"ფისკალური პოლიტიკა გაჯანსაღების გზაზეა"
2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემი ადასტურებს, რომ ფისკალური პოლიტიკა გაჯანსაღების გზაზეა, - ამის შესახებ ეკონომისტი დავით ასლანიშვილი აცხადებს. დავით ასლანიშვილი საუბრობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე, რომლის თანახმადაც იანვარ-მარტის განმავლობაში სახაზინო ანგარიშზე ნაშთი გაზრდილია 704 მლნ ლარიდან 929 მლნ ლარამდე.
როგორც დავით ასლანიშვილი აღნიშნავს, დეფიციტური ხარჯვა მინიმალურ დონეზეა და არ არის იმის საშიშროება, რომ დაგეგმილ 4%–იან ზღვარს წლის ბოლომდე გასცდება.
"მთავრობამ აქციზური გადასახადის მიზანმიმართული (და არა საყოველთაო) გაზრდით დროულად შეავსო მოსალოდნელი დანაკარგები შემოსავლების ნაწილში, ხოლო ინფლაციის ეფექტი არის ერთჯერადი. ასე რომ, მთავრობამ მიაგნო ოპტიმალურ შუალედს ეკონომიკურ პოლიტიკაში სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრად ყოვლისმომცველ განვითარებას შორის, განსაკუთრებით მანამდე წარმოებულ დაუსრულებელი ნეოლიბერალური ექსპერიმენტების ფონზე", - მიაჩნია ეკონომისტ დავით ასლანიშვილს.