სკოლებში ახალი საგანი შემოდის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომდევნო სასწავლო წლებში სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვას გეგმავს. კერძოდ, როგორც Allnews.ge-ს უწყებაში განუმარტეს, ფინანსური განათლების კომპონენტები III-IV კლასებისათვის განკუთვნილი საგნის "მე და საზოგადოება" სტანდარტსა და სასწავლო პროგრამაში უკვე შესულია და მისი დანერგვა 2018-2019 სასწავლო წლიდან იგეგმება.
"მე და საზოგადოების" ფარგლებში ფინანსური განათლება გულისხმობს მოსწავლეებისათვის ასაკის შესაბამისი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების (რესურსები, მათი გონივრული მოხმარება, რესურსების დაგეგმვა, დაზოგვა, საქონლისა და მომსახურების ყიდვა) განვითარებას", - განმარტავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, 2019-2020 წლებში VII-IX კლასებში საგანი "მოქალაქეობა" დაინერგება. შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2018 წლის 3 მაისს გამოსცა. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იუწყება, აღნიშნული საგანი ფართოდ მოიცავს ფინანსური განათლების კომპონენტს.
"საგნის სტანდარტის ერთ-ერთი სასწავლო შედეგის თანახმად მოსწავლემ უნდა შეძლოს ასაკის შესაბამისი ფინანსური უნარ-ჩვევების (მაგ. პირადი ფინანსების დაგეგმვა და პასუხისმგებლობით განკარგვა) გამოვლენა. მოქალაქეობის სწავლების თითოეული წლისთვის განსაზღვრულია ფინანსურ-ეკონომიკური თემები: VII კლასში - "ეკონომიკური ურთიერთობები თემში", VIII კლასში - "ეკონომიკა და სახელმწიფო", IX კლასში "ეკონომიკა და გლობალური პროცესები", - აღნიშავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
გარდა ამისა, "მოქალაქეობის" წლიურ პროგრამაში გაიშლება სხვადასხვა თემა. ასევე დაგეგმილია აქტივობების განხორციელებაც. საგნის ფარგლებში VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები განსხვავებულ თემატურ ბლოკებს შეისწავლიან. კერძოდ, VII კლასის თემატური ბლოკი "ინდივიდი და საზოგადოებაა", რომელშიც შესულია შემდეგი საკითხები: ფული და ბარტერი, ბაზარი (მოთხოვნა და მიწოდება) და ფასი, კერძო და საჯარო საკუთრება, შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება (პირადი ფინანსების მართვა) და დაზოგვა და ქველმოქმედება. ასევე მოსწავლეები შეისწავლიან სოციალიზაციის, დემოკრატიისა და დემოკრაციის პრინციპების, ინიციატივის, სამოქალაქო მონაწილეობისა და მდგრადი განვითარების ცნებებს. სწავლის პროცესში დაფიქრდებიან საკვანძო შეკითხვებზე: რატომ არის ფული საჭირო? როგორ ყალიბდება ბაზარი? როგორ თანხმდებიან ამა თუ იმ საქონლისა და მომსახურების ფასზე და ა.შ.
VIII კლასის მოსწავლეების თემატური ბლოკი "მოქალაქე და სახელმწიფოა", რომლის თემასაც ეკონომიკა და სახელმწიფო წარმოადგენს. თემის ფარგლებში მოსწავლეები გაერკვევიან შემდეგ საკითხებში: სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები, ფინანსური ორგანიზაციები და მომსახურება, მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები და დაზღვევა. გარდა ამისა, მიღებული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა საკვანძო კითხვას გასცემენ პასუხს.
რაც შეეხება IX კლასს, მისი თემატური ბლოკი "მოქალაქე და გლობალური პროცესებია", რომლის თემასაც ეკონომიკა და გლობალური პროცესები წარმოადგენს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბლოკის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საერთაშორისო ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაცია, ვალუტა და გაცვლითი კურსი, ფინანსური ორგანიზაციები და მომსახურებები, მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები, ინვესტირება, ფინანსური რისკები, თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება. საკითხების შესწავლის დროს კი მოსწავლეები სხვადასხვა საკვანძო კითხვას უპასუხებენ.
აღსანიშნავია, რომ სამივე ბლოკი ერთსა და იმავე ცნებებს მოიცავს და ყველა მათგანის შესწავლისას სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.