
ვფიქრობთ, რომ მენტორების პროგრამას სექტემბრიდან დავიწყებთ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მიხეილ ბატიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.
"ერთ-ერთი ინიციატივა, რომელზეც ვფიქრობთ სკოლის მიმართულებით, ეს იქნება მენტორების პროგრამა. მეც და ჩვენი სტრუქტურაც მზად ვართ წავიდეთ სკოლაში და დავიწყოთ მენტორობა. ამ პროგრამაზე ამჟამად ვმუშაობთ. მენტორობაში იგულისხმება როდესაც ვიღაც ერთი საათით თავისი პროფესიით თავისი გამოცდილების შესახებ ნებისმიერი ფორმით მიაწვდის ინფორმაციას მოსწავლეებს.
იმედი მაქვს, იქნება მაქსიმალური ჩართულობა. ამ პროგრამით ბევრი ორგანიზაციაც დაინტერესდება. ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამას სექტემბრიდან დავიწყებთ",-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი განათლების მიმართულებაზე გაამახვილა და განმარტა, რომ ამ საკვანძო მნიშვნელობის რგოლის განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა,
აქცენტი სხვა მიმართულებებთან ერთად, ტექნოლოგიების განვითარებაზე გაკეთდება.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიზნით სკოლებში საერთაშორისოდ აღიარებული სისტემები დაინერგება; შემუშავდება "ციფრული სკოლის კონცეფცია", რაც ტექნოლოგიების როლის გაძლიერებას და ქვეყანაში დისტანციური განათლების განვითარებას გულისხმობს. მისივე განცხადებით, ეს იქნება შესაძლებლობა მოკლე დროში გადაიდგას შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები, რადგან "ციფრული სკოლის კონცეფცია" სწორედ ზოგადი განათლების ხარისხის გაძლიერებას მოემსახურება.
"ციფრული სკოლა გულისხმობს ციფრულ შინაარსსა და მასალას - ვიდეო და ონლაინ გაკვეთილებს, საგანმანათლებლო, სხვა სახის ციფრულ ლიტერატურას და ლაბორატორიებს. ცოდნის გადაცემის ეს საშუალება გაზრდის დამატებითი სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობას და მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც დაეხმარება ისარგებლონ ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის ლიტერატურით, რომლითაც უცხოეთის წამყვან ქვეყნებში სწავლობენ. მოქნილი და მუდმივად განახლებადი სისტემის გამოყენება პლანშეტების და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობითაც იქნება შესაძლებელი.
ამასთანავე, გაანალიზდება საერთაშორისო წარმატებული სასკოლო მოდელები, რომელიც ეროვნულ მოდელში ინტეგრირდება. გარდა ამისა, მოხდება პედაგოგთა გადამზადება ახალი გეგემების შესაბამისად, რომელი მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. მთავრობის დაპირების შესაბამისად კი, მოხდება პედაგოგების ფინანსური წახალისება", - აღნიშნავს მინისტრობის კანდიდატი.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურ ფაზაშია სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესი, როგორც ტექნიკური ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით. თუმცა, ამავდროულად, ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს როგორც ქართველი ავტორების, ასევე მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე მწერლების ლიტერატურა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომა მოგვცემს საშუალებას, რომ ახალგაზრდებს განათლების მიღებისა და განვითარების მეტი მოტივაცია ჰქონდეთ.