ანაბრების დაზღვევა სავალდებულო გახდა - ვის დაეკისრება დაზღვევის საფასურის გადახდა
5 000 ლარამდე ოდენობის დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 1 იანვრიდან ამოქმედდა, შესაბამისად, 16 ბანკს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, დაეკისრათ ვალდებულება, რომ რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტები დააზღვიონ. ბანკის გაკოტრების შემთხვევაში კი დეპოზიტარს კუთვნილი თანხა 20 დღეში დაუბრუნდება.
ახალი რეგულაციის თანახმად, ბანკები დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ლარის დეპოზიტებზე ყოველთვიური ბალანსის 0,067%-ს უხდიან, ხოლო უცხოურ ვალუტაზე 0,1%.ს როგორც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსმა, ოთარ ძიძიკაშვილმა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, დეპოზიტების დაზღვევის საფასურის გადახდას სახელმწიფო არა დეპოზიტარებს, არამედ ბანკებს აკისრებს. სწორედ ამიტომ ბიზნეს სექტორის გადასაწყვეტია, დაზღვევის თანხებს საკუთარი შემოსავლიდან გადაიხდის, თუ ამის ვალდებულებას დეპოზიტარებს დააკისრებს, - "თუმცა დღეს არსებული კონკურენციიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბანკებმა დაზღვევის თანხის გადახდა დეპოზიტარებს დააკისრონ", - აღნიშნავს ოთარ ძიძიკაშვილი.
რა არის დეპოზიტების დაზღვევა და რატომ გახდა მისი ამოქმედება საჭირო?
ოთარ ძიძიკაშვილის განმარტებით, დეპოზიტების დაზღვევა ფინანსური სტაბილურობის განმტკიცების დამატებითი ბერკეტია, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ბანკს გადახდისუუნარობის პრობლემა დაუდგებოდა, დეპოზიტებზე პასუხისმგებელი ორგანო არ არსებობდა, ახლა კი ვითარება შეიცვალა.
"ამ სისტემის მეშვეობით,ბანკის გაკოტრების საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში პანიკა აღარ იქნება, რადგან რეალურად, ჩნდება ის უწყება, რომელიც დეპოზიტების დაბრუნებაზეა პასუხისმგებელი. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა უნდა დანერგოს, ესეც მისი დანერგვის ერთ-ერთი მიზეზია,"- განმარტავს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი.
ახალი რეგულაციის თანახმად, დაზღვევის ვალდებულება გავრცელდება ნებისმიერი სახის პოზიტიურ ბალანსზე, რომელიც 5 000 ლარამდეა, ბლოკირებული თანხები კი არ დაიზღვევა.
"ნებისმიერი ხელმისაწვდომი თანხა, პოზიტიური ბალანსი, რაც მოქალაქეს გააჩნია და დაბლოკილი არ არის, იქნება ეს ვადიანი ანაბარი თუ მიმდინარე ანგარიში, ყველაფერი დაზღვეულია. მაგალითად, თუ სამ სხვადასხვა ბანკში ცალ-ცალკე გაქვს 5000-5000 ლარი, ისინი ცალ-ცალკე დაიზღვევა.
დაზღვევას არ ექვემდებარება ყადაღადადებული ანგარიში, რადგან მისი მფლობელის ვინაობა გაურკვეველია, ასევე თანხა, რომელიც საგარანტიო სესხის უზრუნველყოფის კუთხითაა დადებული," - აღნიშნავს ის.
ოთარ ძიძიკაშვილის თქმით, 5 000 ლარამდე დეპოზიტების დაზღვევა, რომელთა მოცულობაც 4,2 მილიონი ლარია, ბანკებს წლიურად 12 000 მილიონი ლარი დაუჯდებათ, რაც მისი თქმით 800 მილიონის მოგების მქონე საბანკო სექტორისთვის წნეხი არ იქნება.
"2018 წელს ბანკების მოგება კიდევ უფრო გაიზრდება და სავარაუდოდ, 900 მილიონს მიაღწევს, ამიტომ ეს არ არის ისეთი თანხა, რომ საბანკო სექტორს დააწვეს," - დასძენს ის.
