30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ბუზი უნიტაზზე - რატომ მისცეს რიჩარდ ტალერს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში | Allnews.Ge

ბუზი უნიტაზზე - რატომ მისცეს რიჩარდ ტალერს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში

ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, რა კავშირი აქვს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიას თქვენთან? სხვა შემთხვევაში თქვენი კითხვა სამართლიანიც იქნებოდა, მაგრამ არა ახლა, იმიტომ რომ მიმდინარე წელს პრემია ქცევითი ეკონომიკის სპეციალისტს რიჩარდ ტალერს ერგო.

წიგნში "Nudge. არჩევნის არქიტექტურა" რიჩარდ ტალერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახსნა, როგორ ცვლიან ადამიანის ქმედებას, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი მითითებებით, რომლებიც გზაზე ყოველდღიურად გვხვდება.

ნობელის კომიტეტს აღნიშნული ახალი სამეცნიერო დისციპლინა, როგორც ჩანს, ძალიან მოსწონს, რადგან ჯერ კიდევ 2002 წელს მათ ნობელის პრემია ქცევითი ეკონომიკის კიდევ ერთ სპეციალისტს დენიელ კანემანს მიანიჭეს. ამის შემდეგ ქცევითი ეკონომიკის ერთ-ერთი თეორია, რომელიც Nudge Theory-ს სახელითაა ცნობილი, პრობლემების ყველაზე ფართო სპექტრის მოსაგვარებლად გამოიყენება.

და თქვენც, ისე რომ ამაზე არც გიეჭვიათ, შესაძლოა, ამ თეორიის გავლენის ქვეშ მოხვედრილიყავით.

Nudge Theory-ს გამოყენების ერთ-ერთ თვალსაჩინო და ყველაზე ცნობილ ილუსტრაციად შეიძლება, ჩაითვალოს მამაკაცების საპირფარეშოში სისუფთავის დაცვის პრობლემის გადაჭრა, ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ სრულიად გენიალური ხრიკის მეშვეობით.

იდეა, რომელიც პირველად 1999 წელს ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში განხორციელდა, როგორც ყველაფერი გენიალური ისიც მარტივი აღმოჩნდა: მამაკაცების საპირფარეშოს უნიტაზებზე ამოტვიფრული იყო ბუზი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნამდვილს და მამაკაცები დაუყოვნებლივ მათ მოკვლას ცდილობდნენ.

პროფესორ ტალერს ბუზების მაგალითი ხშირად იმის სადემონსტრაციოდ მოჰყავდა, თუ როგორ შეუძლია ირგვლივ არსებული რეალობის მცირედით ცვლილებას ადამიანის ქცევის უკეთესობისკენ შეცვლა.

ქცევითი ეკონომიკა საგადასახადო ინსპექციის სამსახურში

2010 წელს, როდესაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი გახდა, ის უკვე იცნობდა ქცევითი ეკონომიკის პრინციპებს და შესაბამისი კომიტეტის შექმნის ბრძანება გასცა.

აღნიშნული ჯგუფის მოვალეობაში ბრიტანელი მოსახლეობის სოციალური ქცევის გაუმჯობესება იყო, ეს კი სხვადასხვა გზით უნდა მოეხერხებინათ.

ინოვაციური მიდგომის ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრ მაგალითად გახდა წერილები, რომლებსაც მოქალაქეებს საგზაო ჯარიმის გადაუხდელობის გამო უგზვავნიდნენ.

დიდი ასოებით აკრეფილ სათაურში იკითხებოდა: "გადაიხადეთ ჯარიმა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ თქვენს Ford Fiesta-ს ( ან სხვა ნებისმიერ ავტომობილს, რომელის მფლობელიც თქვენ ხართ). სათაურის ქვემოთ ავტომობილის ფოტო იყო გამოსახული. აღნიშნულმა ხრიკმა ბრიტანეთის ხელისუფლებას მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა.

მდიდარი ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც გადასახადების გადახდისგან თავს იკავებდნენ მეტად პოზიტიური მიდგომა გამოიყენებოდა.

მათი მისამართით გაგზავნილ წერილებში აღწერილი იყო, რამდენად აუმჯობესებს გადასახადის გადახდისგან მიღებული სახსრები კომუნალურ მომსახურებას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს სახსრები იმ რაიონის კეთილმოწყობისთვის, რომლებშიც წერილის ადრესატები ცხოვრობდნენ, აქვე კონკრეტულად იყო განმარტებული, რა დააკლდებოდა რაიონს აღნიშნული გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში.

გაინტერესებთ შედეგი? ფინანსთა სამინისტრომ გადასახადებით, 210 მილიონი ფუნტი მიიღო.

ბავშვის სახე

ლონდონის ერთ-ერთი რაიონში, ვულიჩში, ყოველთვის იყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები. 2011 წელი ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. არეულობების დროს ბევრი მაღაზიის ვიტრინა დაზიანდა.

მომდევნო წელს პროცესში სარეკლამო სააგენტო Ogilvy & Mather ჩაერთო, მთავარ ბერკეტად ქცევითი ეკონომიკა გამოიყენა და დამქირავებელებს სრულიად ახალი სტრატეგია შესთავაზა.

წინასწარ იცოდნენ რა, რომ ყველაზე უგრძნობი ადამიანიც კი ვერ დარჩებოდა გულგრილი ჩვილი ბავშვის დანახვისას, ერთ ღამეს სააგენტოს თანამშრომლებმა გრაფიტის მხატვრების დახმარებით რკინის ჟალუზები ახალშობილების სახეებით მოხატეს, რომლებითაც ვულიჩის რაიონში მაღაზიების ვიტრინები იკეტებოდა.

კვლევის თანახმად, აღნიშნული აქციის შედეგად, ვულიჩში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა 18%-ით შემცირდა.

ზემოთმოყვანილმა მაგალითებმა შესაძლოა, გაფიქრებინოთ, რომ პოლიტიკოსები და მწარმოებლები თქვენით აქტიურად მანიპულირებენ.

პროფესორ ტელერის დახმარებით ახლა თქვენ შეგიძლიათ დაახლოებით მაინც ამოიცნოთ, რა თამაშს თამაშობენ ისინი.