
ზაფხული არდადეგებისა და შვებულების დროა. არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: პირველი - ვისაც უყვართ პასიური დასვენება, ზღვის სანაპიროზე წოლა და მცხუნვარე მზის ქვეშ გარუჯვა. და მეორე - ხალხი, რომელსაც მოსწონს აქტიური დასვენება, არ ერიდებიან სიახლეებს და დასვენების დროსაც კი სწავლობენ და ეუფლებიან ახალ უნარებს.
საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოში ბანაკებში დასვენება საკმაოდ კარგად იყო განვითარებული, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს, ისევე როგორც ყველაფერმა, სახეცვლილება განიცადა. თუ საბჭოთა კავშირში ახალგაზრდები პიონერულ სიმღერებსა და პარტიის სიყვარულს სწავლობდნენ, დღევანდელ ბანაკებში ყურადღება ექცევა ახალი უნარების გამომუშავებას და სოციალური კავშირებისა დამყარებას.
მსგავსი სახის ბანაკები უკვე დიდი ხანია პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში. თუმცა, საქართველოშიც შემეცნებით ბანაკებში ზრდასრული ადამიანების ჩართულობაც თანდათან იზრდება. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ბანაკია "ყაზბეგის სასწავლო ბანაკიც", რომელიც 30 წლამდე ახალგაზრდებს დასვენების გარდა, მეწარმეობის საფუძვლების შესწავლასაც სთავაზობს.
"ეს ბანაკი ახალგაზრდული ორგანიზაცია "გერგარტის" ორგანიზებით უკვე მეორე წელია, ტარდება. ჩვენი ძირითადი მიზანია მთის გამოცოცხლება და ახალგაზრდებში სამოქალაქო თვითშეგნების გაძლიერება. ჩვენ შარშანაც გვქონდა ბანაკი, ოღონდ მაშინ სნოში, წელს ლოკაცია შევიცვალეთ და ყაზბეგში, ყუროზე იმართება. ადგილის ცვლილება გვეხმარება სრულად მოვიცვათ ხევი.
ჩვენი შარშანდელი ბანაკის მონაწილე ორი ახალგაზრდა წელს თავად არის ბანაკის საორგანიზაციო საკითხებში ჩართული. ისინი თავად არიან დაინტერესებული ახალგაზრდების ჩართულობაში. ზოგადად, მსგავსი სასწავლო ბანაკები არის ადგილი, სადაც ერთობლივად შესაძლებელია როგორც ცოდნის მიღება, ასევე ლაშქრობა და ახალი კონტაქტების დამყარება", - ამბობს ბანაკის ერთ-ერთი ტრენერი ლევან ხუციშვილი.
ამჯერად ბანაკის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში შეიძენენ ცოდნას შემდეგ თემებზე: მეწარმეობის არსი და პრინციპები; კანვას ბიზნეს მოდელი; ფონდების მოძიება და დაფინანსების მიღების გზები; მეწარმეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები; ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესაძლებლობები და რეგულაციები; სასწავლო ბანაკის პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ და დახვეწონ საკუთარი ბიზნესიდეები. ბანაკი 30-წლამდე აქტიური ახალგაზრდებისთვისაა.
"ყაზბეგის სასწავლო ბანაკში" დასვენება 16-18 აგვისტოსაა შესაძლებელი, დაინტერესებული ადამიანები ფეუსბუქ გვერდს - "ყაზბეგის სასწავლო ბანაკი" უნდა ეწვიონ", - აღნიშნავს ლევან ხუციშვილი.
მსგავსი სახის ბანაკების არჩევანი საქართველოში ჯერჯერობით შედარებით დაბალია. ჩვენს ქვეყანაში უფრო საბავშვო საზაფხულო ბანაკებია პოპულარული. თუმცა, ლევან ხუციშვილი ამბობს, რომ დაინტერესების ზრდა წინა წელთან შედარებით აშკარაა და ამ კუთხით მომავალში კიდევ უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს ელოდებიან.