13 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კახა კალაძე ქალაქში დაუსრულებელ მშენებლობებზე საუბრობს | Allnews.Ge

კახა კალაძე ქალაქში დაუსრულებელ მშენებლობებზე საუბრობს

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნებიდან" აცნობეს.

კახა კალაძემ დეველოპერებს დედაქალაქის განვითარებაში ჩართულობისკენ და თბილისის ახალ მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან აქტიური თანამშრომლობა, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობთ და აკეთებთ ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მივესალმები მშენებლობას და განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწორად, ხარისხიანად და რაც მთავარია, თანმიმდევრულად. მჯერა, რომ ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ყველას გვყავს ოჯახი, გვეზრდება შვილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქალაქში ჯანსაღ გარემოში ცხოვრება და სუნთქვა შესაძლებელი გახდეს. შესაბამისად, ქალაქის განვითარებაზე თქვენი ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი მხრიდან კი გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა", - მიმართა ახლად არჩეულმა მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს.

კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც დღეს არსებობს მერიაში დაინგრეს და სისტემა უფრო მოქნილი გახდეს. მისივე თქმით, არქიტექტურის სამსახურთან დაკავშირებით იგეგმება გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით ისაუბრებს.

როგორც ახლად არჩეულმა მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, იმისთვის, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს, ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით უნდა გაკეთდეს - მშენებლობები უნდა იყოს ხარისხიანი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ვიზუალურ მხარეს.

"მგონი, არც თქვენ არ მოგწონთ და გსიამოვნებთ არსებული მდგომარეობა, ის მშენებლობები, რომელიც მართლაც ამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს, თბილისს აქვს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი და ამ ყველაფერს შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა სჭირდება, რაშიც თქვენი როლი მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბდება. მისივე თქმით, დაუსრულებელი მშენებლობები ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა.

"რამდენიმე კომპანიაა ვინც ძირითადად ფლობს ასეთ შენობა-ნაგებობებს, რომლებსაც გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნათ. დაუსრულებელი მშენებლობების გამო სერიოზული ზიანი მიადგათ იმ ადამიანებს, ვისაც ავანსი ჰქონდა გადახდილი. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას და ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულ ხედვას, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს", - განაცხადა კალაძემ.