როგორია საქართველოში ბანკების მოგება?
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის, ოთარ ძიძიკაშვილის პროგნოზით, საქართველოში არსებული ბანკების მოგება წელს დაახლოებით 900 მილიონ ლარამდე გაიზრდება - აღნიშნული მან დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2017 წელს საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ დაახლოებით 800 მილიონი ლარი შეადგინა.
როგორია მიმდინარე წლის პროგნოზები და რის საფუძველზე შეიძლება გაეზარდოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომერციულ სექტორს მოგება, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძეს ვესაუბრეთ. მისი შეფასებით, ქვეყანაში ფინანსური სექტორის მოგება ყოველ წელს იზრდება და სავარაუდოდ, წელსაც ამ მიმართულებით დადებითი ტრენდი იქნება.
"სავარაუდოდ, ბანკების წმინდა მოგება წელსაც გაიზრდება. მოგება განაპირობა იმან, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მუდმივად განვითარებადია, ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სექტორია, წამყვანი ბანკები ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან გასულები და შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ მაღალკვალიფიციური მენეჯმენტი დაიქირავონ, კარგად იმუშაონ და ამით თავიანთი მოგება გაზარდონ. საბოლოო ჯამში, წარმოუდგენელია, ბანკებმა მოგება ისე ნახონ, რომ ქვეყანა არ განვითარდეს. თუ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება, ბანკებიც თავიანთ მოგებას რა თქმა უნდა, გაზრდიან, მეტ კლიენტს მოიზიდავენ და ადამიანებსაც მომავლისადმი რწმენა მეტად ექნებათ და ეცდებიან საკუთარი კომფორტი გაზარდონ, მეტი ბინა, ავტომობილი, ტექნიკა შეიძინონ, მეტი გაარემონტონ და ამისთვის საბანკო სესხი გამოიყენონ", - განმარტავს გიორგი კეპულაძე.
რაც შეეხება მიღებული მოგების წყაროს, გიორგი კეპულაძის განმარტებით, გარდა ჩამოთვლილი ფაქტორებისა, ბანკები მოგებას ძირითადად, სესხის გაცემით იღებენ.
"ბანკის აქტივი არის სესხი, ანაბარი და დეპოზიტი მისთვის ვალდებულებაა, თავისთავად, ბანკები ძირითად მოგებას, რა თქმა უნდა, სესხების გაცემით იღებენ, მაგრამ იმისთვის, რომ სესხები გასცენ, ანაბრები უნდა მოიზიდონ. თავისთავად ამის დაბალანსება და რისკების გათვლა უწევთ. მაგრამ ძირითადი აქტივი რა თქმა უნდა, არის ბანკისთვის გაცემული სესხები და მნიშვნელოვანია, რომ სესხების ნაწილში ყველაფერი დაბალანსებული და სწორად გათვლილი იყოს", - აღნიშნავს "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე.
რა მოცულობით სესხი გასცა საქართველოში არსებულმა კომერციულმა ბანკებმა და რამდენს შეადგენს ანაბრების ჯამური რიცხვი?
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით 21,6 მილიარდი ლარია, - "ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 235 მილიონი ლარით (2,8%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 798,7 მილიონი ლარით (6,6%-ით)," - განმარტებულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
რაც შეეხება დეპოზიტების მოცულობას, 2017 წლის პირველი დეკემბრისთვის, არასაბანკო დეპოზიტების მაჩვენებელი 19,9 მილიარდ ლარზე მეტი იყო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.4 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნებულია ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ბანკების მოგება. Allnews.ge გთავაზობთ რამდენიმე წამყვანი ბანკი წმინდა მოგების მაჩვენებლებს, 2017 წლის პირველი კვარტლის მიხედვით:
"თიბისი" ბანკი - 66 517 189 ლარი (წინა წლის შესაბამისი პერიოდი - 36 706 981 ლარი)
"საქართველოს ბანკი" - 118 358 999 (წინა წლის შესაბამისი პერიოდი - 26 752 617 ლარი)
"ლიბერთი ბანკი: - 9 716 720 (წინა წლის შესაბამისი პერიოდი - 4 342 516 ლარი)