
ბოლო წლებში თხილის წარმოება სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და კახეთში მცხოვრები ოჯახებისთვის შემოსავლის სერიოზულ წყაროდ იქცა.
ეს კულტურა ბევრმა გააშენა, რის გამოც თხილის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა.
"საქსტატის" მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით თხილის წარმოება 2013 წელს 2000 წელთან შედარებით თითქმის 3,6-ჯერ გაიზარდა. 2013 წელს საქართველოდან ექსპორტზე 166 მლნ 632 ათასი აშშ დოლარის თხილი გავიდა, რაც მთელი ქართული ექსპორტის 5,7 პროცენტი იყო.
როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, გასულ წელს უკვე თხილის ექსპორტის კლებას ჰქონდა ადგილი: 2014 წელს საქართველოდან 184 მილიონი აშშ დოლარის თხილი გავიდა, ხოლო 2015 წელს ექსპორტის მოცულობამ 176 მილიონი დოლარი შეადგინა.
ექსპორტის კლებასთან ერთად წინა წელს თხილზე ლამის განახევრებული ფასი დაფიქსირდა.
რამ გამოიწვია ექსპორტის შემცირება და რა მდგომარეობაა დღეს თხილის ბაზარზე? - ამის თაობაზე "ბიზნესპრესნიუსს" საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია ესაუბრა:
-2014 წელს თურქეთში მოსავალი არ იყო, მსოფლიო ბაზარზე დეფიციტი შეიქმნა და ამის გამო მსოფლიო ბაზარმა ქართული თხილი მთლიანად "გაიწოვა" - მთელი მოსავალი გაიყიდა.
2015 წელს უკვე სხვა მდგომარეობა შეიქმნა: ყველა ქვეყანამ, რომელიც თხილს აწარმოებს, კარგი მოსავალი მიიღო - თურქეთსაც კარგი მოსავალი ჰქონდა, აზერბაიჯანსაც და საქართველოსაც.
კონკურენცია გამძაფრდა და ჩვენი ექსპორტის მაჩვენებელმაც მოიკლო. ამას ისიც დაემატა, რომ თხილის ფასი შემცირდა: თუ ადრე 14 დოლარი იყო კილოგრამზე, 2015 წელს ლამის განახევრდა და 7-8 დოლარი გახდა. დღესაც, ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე 7-8 დოლარი ღირს.
სწორედ ამიტომ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: როდესაც სხვა ქვეყნებში მოსავალი დიდია, მათთვის კონკურენციის გასაწევად ჩვენი თხილი მაღალი ხარისხისა უნდა იყოს. დღესდღეობით ყველაზე იაფი მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილია და ამას აქვს თავისი მიზეზები.
- კონკრეტულად, რა მიზეზებს გულისხმობთ?
- ქართული თხილი სხვა ქვეყნების თხილს გემოთი ნამდვილად არ ჩამორჩება. მის სიიაფეს ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი მისი დაბალი ხარისხია.
ამის შესახებ ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ კიდევ უნდა გავიმეორო:
ცუდად შრობის გამო თხილის სტაბილური, რეგულარული ხარისხის შენარჩუნება ვერ ხერხდება.
აქედან გამომდინარე, მისი ფასიც არასტაბილურია და საბოლოო ჯამში, ქართული თხილი არის იაფი. ქართული თხილის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი ევროპის ქვეყნებზე მოდის. ჩვენ ამ ბაზრის ნებისმიერ მოთამაშეს მაღალი ხარისხი უნდა შევთავაზოთ.
ჩვენს პარტნიორებს არ უნდა ჰქონდეთ შიში, რომ ქართველებისგან უხარისხო თხილს შეიძენენ. იხილეთ გაგრძელება