ბიჭი, რომელსაც 18 წლამდე წერა-კითხვა არ შეეძლო, ახლა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორია
ჯეისონ არდაიმ, ბიჭმა, რომელსაც 18 წლამდე წერა-კითხვა არ შეეძლო, წარმოუდგენელი ოცნება აისრულა და ახლა კემბრიჯის პრესტიჟული უნივერსიტეტის პროფესორია. ის რასის, უთანასწორობის და განათლების მკვლევარია. განსაკუთრებით დაინტერესებულია განათლების სფეროში ფერადკანიანი, აზიელი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის გაუმჯობესებით.
ჯეისონს 3 წლის ასაკში განვითარების შეფერხების და აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. მას 11 წლამდე ლაპარაკი არ შეეძლო, წერა-კითხვა კი 18 წლის ასაკში ისწავლა.
ჯეისონს თერაპევტებმა უთხრეს, რომ მთელი ცხოვრება დამხმარესთან ერთად უნდა ეცხოვრა, თუმცა ბიჭი არ დანებდა. არდაიმ დედამისის საძინებლის კედელზე სამომავლო მიზნები ჩამოწერა, რომელთაგან ერთ-ერთის მიხედვით, მას ოქსფორდის ან კემბრიჯის უნივერსიტეტში უნდა ემუშავა.
მიუხედავად დაუნდობელი წინაღობებისა, 37 წლის არდაის ახლა მსოფლიოს რიგით მეორე საუკეთესო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობა უკავია. ამავდროულად, ის უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა ფერადკანიანი პროფესორია.
არდაი, ადრეული დიაგნოზის შემდეგ, საკომუნიკაციოდ, ჟესტების ენას იყენებდა. ამის მიუხედავად, მან განათლების სფეროში ასპირანტურის სერთიფიკატთან ერთად, ორი სამაგისტრო კვალიფიკაცია და ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის დოქტორის წოდება მოიპოვა. მოგვიანებით, მისმა მეგობარმა და მენტორმა, სანდრო სანდიმ ურჩია, რომ აკადემიური კარიერა წამოეწყო: "მგონია, რომ შენ ამას შეძლებ. ვფიქრობ, შეგვიძლია მსოფლიოს შევებრძოლოთ და გავიმარჯვოთ.“
"ბევრი აკადემიკოსი ამბობს, რომ ისინი ამ სფეროში "შემთხვევით" მოხვდნენ, მაგრამ მე იმ კონკრეტული მომენტიდან დავისახე მიზნად ეს საქმიანობა. ეს ის იყო, რისი გაკეთებაც მინდოდა“, - ამბობს არდაი The Times-თან ინტერვიუში. იხილეთ სრულად