ვაჟა-ფშაველას გენიალური შეგონებები, რომლებიც ზუსტად ასახავს საქართველოს დღევანდელ რეალობას
ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, გენიოსი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტისა და მოაზროვნის, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წელი შესრულდა.
გავრცელებული ვერსიის თანახმად ვაჟა-ფშაველა დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს, თუმცა 1912 წელს „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნებულ ვაჟასავე წერილში მითითებულია, რომ დაიბადა ძვ. სტილით 1862 წლის 15 მაისს (ახ. სტილით 27 მაისი). ჩარგალში 14 ივლისს ვაჟას შემოქმედების თაყვანისმცემლები ვაჟაობას აღნიშნავენ და გენიალური კლასიკოსი მწერლის ხსოვნას და მემკვიდრეობას მიაგებენ პატივს.
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები ბევრ სხვა ღირსებებთან ერთად იმითაც გამოირჩევა, რომ დროს უსწრებს - ავტორის ყოველი ფრაზა დღეს დაწერილივით ახალია...
ამჯერად, წიგნიდან - "ვაჟა-ფშაველას ფრაზები და გამონათქვამები", რომელიც მისი პუბლიცისტური წერილებიდან ამოკრებილი სხვადასხვა გამონათქვამისგანაა შექმნილი, რამდენიმე გენიალურ ფრაზას გაგახსენებთ:
- "ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა: პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს, ვეტევებით თოფით და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯურის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით".
- "ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა".
- "ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია... კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს".
- "მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამ საკითხზე გაჭიანურებულ პასუხს არ მოგცემ... მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას... დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა, ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება".
- "მღვდლებო-სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ, თქვენს წოდების გარეშე ბევრს სხვასაც, მე პირადად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ… გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს".…
- "მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო - არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის".
- "აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია".
- "მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!"
- "არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი ახრჩობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვას დამხრჩვალსა სწამლობდე"...
მკითხველის კომენტარები
(4)
სოციალისტი ანაფორიანიო... ახლაც არიან ფანატიკოსი "ისტები", ვითომ მეუფეები,მღვდლები და მონაზვნები. გვარები არაა საჭირო..ჩვენ ეს ვიხილეთ..
,,კაცმა ქალობა დაიწყო. კოხტაობს, სიტყვა ნაზია, ფერსა და უმარილს ისომს მაშ არ მომივა ბრაზია?!..." ვაჟა ფშაველას ლექსია სხვათა შორის და ესეც შეესაბამება დღევანდელ რეალობას. არ დაბლოკოთ.