გი­ორ­გი ნა­თე­ნა­ძე - უძ­ვე­ლე­სი მეს­ხუ­რი ვა­ზის ჯი­შე­ბის აღ­მომ­ჩე­ნი და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი მეს­ხე­თი­დან | Allnews.Ge

გი­ორ­გი ნა­თე­ნა­ძე - უძ­ვე­ლე­სი მეს­ხუ­რი ვა­ზის ჯი­შე­ბის აღ­მომ­ჩე­ნი და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი მეს­ხე­თი­დან

გიორგი ნათენაძეს მესხური ვაზის უძველესი ჯიშების მოძიება მამამ შესთავაზა. თავდაპირველად, იდეა რთული და უტოპიური ეჩვენა, თუმცა, ამ საქმიანობით ნელ-ნელა "მოიწამლა". საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ძველ ნასახლარებსა და ნასოფლარებში, ციხეებსა თუ ეკლესიებში მესხური ვაზის ჯიშების აღმოსაჩენად სიარული არჩია და დღეს უკვე თავისივე მოძიებული, საუკუნეების წინანდელი ჯიშებიდან ღვინის თორმეტ სახეობას აყენებს.

ჩამოსხმული ღვინო სადეგუსტაციოდ, გამოფენებზე სხვადასხვა ქვეყანაში გააქვს, სადაც მესხური ბიოღვინო უჩვეულო დაინტერესებას იწვევს.

პარალელურად, საკუთარი მხარისა და მესხური ჯიშების პოპულარიზაციის, მიგრაციის შემცირებისა და რეგიონში აგროტურიზმის განვითარების მიზნით, პარტნიორებთან ერთად, მაღალბიუჯეტიან პროექტშია ჩაბმული, რომელიც მესხეთში ისტორიული ღვინის ტერასების აღდგენას ითვალისწინებს.

- მესხეთი, სამცხე-ჯავახეთი რატომღაც, ყველასგან მივიწყებულია. ჩვენი ისტორიული სოფელი, ჭაჭკარი, ვარძიის უკან მდებარეობს. ამ სოფელში უძველესი ვაზებია შემორჩენილი. ერთ-ერთი ჩემი ვაზის ასაკი 4 საუკუნეს აღემატება. დღესაც გვაძლევს ნაყოფს და ღვინოს ვაყენებ. სოფელში 65-მდე ქვის საწნახელია შემორჩენილი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ძველად ადგილზე დიდი რაოდენობით ყურძენი იწურებოდა. დაწურული წვენი ტიკებში ისხმებოდა და ვარძიაში შეჰქონდათ, იქ კი ღვინოს ქვევრებში აყენებდნენ. ჭაჭა სოფელში რჩებოდა, სახელწოდება "ჭაჭის კარი", მოგვიანებით კი - "ჭაჭკარი" სწორედ აქედან მოდის. ვარძია დახურული კომპლექსი იყო, რომელსაც საიდუმლო შესასვლელი ჭაჭკარიდან ჰქონდა. დიდია ამ სოფლის ისტორიული მნიშვნელობა და მისი იერსახის შენარჩუნებაზე ცალკე ვმუშაობთ.

- ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი შემორჩენილია?

- დავიწყებულია. მისი აღდგენა ახლა იწყება. შემორჩენილია ქვის საწნახელები, ქვევრები. მე ღვინოს ქვევრში სხვადასხვა მეთოდით ვაყენებ - ჭაჭით, ჭაჭის გარეშე. ჩვენი წინაპრები ჭაჭის გარეშე აყენებდნენ. ისტორიულად, შვიდი ფერის ღვინოს აყენებდნენ და შვიდივე მოთხოვნის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში გადიოდა ექსპორტზე. როცა მამამ პირველად მითხრა, რომ მესხური ჯიშების მოძიებას აპირებდა, იდეა ზედმეტად რთული და უპერსპექტივო მეჩვენა. ადგილობრივად მესხური ჯიში არსად ჩანდა.

თუნდაც მოგვეძიებინა, კვლევა-ძიებას, შესწავლას წლები დასჭირდებოდა. მიუხედავად თავდაპირველი უიმედო განწყობისა, ხალხში მოძიებული ინფორმაციით რამდენიმე საინტერესო ჯიში ვნახეთ და ღვინოების დაყენება დავიწყეთ. ჯიშების სანახავად გაყოლას მეგობრებს ვთხოვდი, მაგრამ მათ არ ჰქონდათ მოტივაცია, ყოველდღიური საარსებო წყარო სჭირდებოდათ და არა, ერთი შეხედვით უტოპიური გეგმები. დავდიოდი სოფლებსა თუ ნასოფლარებში, ძველ ციხეებში, ეკლესიებში, ტყეში - ყველგან, სადაც შეიძლებოდა ვაზი ყოფილიყო ან არც ყოფილიყო... ფაქტობრივად, ამან ფანატიზმის სახე მიიღო. შინ ზოგჯერ ღამის 2-3 საათზე ვბრუნდებოდი. რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რამდენიმე ჯიშს ერთად ვაყენებდით. როცა ღვინო კომპეტენტურ ადამიანებს გავასინჯეთ, დაგვიდასტურეს, რომ საქმე მაღალი ხარისხის საღვინე ჯიშებთან გვქონდა და მათი ჩამოსხმა გვირჩიეს.

