ახალ წელს საქართველოს მოსახლეობა დენისა და წყლის ახალი ტარიფით შეხვდება
ახალ წელს საქართველოს მოსახლეობა დენისა და წყლის ახალი ტარიფით შეხვდება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სეწმეკი) გასულ კვირას კომპანიების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა, რაც ნიშნავს, რომ დათანხმდა მათ მიერ დაგეგმილი ინვესტიციების დაბანდებას როგორც ელექტროენერგიის, ისე წყალმომარაგების სექტორში. კომპანიებში არ უარყოფენ, რომ იმედი აქვთ, მათ მიერ ქსელის განვითარებისთვის თუ სხვა მიზნებისთვის დახარჯულ ფულს სეწმეკი ტარიფში გაითვალისწინებს. მარეგულირებელ კომისიაში კი ტარიფთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ ინვესტიციები ტარიფის მხოლოდ ერთი შემადგენელია და გაიზრდება თუ არა დენისა და წყლის გადასახადი, ყველა სატარიფო კომპონენტის განხილვის შემდეგ გამოჩნდება.
პროგნოზის გაკეთება არ უჭირთ ენერგეტიკის დარგის ექსპერტებს. მათი შეფასებით, ყველა წინა პირობა არსებობს, რომ ახალ წელს მოსახლეობა დენისა და წყლის გაზრდილი ტარიფით შეხვდეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან კომუნალურ ტარიფებს ჯერ კიდევ პოლიტიკური დატვირთვა აქვს, უჭირთ პროგნოზირება, რამდენით შეიძლება გაგვიძვირდეს ცხოვრება.
რითი თბებიან და ამზადებენ საჭმელს საქართველოში - წაიკითხეთ ბოლო სტატისტიკა
მურმან მარგველაშვილი, "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორი ენერგეტიკის საკითხებში: "ბევრი წინა პირობა მიანიშნებს, რომ დენის ტარიფი საქართველოში შესაძლოა გაიზარდოს. მათ შორის არის ელექტროენერგიის გაზრდილი მოწოდება თბოსადგურებიდან და იმპორტიდან, ინვესტიციები, რაც დარგში უნდა ჩაიდოს და სხვ. თუმცა სხვა წინა პირობამ შესაძლოა შემცირებისკენაც იმოქმედოს - ეს არის მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის ზრდა. შესაბამისად, ქსელური კომპანიების ხარჯების წილი 1 კვტ/სთ-ზე შემცირებულია. ამიტომ წინასწარ თქმა, გაიზრდება თუ არა ტარიფი, სპეკულაცია იქნებოდა, თუმცა პირდაპირ შეგრძნების დონეზე შეფასებას თუ გავაკეთებ, მგონია, რომ ტარიფი მაინც გაიზრდება.
ოღონდ რამდენით, ამის შესატყობად მოცდა მოგვიწევს. ჩვენ ტარიფის ზრდას კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ - ის, რასაც გვიდგენს სეწმეკი, სწორია და ჩვენი ინტერესების შესაბამისი. ამისათვის კი აუცილებელია სეწმეკს გამოეყოს საზოგადოებრივი დამცველის სამსახური და მას ჰქონდეს დამოუკიდებელი მოკვლევის შესაძლებლობა და პასუხი კითხვაზე, რამდენად სწორად გვიდგენს ტარიფებს მარეგულირებელი.
მრიცხველის შემოწმების მეთოდი თუ ეჭვობთ რომ გაზრდილ გადასახადს იხდით
საქართველოში ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, გვინდა თუ არა ამ მოცემულობის გამოსწორება. ამ ყველაფერს კაპიტალდაბანდება სჭირდება და უნდა შევთანხმდეთ, მზად ვართ თუ არა მის გასაღებად. ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება, შესაბამისად, რეგიონებში იქმნება სასტუმროების ქსელი და მათ სტაბილური ენერგომომარაგების მოთხოვნა უჩნდებათ; უნდა შევთანხმდეთ, გვინდა თუ არა, რომ სოფლებში ელექტროსადენების ბოძები არ იყოს საშიში მოსახლეობისთვის. თუ ამაზე შევთანხმდებით, მაშინ ამის მოსაწესრიგებლად გაღებული თანხები ტარიფში უნდა აისახოს, გაზრდილი ტარიფი კი ჩვენ, აბონენტებმა უნდა გადავიხადოთ, ოღონდ მდიდრებმა და ღარიბებმა სხვადასხვანაირად.
შეძლებულმა ადამიანმა ტარიფის სრული საფასური უნდა გადაიხადოს, სოციალურად დაუცველს კი სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. ტარიფი უნდა იყოს სწორი და არა მაღალი ან დაბალი და ის უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ენერგეტიკულ პოლიტიკას.