აღსანიშნავია, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში ჩართულები არიან მხოლოდ საბანკო სექტორი და არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთაც აღნიშნული მოცულობის თანხების დეპოზიტარებისგან მიღება აკრძალული აქვთ და მხოლოდ 100 000 ლარის მიღება შეუძლიათ. შეკითხვაზე, რამდენად მიმზიდველი იქნება დეპოზიტარებისთვის 5 000 ლარის მოცულობის თანხის დაზღვევა და როგორ ეფექტს მოახდენს ის, ოთარ ძიძიკაშვილი პასუხობს:
"მოქალაქეს ხშირ შემთხვევაში თანხა მოკლევადიან ანაბარზე შეაქვს, ვინაიდან შესაძლოა, მას მეტი თანხა არ აქვს ან საფინანსო ინსტიტუტისთვის გრძელვადაში თანხის მისაცემად ნდობა არ გააჩნია, რისკებს ხედავს ან უბრალოდ ანაბრის დაზღვევის კომფორტი არ აქვს. სწორედ აქედან გამომდინარე, ეს სისტემა არსებობს და უკვე მოქალაქეს ამ მხრივ დისკომფორტი აღარ ექნება. მას შეუძლია, თუნდაც ნაკლებად ცნობად ბანკს, რომელსაც შეიძლება, უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი ჰქონდეს, უფრო გრძელვადიანად მიანდოს თავისი ფული და თანხა 5 წლიან ან უფრო გრძელვადიან დეპოზიტზე განათავსოს, სადაც უკვე გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებს. ბანკების ნაწილს ცნობადობა არ გააჩნია და შესაბამისად, სანდოობის ხარისხიც თავისთავად ნაკლები იყო, ეს სისტემა ცნობადობის და სანდოობის პრობლემასაც ხსნის და თუ ბანკს აქვს მისაღები საპროცენტო განაკვეთი, მოქალაქეს შეუძლია, ენდოს და არ იფიქროს იმაზე, ამ ბანკს რა შეიძლება დაემართოს.
თავისთავად გაკოტრების, გადახდისუნარიანობის პრობლემა დღევანდელ საბანკო სექტორში არ არის და უახლოეს 2-3 წლის განმავლობაში ამის ნიშნები არ ჩანს,თუმცა, ჩვენ არ ვიცით რა შეიძლება მოხდეს 4-5 წლის შემდეგ, 5 წლის პერსპექტივით ყველაფრის დანახვა ცოტა რთულია, აქედან გამომდინარე, გრძელვადიანი პერიოდისთვის ამ სისტემის არსებობა მნიშვნელოვანია," - განმარტავს ის.
როგორ აკუმულირდება დეპოზიტების დაზღვევაში გადახდილი თანხები?
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის განმარტებით, დაზღვევის სააგენტოს ფონდში შესული თანხების ფასიან ქაღალდებში ინვესტირება მოხდება.
"ამ ეტაპზე ჩვენ სახაზინო ობლიგაციებს ვყიდულობთ. დეკემბერში შევიძინეთ 5 წლიანი ვადიანობის მქონე ფასიანი ქაღალდები, შესაბამისად, ჩვენი სტრატეგიის თანახმად 5 წლიანი და 2 წლიანი სახაზინო ობლიგაციების შეძენას მოვახდენთ. როდესაც ფონდი გაიზრდება, შესაძლებელია, რომ ამ თანხის ინვესტირება საზღვარგარეთაც უცხოურ ფასიან ქაღალდებში მოხდეს. ეს არის ურისკო აქტივები და იმ შემთხვევაში თუ კრიზისი დადგება, თავისთავად, ყოველთვის შეგვეძლება, რომ ძალიან მარტივად გადავაკონვერტიროთ თანხა და დავურიგოთ მეანაბრეებს", - აღნიშნავს ის.
დეპოზიტების დაზღვევის პრაქტიკა უცხოეთში
როგორც ოთარ ძიძიკაშვილი განმარტავს, დეპოზიტების დაზღვევა 140-მდე ქვეყანაში მოქმედებს, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ეკონომიკებში, ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და აშშ-ში. ევროკავშირში კი დასაზღვევი დეპოზიტის ზღვარი 100 000 ევროა.
"დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო აშშ-ში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ამ პერიოდში მისი ფუნქციები დაიხვეწა და გაძლიერდა. აშშ-ში არაერთი ბანკი გაკოტრდა და სწორედ სააგენტოს ფუნქციაა, რომ დეპოზიტარებს თანხები აუნაზღაუროს. სტატისტიკური მონაეცემების მიხედვით, დღეს აშშ-ში 5 500-ზე მეტი ბანკია, 2008-12 წლებში კი 463 ბანკი გაკოტრდა, ყველა შემთხვევაში კი დეპოზიტების ანაზღაურება სააგენტოს მოუწია", - განმარტავს ოთარ ძიძიკაშვილი.
მისივე თქმით, 2020 წლიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირებიც ჩაერთვებიან, პერიოდულად კი დასაზღვევი დეპოზიტის 5 000 ლარიანი ლიმიტი კიდევ უფრო გაიზრდება.
დეპოზიტების დაზღვევის თანხას ბანკები ყოველი თვის 15 რიცხვში გადაიხდიან, თუმცა მათ სააგენტოს ფონდში 100 000 ლარიანი შენატანები დეკემბერში უკვე გააკეთეს.