ჩირის წარმოება და ნაირსახეობა საქართველოში
ხილის ჩირის წარმოება ბოლო პერიოდში საქართველოში თანდათან უფრო აქტუალური ხდება. ქვეყნის მასშტაბით არაერთი მსგავსი პროდუქციის საწარმო გამოჩნდა. ახალბედა მწარმოებლები ცდილობენ ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავებას და წარმოებაში ინოვაციური მეთოდების დანერგვას. ALLNEWS.GE ერთ-ერთი საწარმოს - "ჩირიფრუტის" დამფუძნებელს ესაუბრა. "ჩირიფრუტი" დაახლოებით ორი წელია ადგილობრივ ბაზარზე მუშაობს, სამომავლოდ კი მისი დამფუძნებლები რეალიზაციის გაზრდას და პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავენ.
ქლიავის, ვაშლის, ფეიხოას, ხურმისა და კივის ჩირი, ალუბლის კერკი, გოგრის ტყლაპი, სტაფილოსა და ფორთოხლის ცუკატი, ხილის ჩაი და შოკოლადში ამოვლებული ჩირი ამ ეტაპზე მსხვილ სუპერმარკეტებში, სასტუმროებსა და კაფეებში იყიდება. როგორც საწარმოს დამფუძნებელი, სოფო ჯიქია აღნიშნავს, პროდუქცია განსაკუთრებით ტურისტების მოწონებას იმსახურებს.
"ჩირიფრუტი" ხუთი ქალისგან შექმნილი ოჯახური ბიზნესია. მათ ჩირის დამზადების ტექნოლოგია სომხეთში შეისწავლეს, ნასწავლი პრაქტიკაში დახვეწეს და საქმეში საკუთარი მეთოდიც გამოიყენეს. სოფო ჯიქიას იდეის განხორციელებაში დედა და დები დაეხმარნენ. დღეს ჩირის წარმოებაში თითოეულ მათგანს თავისი როლი აქვს. სამუშაო განაწილებულია, კურსი კი სიახლეების დანერგვისკენ და განვითარებისკენაა მიმართული.
როგორც საწარმოს დამფუძნებელი ამბობს, ბიზნესის მართვის კუთხით გამოცდილება არც ერთ მათგანს არ გააჩნდა. საქმე ერთად ისწავლეს. ახალი ტექნოლოგიების აქტიური გაცნობითა და ტრენინგებში ხშირი მონაწილეობით კი თანდათან გარკვეული გამოცდილებაც შეიძინეს.
საწარმოში ხილს სპეციალური დანადგარების საშუალებით აშრობენ. პროდუქციის ნაწილს გამოსაშრობად დღენახევარი, ნაწილს კი შედარებით მცირე დრო სჭირდება. ჩირი ძირითადად შეფუთული და დაფასოებული იყიდება.
როგორც სოფო ჯიქია აღნიშნავს, ინოვაციური ტექნოლოგიით ჩირის წარმოება საკმაოდ პერსპექტიულია და ეს რეალიზაციის ზრდაზეც აისახება.
"მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ვემზადებით იმისთვის, რომ ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ, ექსპორტზეც გავიტანოთ პროდუქცია. თუმცა, მანამდე სერიოზული სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი სერთიფიკატების მოპოვებაა საჭირო. ასე რომ, საექსპორტო ბაზრების ათვისება ჩვენს გეგმებშია. ამ ეტაპზე კი მუდმივად განვითარების პროცესში ვართ. ვცდილობთ, პროდუქცია დავხვეწოთ, როგორც ვიზუალურად, ისე გემოვნური თვისებებით", - აღნიშნავს "ჩირიფრუტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
მწარმოებლებმა "ჩირიფრუტის" ნუგბარი პოლონეთში გამართულ გამოფენაზეც გაიტანეს. პროდუქციამ საზღვრებს გარეთაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ქრისტინე გამთენაძე
იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია: Delicious diversities of dried fruit produced in Georgia