
ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მე-11 კლასის მოსწავლე პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სკოლის ადმინისტრაციაში კი ძალადობის ფაქტს გამორიცხავენ.
სკოლის დირექტორის თქმით, პედაგოგის მიმართ მოკვლევა მხოლოდ იმ ფაქტზე დაიწყო, რომ ის საკუთარ მოსწავლეს თანხის სანაცვლოდ სკოლის შენობის გარეთ ამეცადინებდა. არსებული ინფორმაციით, მოსწავლეს პედაგოგი საკუთარ სახლში ამზადებდა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ძალადობის ფაქტს უარყოფენ, თუმცა განმარტავენ, რომ უფლებამოსილების გადაცდომის ფაქტზე უწყება მოკვლევას აწარმოებს.
ფაქტზე შინაგანს საქმეთა სამინისტროში რამდენიმე დღის წინ შეტყობინება შევიდა და სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად გამოძიება დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.
"ფაქტი სკოლაში არ დასტურება და სასკოლო პროცესის დროს არ მომხდარა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და ეს სამართალდამცავების პრეროგატივაა. საჯარო სკოლაში ერთ-ერთმა მოსწავლემ სკოლის მანდატურს აცნობა, რომ დამატებით კერძო მეცადინეობაზე (სკოლის გარეთ) იმყოფებოდა მათემატიკის მასწავლებელთან. დამატებით საკუთარ მოსწავლესთან მეცადინეობის საკითხთან დაკავშირებით სკოლის დირექტორმა მიმართა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს", - განაცხადეს აჭარის განათლების სამინისტროში.