30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა იანვარ-თებერვალში გორის ქარის ელექტროსადგურმა? | Allnews.Ge

რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა იანვარ-თებერვალში გორის ქარის ელექტროსადგურმა?

გორის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წლის იანვარ-თებერვალში 13 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიაზე მეტი გამოიმუშავა. ქართლის ქარის ელექტროსადგურის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე ყაზარაშვილის ინფორმაციით, ელექტოსადგურის გამომუშავება 2017 წლის ამავე თვეებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა.

"გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ქსელში ეშვება და შემდეგ ქსელი ანაწილებს. თვეების მიხედვით გამომუშავებას რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია პერიოდებზე ანუ ზამთარში მეტია, ზაფხულში შედარებით ნაკლები, შემოდგომაზე ცოტა მეტი და ასე ანუ დინამიკა სეზონების მიხედვით სხვადასხვანაირია. იანვარ-თებერვალში გამომუშავებული 13 მილიონ კვტ/საათზე მეტი წინა წლის ამ დროის მაჩვენებელს აღემატება, თუმცა ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება დამოკიდებულია ამინდზე, როცა ქარი მეტია, გამომუშავებაც იზრდება", - განმარტავს თორნიკე ყაზარაშვილი.

მისივე თქმით, ელექტროსადგურის პროექტის მოლოდინებმა გაამართლა, რადგან გამომუშავება საპროექტო მაჩვენებელზე მაღალი იყო.

"ბევრ რაღაცაში, რაშიც გვეგონა, რომ ცუდი შედეგი გვექნებოდა, რეალობამ სხვა აჩვენა და საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოვიდა. არავინ არ მოელოდა, რომ თუნდაც ქარის რესურსის ათვისებას ამხელა შედეგი მოჰყვებოდა. ელექტროსადგურის წლიური მუშაობა პროცენტულად რომ ავიღოთ, შარშანდელი წელი დაიხურა 50,62%-ით, რომელიც საქართველოში ქარის სადგურების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მაგალითად, 24 საათში 100%-ით რომ იმუშაოს, პროცენტულად ვითვლით, იქიდან რამდენი იმუშავა ანუ დღის განმავლობაში რესურსი რამდენად აითვისა" - აღნიშნავს ყაზარაშვილი.

რამდენ ოჯახს აკმაყოფილებს გორის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია?

ამ კითხვით ენერგეტიკოს ანზორ ჭითანავას მივმართეთ. მისი განმარტებით, ერთი ოჯახი დღე ღამეში დაახლოებით 2-3 კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარს, შესაბამისად, გორის ქარის ელექტროსადგური, რომელმაც ბოლო ორ თვეში 13 მილიონი კვ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, განახლებადი ენერგიის თვალსაზრისით, წარმატებული პროექტია.

"ეს იყო საპილოტე პროექტი, რომლის წარმატებაში ყველა დავრწმუნდით. მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გამოყენების სპექტრს ორგანული საწვავისგან ათავისუფლებს და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ქარს იყენებს. მიუხედავად ამისა, მისი ნაკლია სეზონურობა და გამომუშავების ცვალებადი რეჟიმი, ამიტომ, როგორც წესი, მისი გამოყენების კოეფიციენტი შედარებით დაბალია გენერაციის სხვა წყაროებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, მისი სისტემაში არსებულ სიმძლავრეებთან შეწყობა ამ მაჩვენებლებს არეგულირებს.

ქარის გენერაციის წყაროები საქართველოში საკმარისადაა, მაგრამ ენერგოსისტემის განახლებად ენეგიაზე აწყობა შეუძლებელია. უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ქარის ენერგიაზე ჩვენი მოხმარების დაახლოებით 20%-ის გადაყვანა შეგვიძლია"- აღნიშნა ენერგეტიკოსმა.

მისივე ვარაუდით, სამომავლოდ, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება და სოფლის მცხოვრებლებს ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად მეტი ელექტროენერგიის მოხმარება დასჭირდებათ, დღე-ღამეში დაახლოებით 10 კილოვატამდე, შესაბამისად, მიწოდებაც უნდა გაიზარდოს.

"ქარის სადგურები გამოყენებული უნდა იყოს მაღალმთიან ზონებში, მოსახლეობის ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობისათვის, რომ ჩვენ ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურა თუ სასოფლო-სამეურნეო წარმოება უზრუნველვყოთ. ახლა ამ მიმართულებით ქვეყანაში გარკვეული ძვრებია საჭირო," - აღნიშნავს ანზორ ჭითანავა.

გორის ქარის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებებიც იგეგმება.
როგორც თორნიკე ყაზარაშვილმა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, დაგეგმილია სიმძლავრის 20,7 მეგავატიდან 100 მეგავატამდე ზრდა.

"აქაც ცოტა სხვა ტექნიკური საკითხებია გადასაწყვეტი და როგორ მოხდება ქსელთან მიერთება, რა სიმძლავრეს მიიერთებს ქსელი და სხვა საკითხებზე მუშაობა ჯერჯერობით შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს, იმიტომ რომ ტექნიკურად გამართულობა როგორ მოხდება მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული," - აღნიშნა თორნიკე ყაზარაშვილმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ელექტროსადგურის აქციების ფასები დადგენილი არ არის და აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა იმედი აქვს, რომ მიმდინარე წელს აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გამოჩნდება.

გორის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა პარტნიორმა კომპანიებმა "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსა. ელექტროსადგურის მშენებლობაზე 34 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ის ექვსი აგრეგატისგან შედგება და თითოეული მათგანის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს.