ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი ქულები მიიღეს?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის ქულა გამოაქვეყნა და ამ საგნის შედეგებით დაიწყო წლევანდელი გამოცდების შედეგების გამოქვეყნება.
ტრადიციულად, გაგაცნობთ რამდენიმე აბიტურიენტს, რომლებმაც უმაღლესი შეფასების მიღება შეძლეს და ვთხოვთ მათ გამოცდილების გაზიარებას მომავალი წლის აბიტურიენტებისთვის:
ნათია ჯალიაშვილმა სიღნაღის რაიონის წნორის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება - 60 ქულა დაიმსახურა. ის გვიყვება, თუ რა დაეხმარა წარმატების მიღწევაში:
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ მასწავლებელი ძალიან დამეხმარა და მის გარეშე, ამხელა შედეგს ვერ მივაღწევდი. მეც, რა თქმა უნდა, მივყევი და ბევრი ვიმუშავე. კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა ყოველთვის მიყვარდა. თემებში, ანალიზისა და პარალელების მოყვანის დროსაც სწორედ ეს მეხმარებოდა, რომ არგუმენტები სწორად ჩამომეყალიბებინა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თემის სტრუქტურა შესაბამისად ავაწყოთ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თემას ყველაზე მაღალი ქულა ენიჭება, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. შინაგანად საკმაოდ მოტივირებული ვიყავი, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა და ჩემს ოჯახთან, ახლობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, საკუთარი თავიც გამეხარებინა. სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვაპირებ, ამჟამად პირველ ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს მითითებული.
მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ არ ინერვიულონ იმიტომ, რომ გამოცდები იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ასევე, იკითხონ კლასგარეშე ლიტერატურა, გაეცნონ საინტერესო ფილმებს, რადგან ეს, გარდა ზოგადი განათლებისა, მომავალში თემების კარგად დაწერაში განსაკუთრებით გამოადგებათ.
ნატალია ბეღელურმა 182-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას პროგრამირების მიმართულებით აპირებს. მანაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60 ქულა მიიღო და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
- აბიტურიენტობის დროსაც და იქამდეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი წავიკითხოთ და სხვადასხვა ლიტერატურას გავეცნოთ. ლიტერატურის სიყვარული განსაკუთრებით დამეხმარა. ასევე, უნდა ვთქვა, რომ ჩემი მასწავლებლის როლი ძალიან დიდია. ერთად ბევრი ვიშრომეთ, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო. შრომისმოყვარეობა და ნებისყოფა მნიშვნელოვანია, რომ მთელი წლის განმავლობაში ის დავალებები, რასაც მასწავლებელი გვაძლევს, თანმიმდევრულად შევასრულოთ. ასევე, გამოცდაზე სიმშვიდე აუცილებელია იმისათვის, რომ ნერვიულობის ფონზე, ქულები არ დავკარგოთ. ჩემი ოჯახი, მეგობრები განსაკუთრებით მეხმარებოდნენ, მამხნევებდნენ და მოტივაცია მაძლევდნენ.
მომავალ აბიტურიენტებს კი ვურჩევდი, რომ ბევრი წაიკითხონ, იმუშაონ, მიჰყვნენ მასწავლებელს და გამოცდაზე არ ინერვიულონ.