
რამდენიმე დღის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზა რამდენიმე თვეში ამუშავდება და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ხაზი გახდება. Allnews.ge დაინტერესდა, რა ეტაპზეა რკინიგზის პროექტი, რისთვისაც ქართულ მხარეს დავუკავშირდით.
მარაბდა-კარწახის რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ქართული მხარე ჯერ სამუშაოებს არ აწარმოებს, რადგანაც თურქული მხარის ინიციატივას ელოდება. პროექტზე ერთობლივი მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.
"არცერთი მხრიდან არაფერი არ შეცვლილა.
ზამთრის პირობებში, ზოგადად, სამუშაოები ჩერდება, რადგან ალპურ ზონაში მიმდინარეობს, შესაბამისად, პროცესები ახლაც გაიწელა, რადგან დიდი თოვლი იყო," - განმარტავენ პრეს-სამსახურში და დასძენენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს თუ არა სამშენებლო სამუშაოები, ინფორმაციას არ ფლობენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ტრანსპორტის მინისტრის, ბინალი ილდრიმის განცხადებით, რკინიგზა ექსპლუატაციაში რამდენიმე თვეში უნდა შესულიყო, თუმცა ქართული მხარე ამას არ ადასტურებს.
ერდოღანის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შეთანხმების საფუძველზე შენდება, ხაზის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 17 მილიონი ტონა იქნება.