დიდი ხნის განმავლობაში კომპანიის ხარჯზე ენერგიის მიწოდება ვერ მოხდება. აღარ ჩაიდება ინვესტიციები, ხარისხი გაუარესდება და პრობლემები შეექმნება ეკონომიკის განვითარებასაც და ენერგეტიკულ უზრუნველყოფასაც. ეს, საბოლოოდ კვლავაც მოსახლეობის გადასახდელი იქნება და უფრო ძვირიც დაჯდება, რადგან გაფუჭებული საქმის გამოსწორება მეტი ჯდება, ვიდრე არსებულის შენარჩუნება და განვითარება. მერწმუნეთ, ჩვენთან არსებული ტარიფები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში და რომ არავინ იფიქროს, თითქოს არ მახსოვს ჩვენი მოსახლეობისა და საშუალო-სტატისტიკური ევროპელის შემოსავლები, გეტყვით, ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაშიც ბევრად ჩვენზე მაღალი დენის ტარიფები მოქმედებს. ტარიფი არ უნდა იყოს პოლიტიკური მანიპულირების საგანი. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დაბალი ტარიფი ყირგიზეთშია, სადაც ტარიფის ზრდის გამო მთავრობაც კი გადააყენეს.
ტარიფის ხელოვნურად შემცირებას კი არ უნდა ვესწრაფოთ, არამედ მოსახლეობის სოციალური პრობლემები ეკონომიკური ზრდით უნდა დავაკომპენსიროთ. ეკონომიკა უნდა განვავითაროთ ისე, რომ მოსახლეობას შეეძლოს ტარიფის გადახდა".
ანდრია გვიდიანი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი: "ტარიფის დათვლის პროცესში რამდენიმე კომპონენტი მონაწილეობს, ამიტომ ახლა ჩემგან თქმა, გაიზრდება თუ არა იანვრიდან დენისა და წყლის ტარიფი, ცოტა არასერიოზულია. ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ახლა შეფასება, 2-3 თეთრით გაიზრდება თუ შემცირდება დენისა და წყლის ტარიფი, რადგან ამაზე მთელი წლის განმავლობაში მუშაობს მარეგულირებელი კომისია. ეს რთული, რუტინული პროცესია. ვინმემ რომ კონკრეტული პროგნოზი გააკეთოს, უბრალოდ, არადამაჯერებელი იქნება.
ლარის კურსის პროგნოზის გაკეთება ბევრად მარტივია, ვიდრე ახლა ტარიფებისა. თუმცა მინდა ტარიფთან დაკავშირებულ რამდენიმე გარემოებაზე გავამახვილო თქვენი და მკითხველის ყურადღება: ცოტა ხნის წინ ჩვენ დავასრულეთ მუშაობა კვლევაზე, რომელიც ენერგეტიკის სექტორში არსებულ სატარიფო პოლიტიკას ასახავს. კომპანიების წუხილი და პრეტენზიები ძირითადად ეხება იმას, რომ ყველა მათი ხარჯი სრულად არ აისახება. უმეტესად ეს განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფოს, და მათ შორის მარეგულირებელ კომისიას, აქვს სოციალური ტარიფების დაჭერის პოლიტიკა. შესაბამისად, ეს ხდება დარგის საჭიროებების ხარჯზე. თუ გვინდა გვქონდეს განვითარებული დარგი, თუ გვინდა გვქონდეს ხარისხიანი მომსახურება და მაღალი ხარისხი ენერგეტიკის სექტორში, შესაბამისი ტარიფი უნდა გადავიხადოთ. ბუნებაში არ არსებობს არაფერი იაფი და ხარისხიანი. ინვესტიციები, რაც დარგის განვითარებას სჭირდება, ხშირად სწორედ იმიტომ ფერხდება, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ დაბალი ტარიფი. თუ სახელმწიფოს პოლიტიკაა, მაქსიმალურად გვერდით დაუდგეს სოციალურად გაჭირვებულ ფენას, შეუძლია იმ მომხმარებლების მიზნობრივი სუბსიდირება, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს.
ნახეთ, რა ხდება ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სექტორში, სადაც მეტად მძიმე მდგომარეობა გვაქვს ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. მეტ-ნაკლებად ნორმალური მდგომარეობაა ელექტროენერგეტიკაში და ისიც თბილისში, ნახეთ, რეგიონებში რა ხდება. კახეთის ენერგოდისტრიბუციაში კატასტროფული მდგომარეობაა, კომპანია, ფაქტობრივად, დოტაციურია და სახელმწიფოს ამგვარი მიდგომის გამო იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ ინვესტორებისთვისაც არ არის საინტერესო. მაღალია დანაკარგები, ქსელში ხშირია ავარიული შემთხვევა. ეს არის რეალური მაგალითი, რას უშვრება დაბალი ტარიფების დაჭერის პოლიტიკა ენერგოსექტორს.
