ჰიტლერის „მსოფლიო დედაქალაქი“, გუმბათი მანჰეტენის თავზე და სხვა გრანდიოზული პროექტები, რომლებიც ჩვენთვის ნაცნობ ქალაქებს სამუდამოდ შეცვლიდა (+ფოტოები)
საუკუნეთა განმავლობაში ადამიანები გეგმავდნენ თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ამა თუ იმ ქალაქის განაშენიანება. ისტორიის მანძილზე არაერთი ასეთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.
დღევანდელ სტატიაში იმ გრანდიოზულ პროექტებზე მოგიყვებით, რომლებსაც დღეისათვის არსებული ქალაქები და მათი ფუნქცია რადიკალურად უნდა შეეცვალათ, თუმცა განხორციელება არ ეწერათ.
გერმანია (Germania)- მსოფლიოს დედაქალაქი
ნაცისტური გერმანიის ფიურერის, ადოლფ ჰიტლერის ამბიციური გეგმის თანახმად, მას შემდეგ რაც გერმანია მსოფლიო ომს მოიგებდა და ზესახელმწიფო გახდებოდა, ბერლინი მსოფლიო დედაქალაქი უნდა გამხდარიყო.
„ბერლინი გახდება ისეთივე მნიშვნელობის ქალაქი, როგორებიც ერთ დროს ბაბილონი და რომი იყო“-განაცხადა ჰიტლერმა 1942 წელს.
ქალაქის ახალი სახელი გერმანია (Germania) იქნებოდა. პროექტის მიხედვით, ქალაქში უზარმაზარი ცათამბჯენები და ფართო ქუჩები უნდა აშენებულიყო, რისთვისაც იმ დროისათვის ბერლინში არსებული 100 000-ზე მეტი შენობა, მათ შორის ბარანდენბურგის კარიბჭე უნდა დანგრეულიყო.
ჰიტლერის აზრით, ბერლინი პატარა, ჭუჭყიანი და „ზედმეტად ლიბერალური“ ქალაქი იყო, რომელიც გერმანელ ერს არ ეკადრებოდა და აუცილებელი იყო მასშტაბური შენობების, მოედნების, პარკებისა და ბულვარებისა აშენება.
ახალი ლონდონის განაშენიანება
1666 წელს ლონდონში მასშტაბური ხანძარი მოხდა, რამაც ქალაქის შენობების დიდი ნაწილი გაანადგურა. არქიტექტორ კრისტოფერ ვრენის იდეის მიხედვით, ახალი ლონდონი პარიზის მსგავსად წრიული გეგმარებით უნდა ყოფილიყო და ქალაქში მასშტაბური ბულვარები მოწყობილიყო.
თუმცა, არქიტექტორის გეგმა დაიწუნეს, რადგან ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებას კოლოსალური თანხა დასჭირდებოდა.
Les Maisons Tours, პარიზი
ფრანგმა არქიტექტორმა აუგუსტე პერეტმა 1922 წელს წარდგინა პარიზის განაშენიანების გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში პარიზი დღევანდელ მანჰეტენს დაემსგავსებოდა.
გეგმის მიხედვით, პარიზში Empire State Building-ის მსგავსი 300 ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო, რომლებიც თანაბარი დაშორებით ქალაქში წრიულად განთავსდებოდნენ. მასშტაბური შენობები ერთმანეთს თაღოვანი ხიდებით დაუკავშირდებოდნენ.
ამ შემთხვევაშიც, პროექტი მასშტაბური ხარჯების გამო დაიწუნეს.
გუმბათი მანჰეტენის თავზე
1960 წელს არქიტექტორმა ბაკმინისტერ ფულერმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, მანჰეტენი უზარმაზარი გუმბათით უნდა გადახურულიყო. გეგმის მიხედვით, გუმბათი უბანს ტემპერატურის კონტროლის საშუალებას მისცემდა და ასევე შეამცირებდა ჰაერის დაბინძურებას.
არქიტექტორის აზრით, ყოველწლიურად ქალაქის დასუფთავებაზე, თოვლისგან გაწმენდასა და ტემპერატურის ცვლილებით გამოწვეულ დისკომფორტზე იმდენი თანხა იხარჯებოდა, რომ გუმბათის აშენება გაცილებით უფრო მომგებიანი იქნებოდა.
გაუდის სასტუმრო, ნიუ-იორკი
წარმოიდგინეთ თანამედროვე ნიუ-იორკი ანოტნიო გაუდის არქიტექტურის გავლენით. 1908 წლის გეგმის მიხედვით, ქალაქში განიხილებოდა 360 მეტრის სიმაღლის „გაუდის სასტუმროს“ აშენება, რომელიც საგრადა ფამილიას გავლენით აშენდებოდა და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და შესანიშნავი შენობა გახდებოდა.
საბჭოთა სასახლე, მოსკოვი
1933 წელს არქიტექტორმა ბორის იოფანმა არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვა და უნდა აეშენებინა უზარმაზარი ნეო-კლასიცისტური შენობა, რომლის თავზეც ლენინის უზარმაზარი ქანდაკება აღიმართებოდა.
სასახლის ასაშენებლად იქ არსებული ეკლესია დაანგრიეს და მშენებლობა 1937 წელს დაიწყო, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ გრანდიოზული პროექტი შეაჩერა.
წყარო: www.mns.com
ასევე დაგაინტერესებთ: