
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ მანდატურები პოლიციის აკადემიაში გადამზადდნენ.
როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.
"ეს კანონპროექტი ითვალისწინდებს კოორდინაციის გაზრდას განათლებისა და შს სამინისტროებს შორის. დამტკიცდება წესი, რომლის მიღებითაც ინციდენტები აღირიცხება ელექტრონული ფორმით და თითოეულ სამართალდარღვევაზე შსს-ს მიეწოდება ინფორმაცია, რათა თუ არსებობს რისკი იმისა, რომ ინციდენტი სკოლიდან გარეთ გაგრძელდეს და ქუჩაში გადაინაცვლოს, ჩვენ ამაზე დროული რეაგირება მოვახდინოთ. რა თქმა უნდა, არ გვაქვს პრეტენზია, რომ კანონპროექტი იდეალურია და სწორედ ამიტომ ვუსმენთ ყველას და ავსახავთ მათ მოსაზრებებს კანონპროექტში", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტიდან მაქსიმალურად არის ამოღებული ის ტერმინებიც კი, რომელიც პოლიციური იყო და სამოქალაქო ტერმინებით შეიცვალა.
"აქ საუბარი არ არის მხოლოდ ტერმინოლოგიურ ცვლილებაზე, ვინმე თუ პოლიციური რეჟიმის სკოლაში გადატანად იმას აღიქვამს, რომ სკოლაში მოზარდებს შორის ინციდენტი რომ მოხდება და ერთ -ერთ მოზარდს, მაგალითად, ხელში უჭირავს დანა, მანდატური ასე გულხელდაკრეფილი უნდა დადგეს, არაფერი გააკეთოს.... ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება და ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. პოლიციის სკოლაში შესვლაზე საუბარი არ არის, ასევე არ არის საუბარი იმაზე, რომ მანდატურის სამსახური უბრუნდება ძველ სისტემას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება მანდატურების გადამზადების წესს, როგორც ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, გადამზადების წესი ერთობლივად დამტკიცდება შს და განათლების მინისტრების მიერ, სადაც დეტალურად გაიწერება, მაგალითად, რა საგნებში უნდა გაიარონ გადამზადება, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში ეს ადამიანები იყვნენ მომზადებული. მისივე აზრით, საუბარია, მაგალითად, ფსიქოლოგიაში, ასევე არასრულწლოვნებთან მოპყრობის მეთოდიკაში გადამზადებაზე.
"სად გადამზადდებიან, ამაზე ახლა მიდის მსჯელობა. იყო პრაქტიკა, რომ პრაქტიკულ ნაწილში გადამზადებას გადიოდნენ პოლიციის აკადემიაში. არ ვიცი, შესაძლოა, ამაზეც შევთანხმდეთ. პოლიციის აკადემიას აქვს საკმაო ინფრასტრუქტურა და რესურსი ამისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აპრიორი პოლიციის აკადემიაში უნდა მოხდეს გადამზადება. რომელი უწყება გადაამზადებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში მანდატურებს, ამაზე ჯერ ვმსჯელობთ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.