როგორი იქნება მოიერიშე თვითმფრინავი, რომლის წარმოებაც საქართველოში იგეგმება?
"თბილავიამშენი" მოიერიშე თვითმფრინავის, "სუ-25"-ის ღრმა მოდიფიკაციას გეგმავს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარიდან დაიწყება. ღირებულება დამოკიდებული იქნება საბაზისო კომპლექტაციის შესრულების სახეზე.
ახალი მოიერიშე თვითმფრინავის სახელია "ჯე-31" (ბორა), რომელიც "თბილავიამშენის" საგარეო ტექნიკური კავშირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ლევან ცირეკიძის განმარტებით, "სუ 25"-ის ახალი სიცოცხლე და მისი ღრმად მოდერნიზებული ვარიანტი იქნება.
"ჩვენს ხელმძღვანელებს აქვთ ასეთი იდეა, რომ საფრენი აპარატის ღრმა მოდერნიზაცია მოხდეს, ყველა დადებითი მხარე, რაც მას აქვს, დავტოვოთ და საექსპლუატაციო ან საბრძოლო გამოცდილების დროს გამოჩენილი სუსტი მხარეები გამოვასწოროთ. მოვახდინოთ მისი თავსებადობა თანამედროვე უსაფრთხოებისა და თავდაცვითი კონცეფციების სტანდარტებთან. თუმცა არის ერთი მომენტი, ამ ეტაპზე ვერ ვიღებთ მაკომპლექტებელ აგრეგატებსა და დეტალებს. საბჭოთა დროს ძირითადი მომწოდებელი რუსეთი იყო, რომელთანაც დღეს ოფიციალურ დონეზე ურთიერთობა არ გვაქვს, თუმცა, გარეკვეული აგრეგატებისა და დეტალების შეძენა შეიძლება", - განმარტა ლევან ცირეკიძემ Allnews.ge-სთან საუბარში.
"თბილავიამშენის" წარმომადგენლის ინფორმაციით, დღის წესრიგში დგას მოდერნიზებული "სუ-25" დასავლური ან ამერიკული წარმოების აგრეგატებით და სისტემებით დაკომპლექტდეს.
"გვსურს, რომ ეს საფრენი აპარატი თავსებადი იყოს NATO-ს უსაფრთხოების კონცეფციასთან, საფრენი აპარატი დავალების შესრულებისას ხშირ შემთხვევაში მოქმედებს მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად. აგრეთვე მას კავშირი აქვს მიწისზედა ობიექტებთან, როგორც მოძრავ ჯავშანსატანკო ერთეულებთან, აგრეთვე მართვის სამეთაურო პუნქტებთან. ამისათვის საჭიროა კომუნიკაციის სისტემების თავსებადობა“- აღნიშნავს ის.
რას წარმოადგენს „სუ-25“ და როგორი იქნება მისი მოდერნიზებული ვარიანტი "ჯე-31" (ბორა)?
"სუ-25" წარმოადგენს ახლო მხარდამჭერი ოპერაციების წარმოების მოიერიშე თვითმფრინავს, რომლის ფუნქციური დანიშნულებაა მოწინააღმდეგის მიწისზედა ობიექტების, სამეთაურო პუნქტებისა და მოძრავი ჯავშანერთეულების განადგურება. თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანაში "სუ-25"-ის წარმოება 1979 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად იწარმოებოდა ერთადგილიანი საბრძოლო სუ-25, ხოლო 90-იანი წლებიდან პარალელურად დაიწყო ორ ადგილიანი, სასწავლო-საბრძოლო "სუ-25უბ"-ის წარმოება.
"თბილავიამშენის" ინფორმაციით, წლების მანძილზე სულ გამოშვებული იქნა 900 ერთეული "სუ-25," რომლებიც თბილისში არსებული ქარხნის ბაზაზეა შექმნილი. სს "თამ" თბილავიამშენი "სუ-25" -ის პროექტირებისა და წარმოების ყველა საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მფლობელია.
"თავისი კლასიდან გამომდინარე "სუ 25-ს" აქტიური კავშირი აქვს მიწისზედა ობიექტებთან, როგორც მოძრავ ჯავშანსატანკო ერთეულებთან, ასევე მართვის ცენტრალიზებულ პუნქტებთან. საფრენი აპარატები იყოფა კლასების მიხედვით, მაგალითად, "სუ 25" ახლო მხარდაჭერის საფრონტო მოიერიშეთა კლასს მიეკუთვნება. კერძოდ, შესასრულებელი ამოცანის შესახებ ინფორმაციას იღებს კონკრეტულ სეგმენტში განთავსებული ჯავშანსატანკო ერთეულიდან, ხოლო მფრინავი ორიენტირებულია მცირე ზომის მიწისზედა ობიექტის ზუსტ განადგურებაზე. "სუ 25"-ს მიწისზედა სამეთაურო პუნქტებთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს," - განმარტა ლევან ცირეკიძემ.
ლევან ცირეკიძის თქმით, არსებული "სუ 25"-ის მაქსიმალური სიჩქარე 950 კმ/სთ, მოქმედების რადიუსი 375 კილომეტრი, ხოლო ფრენის სიმაღლე 10 000 მეტრია.