პირველად, სამი მესხური ჯიშის ღვინო 2009 წელს ჩამოვასხით და ბაზარზე გავიტანეთ. მთავარი მიზანი ხალხის რეაქცია-შეფასებების შეტყობა იყო. მალე ღვინის გამოფენებზე გატანა დავიწყე, სადაც დღემდე საკუთარი ხარჯით დავდივარ, რადგან მოგების ეტაპზე ჯერ არ გადავსულვარ. თუ რამეს გავყიდი, შემოსავალს ისევ ღვინის ახალ ქვეყანაში გასატანად, პოპულარიზაციის მიზნით ვიყენებ. უკვე 12 სახეობის მესხური ღვინო დავაყენე. ზოგი - ერთი, ზოგიც - ნახევარი ლიტრია.

მიზანი მხოლოდ ამა თუ იმ ჯიშის სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრაა. წარმოება იმდენად მცირეა, შინ პრინტერზე ამობეჭდილ ეტიკეტს ხელით ვაკრავთ. ეტიკეტის დიზაინს ინდივიდუალურად, კონკრეტული ქვეყნისთვის თავად ვქმნი. ყოველი ახალი ჯიშის აღმოჩენა, მისგან ღვინის დაყენება და პირველი გასინჯვა ბავშვის დაბადებას ჰგავს. GზაPრესსჯიშების იდენტიფიცირებაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან უჯმაჯურიძე მეხმარება, რომელიც ქართული ჯიშების მოძიება-აღდგენით დიდი ხნის წინ დაინტერესდა და ჯიღაურას კოლექციაში უკვე 500-ზე მეტ ქართულ ჯიშს, მათ შორის, 24 მესხურს მოუყარა თავი. ახალ ჯიშს ვუგზავნი, მეცნიერები იკვლევენ, ადარებენ ერთმანეთს და თუ დამტკიცდა, რომ მესხურია, სახელსაც ვარქმევთ. ჯიღაურაში ასობით სხვადასხვა ჯიში მაქვს იდენტიფიცირებისთვის გაგზავნილი.

- თქვენს გრანდიოზულ პროექტზე - მესხეთში ტრადიციული ტერასული მევენახეობის აღდგენასა და რეგიონისთვის მის მნიშვნელობაზე გვიამბეთ. რა ეტაპზეა ტერასების მშენებლობა?

- ისტორიული ტერასების აღდგენას საფუძველი ჩემი პარტნიორების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მხარში დგომის შედეგად შარშან ჩაეყარა. ტერასების გაშენების ერთ-ერთი მთავარი მიზანი - მოსახლეობაში მევენახეობის გავრცელებაა. გვექნება საკოლექციო ნაკვეთი, საიდანაც ნებისმიერ მსურველს ავუჭრით კალმებს და გასახარებლად გავატანთ.

გარდა ამისა, ტერასები სანახაობა იქნება არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ტურისტებისთვის. მოსახლეობას საშუალება ექნება, გაყიდოს საკუთარი პროდუქტი, შესთავაზოს ტურისტს მესხური კერძები, თავშესაფარი. აქვე განთავსდება მესხური ოდა და მარანი, სადაც ღვინო ტრადიციული მეთოდებით, ქვაში დაწურვითა და ქვევრებში დაყენებით დამზადდება. საკოლექციო ნაკვეთში ყველა მესხურ ჯიშს მოვაქცევთ, თუმცა, ზოგიერთს გამოვარჩევთ და მათი გამოყენებით ღვინის მასობრივ წარმოებაზე ვიმუშავებთ. ჯერჯერობით, დაახლოებით 7 ჯიშზე ვართ ორიენტირებული.

- მშენებლობაზე ადგილობრივები არიან დასაქმებული?

- დიახ, შარშან 80 ადგილობრივი დავასაქმეთ. ასათვისებელი 23 ჰექტარიდან რვა უკვე აღვადგინეთ. მესხეთში თავისუფალი მიწის პრობლემის გამო, ოდითგანვე ტერასული მევენახეობა იყო განვითარებული. ტაო-კლარჯეთში, სადაც მესხური ჯიშების სანახავად ჩასვლა ხშირად მიწევს, დღესაც შემორჩენილია უზარმაზარი ტერასები. ფერდობებზე განლაგებულ ტერასებზე არა მხოლოდ ვაზი, არამედ ხეხილი და ბოსტნეულიც იყო გაშენებული. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ვაზს ეჭირა, რომლისთვისაც სპეციალურად დაბაქნებულ სამხრეთის ფერდებს არჩევდნენ. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აერაციის, ქარის მოძრაობის მიმართულების, კლიმატის თვალსაზრისით.

