თუ ჭარბი წონა გვაწუხებს ხილის დღის მეორე ნახევარში მიღება სასურველი არ არის.

"უმჯობესია, რომ კვებამდე მივირთვათ, რადგან ასე, მისი მონელება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე სადილის შემდეგ. ულუფაზე ხილის დამატებით, ნივთიერებათა ცვლაზე უარყოფით ზეგავლენას ვახდენთ.

კერძოდ, დიდია ალბათობა, რომ მანამდე მიღებული ძირითადი სადილის სრულფასოვნად გადამუშავება არ მოხდეს, ამიტომ ულუფის მიღებიდან ნახევარი საათი მაინც აუცილებლად უნდა იყოს გასული, რათა ხილი მივირთვათ," - გვირჩევს მედიკოსი.

6. ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები კონტროლირებადი რაოდენობით მიიღეთ

"დაუდევრად მოქცევა და ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღება, ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია, რადგან გლუკოზა სისხლში გადადის და შეიძლება, ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას.

ნახშირწყლების მიღება წონაში მატებას არ გამოიწვევს, თუ ულუფა ნორმირებული იქნება".

7. უმჯობესია, სადილზე მოხარშული პროდუქტი მიირთვათ

ჯანსაღი კვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სადილი ბოსტნეულით იყოს გაჯერებული. თევზისა და ზღვის პროდუქტების მიღება ყოველდღიურადაა რეკომენდებული.

8. ერთ ულუფად ერთი სახეობის საკვები მიიღეთ "რამდენიმე სახეობის ნახშირწყლის ერთად მიღება რეკომენდებული არ არის. მაგალითად, რაიმე ულუფას როდესაც პურს ვაყოლებთ, დესერტად ფუნთუშა აღარ უნდა მივირთვათ. ასევე, ხორცთან ერთად ყველის და კარტოფილის მირთმევაც არასასურველია, რადგან ძნელადმოსანელებელია".

9. ბოლოს წინა კვება ყველაზე დატვირთული უნდა იყოს თუ დღეში ოთხჯერადად იკვებებით, მესამე კვება ყველაზე ნოყიერი უნდა იყოს. შესაძლებელია, მივიღოთ ხორცი, თევზი და მსგავსი პროდუქტები. ხილის მიღებაც ბოლოს წინა კვებამდეა რეკომენდებული.

10. მსუბუქად ივახშმეთ ძალიან კარგია ვახშამზე კეფირის მიღება. თუმცა, წონაში მატება თუ არ გვსურს, ის აუცილებლად დაბალპროცენტიანი ან წყალთან გაზავებული უნდა იყოს, რაც ადვილად მონელებადია და ორგანიზმიც არ დაიტვირთება. სასურველია, ვახშამზე ბოსტნეული მივირთვათ.

11. ალკოჰოლი

ენდოკრინოლოგის რჩევით, ერთი ჭიქა ნატურალური ღვინო ნებისმიერ სეზონზე სასარგებლოა. "ზაფხულში დიდი რაოდენობით ალკოჰოლი სასურველი არ არის. ამ სეზონზე პოპულარული ლუდია, რომელიც ორგანიზმზე, განსაკუთრებით თირკმელებზე უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა, ლუდი წონაში მატებას იწვევს და სასურველია, თუ მის დიდი რაოდენობით მირთმევას მოვერიდებით".

12. დღის განმავლობაში მხოლოდ 300-400 გრამი პური მიირთვით ქეთევან ტაბატაძის თქმით, 300-400 გრამი პური, სასურველია დღის განმავლობაში პირველ სამ კვებაზე გადანაწილდეს, თითო კვებაზე 100-150 გრამის ოდენობით. "პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, რომ პური მაცივარში შეინახონ, როგორც ევროპაში, კერძოდ, გერმანიაშია მიღებული, რადგან ყოველდღე ახალი პურის მირთმევა სასურველი არ არის."

13. ნაყინის მხოლოდ ერთი ულუფა მიიღეთ

"ნაყინი ძალიან კალორიულია, თან წონაში მატებას იწვევს და როგორც ენდოკრინოლოგი, დღეში ერთ ნაყინზე მეტის მიღებას არ გირჩევთ. ისიც სასურველია დღის 5 საათამდე".

ქეთევან ტაბატაძის თქმით, მნიშვნელოვანია, ზაფხულში დიდი რაოდენობით ცომეული და ფუნთუშეული არ მივიღოთ, რადგან ორგანიზმს მისი ათვისება უჭირს. ენდოკრინოლოგი გვირჩევს, რომ საკუთარ ორგანიზმე ჯანსაღი კვებით ვიზრუნოთ და ძირითადად, სეზონური პროდუქტებით ვიკვებოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ ვიკვებოთ სწორად იზოლაციაში, რომ არ გავსუქდეთ - აუცილებელი პროდუქტების სია და ლაშა უჩავას რეკომენდაციები

 

არსებობს ერთადერთი საუკეთესო დიეტა - 9 მითი დიეტის შესახებ