განახლებული მოიერიშე თვითმფრინავის შემთხვევაში კი აღნიშნული პარამეტრების ზრდა იგეგმება.
არსებობს გარკვეული სუსტი მხარეები, მაგალითად "სუ-25" ვერ მოქმედებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში, აგრეთვე სუსტი თავდაცვითი სისტემური უზრუნველყოფა, რაც მის საბრძოლო ღირსებას მკვეთრად ამცირებს. აღნიშნული მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში იგეგმება ყველა ამ ზემოაღნიშნული ნაკლოვანი მხარის აღმოფხვრა.
"გარდა სხვა სახელმწიფოებისა ჩვენ მიერ წარმოებულ "სუ-25"-ებს ახლაც ექსპლუატაციას უწევს რუსეთის საჰაერო ძალები. მათ შექმნეს სისტემური მოდერნიზაციის სახე და დანერგეს აღნიშნულ გამანადგურებლებზე. აღნიშნულ, მოდერნიზირებულ თვითმფრინავებს ისინი დღესაც ძალიან აქტიურად იყენებენ, რაც მკაფიოდ წარმოაჩინა სირიის კონფლიქტის დროს განხორციელებულმა წარმატებულმა საჰაერო იერიშებმა. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს "სუ-25" ის ეფექტურობაზე და მოდერნიზაციის ამოუწურავ შესაძლებლობაზე.
ლევან ცირეკიძის განმარტებით, დღეს, როდესაც კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული საჰაერო დაბომბვების დროს გამოწვეული შემთხვევითი მხვერპლი, თითოელი მოქალაქის სიცოცხლე ფასეული გახდა და რამდენიმე ტერორისტის გასანადგურებლად არაა მიზანშეწონილი მასშტაბური საჰაერო იერიში, "სუ 25"-ს სწორედ ამის შესაძლებლობა გააჩნია, მას შეუძლია მჭიდროდ დასახლებულ რაიონში განახორციელოს ზუსტი საჰაერო დარტყმა მცირე ზომის ლოკალურ სამიზნეზე.
კონკრეტულად, როდის მოხდება "ჯე-31"-ის წარმოება, ლევან ცირეკიძეს ზუსტი პასუხის გაცემა უჭირს, რადან ავიამოიერიშე თვითმფრინავზე ძირითადი სამუშაოების დასაწყებად უცხოელი მწარმოებლებისგან ძრავის მიღებას ელოდებიან, რაც გარდამტეხი იქნება სამუშაოების შემდეგი ეტაპის დასაწყებად. აგრეთვე გასათვალისწინებელია ფინანსური მხარე და პროექტის ბიუჯეტი, მიმდინარეობს მატერიალური სახსრების მოძიება და მოლაპარაკებები პროექტში ფინანსური პარტნიორების ჩასართავად.
"ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევროპისა და შეერთებული შტატების რამდენიმე მწარმოებელთან, ეს პროცესი ხანგრძლივია და შეიძლება ერთი წელიც გაგრძელდეს," - აღნიშნა ლევან ცირეკიძემ.
მოდერნიზებული "სუ 25"-ით რამდენიმე ქვეყანა უკვე დაინტერესებულია, მათ შორის პოსტსაბჭოური, ახლო აღმოსავლეთის და არაბული სახელმწიფოა."ძირითადი მომხმარებლები არიან აფრიკა, აზიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები, "სუ 25"-ებს პერუს საჰაერო ძალებიც უწევენ ექსპლუატაციას. შეიძლება სახელმწიფო არ აწარმოებდეს საბრძოლო მოქმედებებს, მაგრამ ქვეყნის პრესტიჟისა და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე აუცილებელია მოქნილი და ეფექტური საავიაციო ნაწილების ყოლა. ვფიქრობ, რომ ეს თავისი შესაძლებლობებითა და ფუნქციური დანიშნულებით საქართველოს შეიარეღებული ძალებისთვის იდეალური საფრენი აპარატია.
ამჟამად მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩვენს ტრადიციულ მომხმარებლებთან გვაქვს მოლაპარაკებები, აშშ-ც გამოთქვამს ინტერესს, რომ აღნიშნული თვითმფრინავის წარმოება მოხდეს. შეიძლება, ის აშშ-მ არა თავისი საჰაერო ძალებისთვის, არამედ მოკავშირეებისთვის შეიძინოს, უბრალოდ ჯერ კონკრეტული დაკვეთა არ არის. საავიაციო პროდუქტის პროექტირება და წარმოება ძალიან შრომატევადი პროცესია, როგორც ინტელექტუალური, აგრეთვე მატერიალური რესურსების თვალსაზრისით. აგრეთვე ძალიან დიდი როლი ენიჭება სახელმწიფოს მხარდაჭერას აღნიშნულ საკითხში," - აღნიშნა ლევან ცირეკიძემ.
როგორც "თბილავიამშენში" აცხადებენ, პროექტის ესკიზური პროექტი უკვე შემუშავებულია და ამ ეტაპზე ძრავის შერჩევა მიმდინარეობს, აღნიშნული პროცესების დასრულების შემდეგ კი ბევრი რამ დაზუსტდება.