ცვლილება, რომელიც პირველკლასელებს შეეხოთ - 6 წლამდე ასაკის რომელ ბავშვებს შეუძლიათ სკოლაში შესვლა წელსვე?
სკოლაში შესვლის უფლება მიეცემათ იმ მოსწავლეებსაც, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზადაა და პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.
"6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია სექტემბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით, არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებული იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი გამოცხადდა 15 მარტს, რომლის ფარგლებში სსსმ მოსწავლეები დარეგისტრირდნენ. მათ მიეცემათ დამატებით რეგისტრაციის საშუალება და პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყება და 13 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. განაგრძეთ კითხვა