გასათვალისწინებელია, რომ ბოლო 1 წელიწადში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 1 მილიარდი კვტ/სთ-ით არის გაზრდილი და გაისადაც მოხმარების მეტად გაზრდას ველოდებით. შესაძლოა ვიღაცამ იფიქროს, რომ კომპანიებს შემოსავლებიც ეზრდებათ და შესაბამისად, ტარიფების ზრდა არ უნდა მოითხოვონ. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენთან ენერგოსექტორის მკაცრი რეგულირების პრინციპები მოქმედებს, მათ შორის, რეგულირებულია ზღვრული შემოსავლებიც. აქ საქმე არა გვაქვს ჩვეულებრივი პროდუქტის გაყიდვასთან, როცა მეტის გაყიდვისას მეტ შემოსავალს მიიღებ და ამიტომ არგუმენტი, რომ კომპანიამ მეტი გაყიდა და მოგება გაეზარდა, არ არის ლეგიტიმური. მოხმარების ზრდიდან მიღებული შემოსავალი უმეტესად გენერაციაში მიდის და იქაც ტარიფი მემორანდუმით არის დარეგულირებული - ანუ ჩვენ გვაქვს ვერტიკალურად ინტეგრირებული მონოპოლისტური ბაზარი, სადაც კონკურენციის ნიშნები ნელ-ნელა იკვეთება.
ევროპასთან ინტეგრირების ნაწილში ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულებები, რომ ეტაპობრივად გადავიდეთ კონკურენტული ბაზრის მოდელზე.ეს ნიშნავს, რომ გენერაციაში კონკურენცია უნდა შეიქმნას. მოგეხსენებათ, განაწილება ბუნებრივი მონოპოლიაა, აქ კონკურენციის ელემენტები ვერ გაჩნდება და ელექტროენერგეტიკაში კონკურენტული ბაზრის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ გამომუშავების ნაწილში. ეს სექტორი ჩვენს ქვეყანაში დარეგულირებულია კომპანიებს შორის გაფორმებული მემორანდუმებით, სადაც განსაზღვრულია ელექტროენერგიის შესასყიდი ფასები და აქაც რთულია კონკურენციის ელემენტების შემოტანა.
ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს ენგურჰესზე, რომელიც სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ფაქტობრივად ორად არის გაყოფილი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის - დამბები ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ხოლო რეზერვუარები ჩვენს იურისდიქციაში მყოფ ნაწილში. თავის დროზე მოხდა შეთანხმება, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უნდა წაეღო ოკუპირებულ აფხაზეთს, ხოლო 60% საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის ელექტრომომარაგებას მოხმარებოდა. თუმცა ეს შეთანხმება არ სრულდება და აქ გამომუშავებული ენერგიის 100% ფაქტობრივად აფხაზეთში მიემართება.
ეს არის ყველაზე იაფი ელექტროენერგია, 1,18 თეთრია მისი შესასყიდი ფასი და ამ ელექტროენერგიას ჩვენი ქსელი ვერ იყენებს. აფხაზეთში არ მოქმედებს გამრიცხველიანების სისტემა, ყოვლად მოუწესრიგებელია ქსელი. ამას ისიც ემატება, რომ იქ არ არის გაზი და რეგიონი მთლიანად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. აფხაზეთში მოხმარებაც კატასტროფულად იზრდება, მიწოდებული ელექტროენერგიაც აღარ ჰყოფნით. გასულ ზამთარს შევისყიდეთ კიდეც რუსეთიდან ელექტროენერგია და აფხაზეთს მივაწოდეთ. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, სპეციალურად უნდა ვყიდულობდეთ თუ არა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიას. ცოტა არ იყოს, უცნაურია ისიც, რომ ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიით ჩვენ აფხაზეთში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზებს ვამარაგებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მძიმე საკითხია, ამაზე პოლიტიკური კონსულტაციები აუცილებლად უნდა დაიწყოს.
ნელ-ნელა ვაპირებთ საათობრივ ტარიფებზე გადასვლას. ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს. ე.წ. დღისა და ღამის ტარიფების შემოღება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ღამე, როცა ყველაზე ნაკლებია ელექტროენერგიის მოხმარება, დენი უფრო იაფი იყოს, ვიდრე დღისით და პიკურ პერიოდებში.
შესაბამისად, მომხმარებელი თავად დაარეგულირებს მოხმარების განრიგს. ამასაც სჭირდება ინვესტიციების დაბანდება და თუ ეს მოხდება, ეს ინვესტიციები ყველა შემთხვევაში უნდა აისახოს ტარიფში. შესაბამისად, თუ გვინდა ხარისხიანი მომსახურება, თუ გვინდა საათობრივი ტარიფები, ამაში ფულიც უნდა გადავიხადოთ".
ემა ტუხიაშვილი
წყარო: "კვირის პალიტრა"