
ლარი საქართველოში მიმოქცევაში 1995 წლიდანაა როგორც გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინს, შემადგენლობას თუ სხვა მახასიათებლებს ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს.
შესაძლებელია, ბევრმა არ იცოდეს რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა ჩვენს ქვეყანაში სულაც არ იბეჭდება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ლარის ბანკნოტების დასამზადებლად პარტნიორი საწარმოს შერჩევა ხდება დახურული ტენდერის გზით, სადაც მონაწილეობენ სებ-ის საბჭოს ნუსხით განსაზღვრული ევრობანკნოტების ან მონეტების და მსოფლიოს სხვა წამყვანი განვითარებული ქვეყნების ფულის ნიშნების დამამზადებელი საწარმოები,რომელთაც აქვთ ფულის ნიშნების დამზადების სათანადო გამოცდილება, მყარი ფინანსური მდგომარეობა და დადებითი რეპუტაცია. ამდენად, მათი დამზადება პერიოდულად ხორციელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საწარმოებში.
"ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ტენდერში მონაწილე საწარმოებს მოეთხოვებათ წარმოადგინონ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ საწარმოს ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის ნორმები შესაბამება ევროპის ცენტრალური ბანკის ან სხვა შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ დადგენილ ნორმებს, რომელიც აპრობირებული და აღიარებულია საერთაშორისო ბეჭდვის ინდუსტრიაში", -აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
"ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების დამზადების პერიოდულობა და შესაბამისად, ეროვნული ვალუტის ბეჭდვის ხარჯიც განსხვავებულია, ვინაიდან მათი დამზადება ხორციელდება მიმოქცევის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ცალკეული ნომინალის მარაგის შევსების საჭიროების დადგომისას", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ეროვნული ვალუტის ტრანსპორტირებას საქართველომდე უსაფრთხოების წესების დაცვით დამამზადებელი საწარმო უზრუნველყოფს.საქართველოს ტერიტორიაზე კი პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი, ძალოვანი სტრუქტურების შესაბამისი სამსახურების თანხლებით ხელმძღვანელობს. სები ფულის ნიშნების უსაფრთხო ტრანსპორტირებას სპეციალური დაცვის საშუალებებით აღჭურვილი დაჯავშნული ავტოტრანსპორტითა და ინკასატორებით უზრუნველყოფს.
"ქართული ფულის ნიშნების დამზადების სიხშირისა და მოცულობების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ასეთი საწარმო მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვერ იქნება ორიენტირებული, ვინაიდან ყოველივე ზემოხსენებულის უზრუნველყოფა საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს და აღნიშნული საქმიანობა წამგებიანი შეიძლება იყოს, ხოლო სხვა ქვეყნების დამკვეთების დაინტერესება და მათი დაკვეთების შესრულება სათანადო ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით საკმაოდ დიდ და გრძელვადიან ინვესტიციებთან იქნება დაკავშირებული", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.