საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ - როგორია სხვაობა დასავლეთის ქვეყნებში
საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ - ამაზე მიუთითებს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემები. კერძოდ, 2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
გენდერული ანაზღაურების სხვაობა არა მხოლოდ საქართველოში, ევროპაში ჯერ კიდევ შესამჩნევია. ქალები კვლავ განიცდიან გენდერულ ხარვეზებს, როცა საქმე ხელფასებს, სამუშაო ძალაში ჩართულობას, დასაქმებასა და სამუშაო ადგილის იერარქიას ეხება.
მონაცემებს Euronews Next აანალიზებს.
ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში ხელფასებზე გენდერული სხვაობა 12,7%-ს შეადგენდა, ანუ ქალები, მამაკაცებთან შედარებით, საათში, საშუალოდ, 12,7%-ით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ. კერძოდ, მამაკაცის მიერ გამომუშავებული ყოველი 100 ევროდან ქალები, საშუალოდ, 87,3 ევროს გამოიმუშავებენ. სხვაობის შესავსებად ქალებს მუშაობა დამატებით 1,5 თვე მოუწევთ.
გენდერული ანაზღაურების სხვაობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) მასშტაბით. 2022 წელს რიგ ქვეყნებში მან 17%-ს გადააჭარბა.
კერძოდ, გენდერულ ანაზღაურებაში ყველაზე დიდი 21,3%-იანი სხვაობა ესტონეთში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის ავსტრია (18,4%), შვეიცარია და ჩეხეთი (ორივეგან 17,9%).
ლუქსემბურგი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უარყოფითი, ანუ მინუს 0.7%-იანი მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალები მამაკაცებზე ოდნავ მეტს გამოიმუშავებენ.
ლუქსემბურგის გარდა, ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის ყველაზე დაბალი, ანუ 5%-ზე ნაკლები სხვაობა დაფიქსირდა იტალიაში, რუმინეთსა და ბელგიაში.
ევროკავშირის დიდ ოთხეულს შორის გერმანიას (17.7%) და საფრანგეთს (13.9%) ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი სხვაობა აქვთ.
რაც შეეხება კერძო და საჯარო სექტორის თანაფარდობას, 2022 წელს ევროპის 24 ქვეყნიდან 21-ში გენდერული ანაზღაურების სხვაობა კერძო სექტორში უფრო მაღალი იყო, ვიდრე საჯარო სექტორში. სავარაუდო მიზეზად სახელდება ის, რომ საჯარო სექტორის ანაზღაურება დიდწილად განისაზღვრება გამჭვირვალე სატარიფო ბადით, რომელიც ევროკავშირში მამაკაცებსა და ქალებზე თანაბრად ვრცელდება.
საჯარო სექტორის გენდერულ ანაზღაურებაში მაღალი სხვაობა მხოლოდ პორტუგალიაში, სლოვენიასა და ფინეთში დაფიქსირდა. კვიპროსში, პირიქით, მინუს 0.2%-იანი სხვაობაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქალები საჯარო სექტორში მამაკაცებზე უფრო მეტს გამოიმუშავებენ.
ამასთან, ევროკავშირში მამაკაცების დასაქმების მაჩვენებელიც მაღალია. კერძოდ, 2023 წელს 15-64 წლის მამაკაცების დასაქმების მაჩვენებელი - 74,7%, ქალების კი 64,9%-ია, რაც 9,8%-ით ნაკლებია.
მამაკაცთა დასაქმების მაჩვენებელი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ქალების მაჩვენებელზე მაღალია, რაც ლიეტუვის 0,3%-სა და საბერძნეთის 19,1%-ს შორის ვარირებს. თურქეთი, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა, გამონაკლისია, სადაც ამ მაჩვენებელმა 34,6% შეადგინა. იხილეთ სრულად