17 წლის ნიკოლოზ კოტია აშშ-ს უნივერსიტეტმა 100%-იანი დაფინანსებით მიიღო - "ჩემი მიზანია, ადამიანები და კომპანიები ჰაკერებისგან დავიცვა"
17 წლის ნიკოლოზ კოტია კიდევ ერთი წარმატებული ქართველი მოსწავლეა, რომელიც მალე სწავლას აშშ-ში გააგრძელებს - ის სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და კომპიუტერულ მეცნიერებებს ისწავლის.
ნიკა ყველაზე მეტად კიბერუსაფრთხოებითაა დაინტერესებული, რისი სწავლის საშუალებაც შემდეგ საფეხურზე, მაგისტრატურაზე მიეცემა. სწავლა 17 000 დოლარი ღირს, საიდანაც 8000$-ს უნივერსიტეტი ფარავს - ეს ამ სასწავლებლის 100%-იანი დაფინანსებაა.
ALLNEWS.GE ნიკოლოზს მისი წარმატებისა და ინტერესების შესახებ ესაუბრა:
- თავიდან ესტონეთში, ტალინში ვაპირებდი წასვლას, რადგან კიბერუსაფრთხოებამ დამაინტერესა, მაგრამ შემდეგ ერთ კომპანიაში მივედი, სადაც სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი მირჩიეს. თავიდან IELTS-ის გამოცდა ჩავაბარე, შემდეგ სამოტივაციო წერილი და სხვა რამდენიმე დოკუმენტი უნდა გადავზავნე უნივერსიტეტისთვის. მათ ჩემი კონსულტანტის დახმარებით მეილზე მივწერე და დაახლოებით 2 კვირაში მომივიდა პასუხი.
დადასტურების შემდეგ მალევე მითხრეს, რომ 100%-იანი დაფინანსება მოვიპოვე. ოღონდ, ეს 100%-იანი დაფინანსება მთლიანი თანხა არ არის, არამედ არის ის ნაწილი, რასაც უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტს.
- შენი აზრით, რა იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც აგირჩიეს?
- ჩემი აზრით, ყველაზე მეტად პერსონალური ესსეთი დაინტერესდნენ. მეწერა, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემაში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება კარგად განვითარებული არ არის და პირიქით, აშშ-ში კომპიუტერული მეცნიერებები კიბერუსაფრთხოება და მსგავსი სფეროები ძალიან მაღალ დონეზე დგას. უახლესი ისტორიიდანაც მოვიყვანე მაგალითები კიბერშეტევების შესახებ, მათ შორის საქართველოზე. ვაჩვენე, რითიც ვიყავი ყველაზე მეტად დაინტერესებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ როდესაც ინტერესი და ენთუზიაზმი დაინახეს, ჩემი არჩევა ამან განაპირობა.
- როდის მიემგზავრები, კონკრეტულად რისი თქმა შეგიძლია ამ ფაკულტეტზე და რამდენი ხანი გაგრძელდება სწავლა?
- სწავლა 17 აგვისტოს იწყება. ჩემი მთავარი მიზანია, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი გამოვიდე. სამწუხაროდ, პირდაპირ კიბერუსაფრთხოებაზე უცხო ქვეყნის სტუდენტებს არ იღებენ, ამიტომ მომიწია კომპიუტერულ მეცნიერებებზე ჩაბარება და შემდეგ, მაგისტრატურაში გავაგრძელებ კიბერუსაფრთხოების სწავლას.
ვისწავლი ყველაფერს, რაც კომპიუტერს შეეხება, პროგრამა 4 წელი გრძელდება და შემდეგ, მაგისტრატურაზე ქსელებს, ინტერნეტს გავეცნობი. ჩემი მთავარი მიზანია, ადამიანები და კომპანიები ჰაკერებისგან დავიცვა.
- ამ სფეროთი როდის და რატომ დაინტერესდი?
- პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ საქართველოში ყველაზე ნაკლებადაა განვითარებული და კიდევ იმიტომ, რომ მომავლის პროფესიად ვთვლი. ინტერნეტში ვეცნობოდი ინფორმაციას და დამაინტერესა იმან, თუ რამდენი რაღაცის გაკეთებაა შესაძლებელი კომპიუტერში, შემდეგ ვნახულობდი, ჰაკერები როგორ იპარავდნენ ფულს, თუნდაც ყალბი რეკლამებით და ა.შ.
ეს სექტემბერში გადავწყვიტე, როდესაც ბოლო კლასში გადავედი, მანამდე წარმოდგენა არ მქონდა რაზე ჩავაბარებდი, საქართველოში ვფიქრობდი სწავლის გაგრძელებას და მთელი ზაფხული ვფიქრობდი, თუ რას ავირჩევდი - მერე უცებ გამინათდა გონება და ვიფიქრე, ეს არის ის რაც მინდა!
- შეგიძლია, შენი სხვა ინტერესების შესახებაც გვესაუბრო?
- ყველაზე მეტად რაც მაბედნიერებს და მიყვარს, სპორტია - ფეხბურთი და კალათბურთი, ასევე ჩოგბურთი. კალათბურთელი ვარ, ამ სპორტს 5 წელია მივდევ და ამერიკაში როცა წავალ, მინდა, იქაც გავაგრძელო თამაში. ფეხბურთის ყურება, თამაშიც და საერთოდ, ყველაფერი მიყვარს, რაც სპორტს შეეხება.
- რა გეგმები და მიზნები გექნება უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში და მას შემდეგ, აშშ-ში გინდა დარჩენა თუ აპირებ, საქართველოში დაბრუნდე და შენი ცოდნა აქ გამოიყენო?
- ეს ალბათ, ყველაზე რთული კითხვაა, ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარია, მაგისტრატურაზე ჩავაბარო, მანამდე გამოცდილების მიღების მიზნით ამ განხრით ვიმუშავებ.
თუმცა, მაინც უფრო პატრიოტი ვარ და ახლაც ცოტა შიში და უკვე მონატრება მაქვს, მეგობრები როგორ მივატოვო და მსგავსი რაღაცები მაწუხებს. ალბათ უფრო ჩამოვალ და აქ დავიწყებ მუშაობას თუ ბიზნესს.
ავტორი: ეკა აბაშიძე