"დავუშვათ, თქვენი მდგმურები ქირას არ იხდიან, არის თუ არა გამოსავალი საპატრულო პოლიციის გამოძახება?" - რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბინას ვაქირავებთ ან ვქირაობთ?
ბინის გაქირავების თუ დაგირავების საკითხი საქართველოს დიდ ქალაქებში ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ჩვენთან რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ: მათ საბაზრო ფასზე ბევრად მეტი თანხა შესთავაზეს ბინის მფლობელებს, რასაც ბევრი გაუგებრობა მოჰყვა.
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ბინის მეპატრონის შვილი სოციალურ ქსელში წერდა: "დედაჩემმა თებერვლის ბოლოს გააქირავა ბინა რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც მხოლოდ ერთი კვირის თანხა გადაუხადა. მას შემდეგ აღარ იხდის და გვატყუებს. თან, მოხუცი დედაც ჰყავს ჩამოყვანილი და ჩვენს ბინაში უკვე მესამე თვეა, უფასოდ ცხოვრობენ. პატრული გამოვიძახეთ და გვითხრეს: თქვენს მდგმურს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და უფლება არ გაქვთ, ბინიდან გაუშვათო. ხომ არ იცით, ვის უნდა მივმართოთ და რა გავაკეთოთ?!"
ცნობილია, რომ ანალოგიური პრობლემა არაერთ ადამიანს აქვს, ამიტომ კონსულტაციისთვის ადვოკატ კახა კოჟორიძეს მივმართეთ.
- ინტერვიუს დასაწყისში უნდა აღვნიშნო, რომ ამ პრობლემის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს მოგვმართონ, მეც და ჩემი კოლეგებიც მზად ვართ, მათ იურიდიული დახმარება გავუწიოთ. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორიც ექიმთან დაგვიანებული მისვლა: ექიმს მხოლოდ მაშინ მივმართავთ, როცა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეგვექმნება, პატარა ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევთ და გვიან ვხვდებით - თავიდანვე რომ მივსულიყავით, მძიმე დაავადებასაც გადავურჩებოდით და ხარჯსაც.
- რას გულისხმობთ, ბატონო კახა?
- საერთოდ, იურისტის კონსულტაცია გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე სასამართლოში სარჩელის შეტანა და საქმის ბოლომდე მიყვანა. შესაბამისად, იურისტის ჩართვა უმჯობესია მანამ, ვიდრე ასეთი მწვავე პრობლემა წარმოქმნილა. მოქალაქემ, რომელიც სამართლებრივ ნიუანსებში ვერ ერკვევა, თავის დროზე უნდა გაარკვიოს ეს საკითხი კვალიფიციურ იურისტთან, კონსულტაცია გაიაროს და წერილობითი ხელშეკრულება გააფორმოს, რომლის ძალით ბინას კანონიერად გააქირავებს. სამწუხაროდ, ზეპირ შეთანხმებას სჯერდებიან და ეს ხშირად უსიამოვნებით მთავრდება, მნიშვნელობა არა აქვს, დამქირავებელი რუსია, ქართველი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ასეთი გაუგებრობა ყოველთვის იყო და მომავალშიც იარსებებს, ვიდრე ჩვენი მოქალაქეები ხელშეკრულების გაფორმებას არ მიეჩვევიან.
- რა ტიპის ხელშეკრულება ფორმდება ბინის გაქირავებამდე?
- ქირავნობის ხელშეკრულება შეიძლება იყოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. პრაქტიკაში ხშირია ზეპირი ფორმის ხელშეკრულების დადება. სწორედ ასეთი ხელშეკრულება წარმოშობს ყველაზე დიდ პრობლემებს. ამ დროს ბინის მესაკუთრესაც და მდგმურსაც თავისი სიმართლე აქვს: ერთი მხარე ერთს ამბობს, მეორე - მეორეს და ორივეს უჭირს სიმართლის დამტკიცება - ვერ გაარკვევ, რა იყო ქირის ოდენობა, რაზე შეთანხმდნენ, როდის უნდა დაეცალა ბინა დამქირავებელს და ა.შ. ეს დეტალები გაცილებით იოლი გასარკვევია, როცა წერილობითი ხელშეკრულება არსებობს. დავუშვათ, თქვენი მდგმურები ქირის ფულს არ იხდიან, არის თუ არა გამოსავალი საპატრულო პოლიციის გამოძახება?.. არა, რადგან პატრული სულაც არ არის ვალდებული, ამგვარ ნიუანსებში გაერკვეს. თუ ადამიანი ან მთელი ოჯახი ვიღაცის ბინაში უკანონოდ ცხოვრობს, ქირას არ იხდის და იქიდან აღარ გამოდის, ეს უკვე სასამართლოს საქმეა, რაც ძვირად ღირებული პროცედურაა.
- რა ხარჯები ახლავს ამგვარ გაუგებრობას?
- ჯერ ერთი, საქმეში ადვოკატის ჩართვაა აუცილებელი. სასამართლოში ჩივილიც საკმაოდ ძვირი ჯდება და არც ერთ მხარეს ხელს არ აძლევს, რადგან საკითხი დროში იწელება - თითოეულ მოსამართლეს იმდენი საქმე აწერია, რომ ბინის მეპატრონემ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად შეიძლება 7-8-10 თვეც დაკარგოს. ამიტომ, ვიდრე ამ პრობლემას გადავეყრებით, მანამდე უნდა შედგეს წერილობითი ან ზეპირი ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარეს დაიცავს. იხილეთ სრულად