- ანუ, გარდა მიწის ფართობის დაზოგვისა, ტერასებზე გაშენებული ვენახი ბევრად უფრო მაღალი ხარისხის მოსავალს იძლევა?

- რა თქმა უნდა: მზის სითბო უკეთ აღწევს, დასხივება მეტი და თანაბარია. ჩვენს რეგიონში კლიმატი საკმაოდ ცივია, შესაბამისად, დამწიფების პერიოდი - მეტად ხანმოკლე. ბაზალტის ქვები, რომლითაც ტერასებია გაკეთებული, დიდხანს ინარჩუნებს მზის სითბოს და ღამეც გამოსცემს, რაც ხელს უწყობს ყურძნის სწრაფ დამწიფებას. ტერასებზე მეტეოსადგურს დავაყენებთ, რომელიც ინფორმაციას მზის რადიაციის, გამოსხივების, ტენიანობის, ნიავის სიჩქარის, აერაციის შესახებ აგროვებს და გარკვეულ მინიშნებებს გვაწვდის - როდისაა ვენახი შესაწამლი, რა ღონისძიებებია ჩასატარებელი. თუ გვეცოდინება, რომ ზამთარში დიდი ყინვაა მოსალოდნელი, მის შეფუთვაზე ვიზრუნებთ.

ვიცით, რომ ყინვისგან დასაცავად მესხეთში ვენახს გადააწვენდნენ და გაზაფხულამდე მიწაში მარხავდნენ, მაგრამ როცა საქმე 30 ათას ნერგს ეხება, ამ მეთოდის გამოყენება შეუძლებელია. მესხეთში ვაზს არასოდეს წამლავდნენ. მშრალი კლიმატის გამო ვაზი ნაკლებად ავადდება და ამის გამო შეწამვლას თითქმის არ საჭიროებდა. თუ იწამლებოდა, მხოლოდ ბალახების ექსტრაქტით, ნატურალური მეთოდით. ვგეგმავთ ამ მეთოდის აღდგენასაც, მის შესახებ სოფელ-სოფელ ვეძებ ინფორმაციას. შინ მოვაწყვე მცირე ლაბორატორია, სადაც უკვე 150-მდე ცდა მაქვს ჩატარებული სხვადასხვა სახეობის არყის გამოხდაში. არაყს სხვადასხვა მცენარისა და ხილისგან ვხდი, ახალ მეთოდებს ვამუშავებ.

- განათლებით თუ უკავშირდებით მეღვინეობა-მევენახეობას?

- ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები დავამთავრე. საქართველოდან წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ვიცოდი, ამ საქმეს გამგრძელებელი არ ჰყავდა. გარდა ამისა, ჩემი ფიქრებიც მხოლოდ ღვინისკენ იყო მიმართული. სწორედ ამიტომ, დარჩენა და საქმის ბოლომდე მიყვანა გადავწყვიტე.

- მესხური სოფლებისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას მიგრაცია წარმოადგენს. რა არის ამის ძირითადი მიზეზი?

- მკაცრ ბუნებასთან ერთად, არ არის გზა, სარწყავი სისტემა, შესაბამისად, მოსავლის აღების პერსპექტივა. მინდა დავაარსო მესხეთის განვითარების ფონდი, რომელიც მოსახლეობის დაბრუნების პროცესს შეუწყობს ხელს. ციხის ტერიტორიაზე, ე.წ. რაბათში მაღაზია გვაქვს, რომლის საშუალებითაც, ადგილობრივი პროდუქციის წარმოჩენას ვცდილობთ. გვაქვს მესხური ღვინო, მოსახლეობისგან ვიბარებთ თუთისა და ჭანჭურის ჩურჩხელას, ტყლაპს, ბაქმას.

წარმოჩენილი გვაქვს ოჯახში გაკეთებული ჭანჭურის, თუთისა და შინდის არაყი. ხშირად ვაწყობთ გამოფენას, უფასო დეგუსტაციას. დღეს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს მესხური ვაზის ნერგებს. მათ დაინახეს, რომ მესხური ვაზი ცოცხალია, მესხური ღვინის დაყენება კი - შესაძლებელი.

- მესხურ ღვინოს უკვე რომელ ქვეყნებში იცნობენ?

- პოპულარიზაციას, ექსპორტს და გაყიდვებს იაპონიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში ვაწარმოებ.

შორენა ლაბაძე

"გზაპრესი"