სკოლები, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან აღარ იფუნქციონირებს
იმისათვის, რომ სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი სახელმწიფომ აღიაროს, სასწავლო დაწესებულებას ავტორიზაცია უნდა ჰქონდეს გავლილი. სკოლების ავტორიზაციას წელიწადში რამდენჯერმე პრემიერ–მინისტრის მიერ დანიშნული ავტორიზაციის საბჭო ახორციელებს, გასაჩივრებულ შედეგს კი სააპელაციო საბჭო განიხილავს.
საბჭომ 2017 წელს ავტორიზაცია 6 სკოლას შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ გაცემულ სკოლის დამთავრების დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო აღარ აღიარებს. ავტორიზაციაშეჩერებული სკოლების ჩამონათვალი Allnews.ge-ს განათლების ხარისხის ცენტრმა მიაწოდა. როგორც აღმოჩნდა, წელს შემდეგმა სკოლებმა ვერ გაიარეს ავტორიზაცია:
-"ლამპარი" - სქართველოს ტელეკომუნიკაციისა და მენეჯმენტის ინსტიტუტი, მრავალდარგოვანი კოლეჯი, ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა;
- სკოლა ჯი-ვი-ენი;
- შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი;
- ქუთაისის ეროვნულ სასწავლო უნივერსიტეტთან არსებული კერძო სკოლა;
- "ხიხანი" - მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა; (სკოლამ ფორმატი უკვე შეიცვალა და ფუნქციონირებას სხვა სახელით აგრძელებს).
- დემირელის სახელობის კოლეჯი-ლიცეუმი.
განათლების ხარისხის ცენტრის ინფორმაციით, სკოლებისთვის ავტორიზაციის გაუქმების მიზეზები "სხვადასხვა ტიპის დარღვევები და ასევე სხვადასხვა სახის უკანონო ქმედებები გახდა".
მაგალითად, დემირელის სახელობის კოლეჯში, ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, გია მურღულიას თქმით, საგანმანათლებლო კანონმდებლობისთვის შეუსაბამო ფაქტები ხდებოდა, –"დემირელის სკოლაში შესაძლებელი ყოფილა ერთ დღეს სხვა ქვეყნის მოქალაქემ, რომელმაც საერთოდ არ იცის ქართული ენა, ჩააბაროს ექვსი ან შვიდი გამოცდა ქართულ ენაზე, ამავე დღეს შეიძლება მან მიიღოს დადასტურებული დოკუმენტი, რომ ის ქართული საგანმანათლებლო სივრცის პროდუქტია და იმავე დღეს შეიძლება ეს ადამიანი ამოირიცხოს ამ სკოლიდან და წავიდეს რომელიმე სხვა ქვეყანის სასწავლო დაწესებულებაში გამართული ქართული დოკუმენტაციით", – განმარტა მურღულიამ.
აღსანიშნავია, რომ შემოწმების შემდეგ სკოლას საბჭოსგან შესაძლოა, რეკომენდაციები და მათი შესრულებისთვის კონკრეტული ვადა მიეცეს.
სკოლამ საბჭოს რეკომენდაციების შესრულების შესახებ წერილობით უნდა აცნობოს. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტს, რომ სკოლა სტანდარტებს მაინც ვერ აკმაყოფილებს, მაშინ მას უფლება აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაცია შეუჩეროს.
მაგალითად, 2017 წლის მაისში ავტორიზაციის საბჭომ ჩაღლარის კიდევ ერთ სკოლაში, რომელიც ამჯერად მარნეულში მდებარეობს, დარღვევები აღმოაჩინა, რომელთა აღმოსაფხვრელადაც ადმინისტრაციას რეკომენდაციები მისცა, რომლებიც მან განსაზღვრულ ვადებში უნდა შეასრულოს. განათლების ხარისხის ცენტრის განმარტებით, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა–ლიცეუმი ისევ ფუნქციონირებს, თუმცა დარღვევების არსებობის შემთხვევაში საბჭოს უფლება აქბს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაცია გაუუქმოს.
ავტორიზაციის საბჭო გეგმიურ მონიტორინგს წელიწადში დაახლოებით ორჯერ ატარებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ისინი სკოლებს წელიწადის ნებისმიერ დროს ამოწმებენ.