„ჩაწოლილია მანქანები, მაგრამ ბევრიც იყიდება - ფასები შემცირებულია 1500-2000 დოლარით“ | Allnews.Ge

„ჩაწოლილია მანქანები, მაგრამ ბევრიც იყიდება - ფასები შემცირებულია 1500-2000 დოლარით“

ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად 21%-ით, ხოლო თანხობრივად - 23,4%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 5 თვეში 65 455 ერთეული (967,364 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 82,841 ერთეული (1,262 მლრდ აშშ დოლარი).

ავტოიმპორტიორი ჯაბა გოგინაშვილი Bpn-თან იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც იმპორტის კლება გამოიწვია. მისი თქმით, პირველი, ბაზარი ბევრმა ახალბედა ბიზნეს სუბიექტმა დატოვა და მეორე, ექსპორტიორი ქვეყნებიდან მოთხოვნა შემცირდა.

ამასთან, ავტოდილერი ამბობს, რომ მანქანების ნაწილი „ჩაწოლილია“ თუმცა, ბევრიც იყიდება. ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ კი ავტომობილების ფასების 1500-2000 დოლარით გააიაფა.

„ამ ყველაფერს აქვს 2 მიზეზი. პირველი ის, რომ დაახლოებით, შარშან იყო ამ ბიზნესის ბუმი, ბაზარზე შემოვიდა ძალიან ბევრი ბიზნეს სუბიექტი, რომელმაც სცადა ეს საქმიანობა, მაგრამ ისევ გავიდა. ეს ბიზნესი საქართველოში აღქმულია მარტივად, სინამდვილეში არ არის ასე. ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელსაც სჭირდება ცოდნა, მოვლა და პატრონობა. შესაბამისად, კონკურენციიდან გამომდინარე, ძალიან ბევრმა მიატოვა ეს საქმე.

მეორე მიზეზი არის ის, რომ პირდაპირი გადინება ხდება ყაზახეთში, შესაბამისად, როგორც ავტომობილი კი არა, ტვირთის სახით გადის და ალბათ, აღარ არის ასახული სტატისტიკაში. ამ საკითხთან მიმართებით, ვერ ვიტყვი, რომ აქ საქართველოს როლი მთლიანად ამოვარდნილია, თუმცა ამის საშიშროება არის.

მე ჯგუფებიდან რა ინფორმაციაც მაქვს, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ყიდის, ჩაწოლილია მანქანები, მაგრამ ბევრიც იყიდება. ამის მიზეზი ძირითადად უცოდინარობაა. შეიძლება ნებისმიერ დროს გაგეპაროს შეცდომა და ეს მერე ცუდად იწვნიო. თუნდაც ფასში , მანქანის მდგომარეობაში და ა.შ.

და, კიდევ ერთი საკითხი, მეც ვიყავი ეიფორიაში, რომ ყაზახს, აზერბაიჯანელს თავად გაჰყავს ეს მანქანები, მაგრამ რეალურად, მეოთხე წელია ყაზახეთში სისტემატურად გადის ავტომობილები. ის არ არის ჩვენნაირი ექსპორტიორი ქვეყანა. ყაზახეთში რჩება მანქანების 90%, მხოლოდ 10 % შეიძლება გავიდეს რუსეთში, შესაბამისად, იქაც განახლდა ავტოპარკი და აღარ არის ისეთი მოთხოვნა, როგორიც იყო 2-4 წლის წინ. თუმცა, წესით, ისევ უნდა გაიზარდოს მოთხოვნა, რადგან დიდი წყალდიდობა იყო ყაზახეთში, ბევრი მანქანა დაიტბორა, გაფუჭდა. ვნახოთ.

რაც შეეხება ღირებულებას, ფასები შემცირებულია 1500-2000 დოლარით. ზუსტად ეგ უქმნის შემდეგ დილერს პრობლემას, თუნდაც, დამწყებს, რომ რეალურად, 3-4 თვიანი პერიოდი გაქვს სანამ მანქანა ჩამოვა და ძვირად მოგიწიოს ყიდვა. გარდა ამისა, შეიძლება, საიტზე გეწეროს 14 000 დოლარი და გაიყიდოს 11 000-ად“,- ამბობს ჯაბა გოგინაშვილი.