
არასაბანკო სექტორისთვის შესაძლოა, ახალი რეგულაციები ამოქმედდეს. კერძოდ, ერთ-ერთი რეგულაციით, არასაბანკო სექტორი ფიზიკურ პირებზე სესხებს შემოსავლების დაუდასტურებლად ვეღარ გასცემს.
აღნიშნულ რეგულაციას გულისხმობს დოკუმენტი, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს. კერძოდ, საუბარია, "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოზე", რომლითაც სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტები უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რათა ეს შეზღუდვები არასაბანკო სექტორზეც ეფექტურად გავრცელდეს.
სებ-ში ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს.
რეგულაციას მიესალმება არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერძენაძე, რომელიც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება დროული და აუცილებელია.