„მშრომელი ბავშვები უკეთეს შედეგს აღწევენ, ვიდრე შემოქმედებითი, მაგრამ შედარებით ზარმაცი მოსწავლეები“ - რჩევები მომავალ აბიტურიენტებს
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება უკვე დასრულდა. წელს არსებული მონაცემებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში რეკორდული რაოდენობის მაქსიმალური შეფასება დაიწერა, თუმცა აბიტურიენტთა ჯგუფებში გამოქვეყნებული წერილებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვაც ბევრს გაუჭირდა. ქეთევან თავდიშვილი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და წამყვანი მასწავლებელია. მას მოსწავლეებთან ურთიერთობის 22-წლიანი გამოცდილება აქვს და საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით გვიზიარებს, რის ხარჯზე აღწევენ აბიტურიენტები კარგ შედეგს და რა პრობლემებია სწავლების პროცესში:
-ფილოლოგის ოჯახში დავიბადე. მამა, მურმან თავდიშვილი, აკადემიკოსი, მწერალი და რუსთველოლოგია; არაერთი სამეცნიერო კვლევის შედეგად გამოსცა წიგნი - ,,ვეფხისტყაოსნის დაფანტული სტროფები“. ამიტომაცაა, ,,ვეფხისტყაოსნის“ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, თუმცა ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარულსაც საფუძველი ღრმა ყრმობიდან ჩაეყარა. მამას ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მე-60 სასაშუალი სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ასპირანტურის დამთავრების შემდგომ, 2002 წელს, კი დისერტაცია არაჩვეულებრივი პოეტის, ზაურ ბოლქვაძის, შემოქმედებაზე დავიცავი. ჩემი გზამკვლევი და ხელმძღვანელი ცნობილი მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ბატონი რევაზ მიშველაძე გახლდათ. წლების წინ, როცა ერთიან ეროვნულ გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ ფორმით არ ატარებდა და პროცესი თავად უნივერსიტეტებში მიმდინარეობდა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კომისიის წევრი ვიყავი. 2004 წლიდან დღემდე ვმუშაობ სკოლა-ლიცეუმ ,,საქართველოს სასწავლო ცენტრში“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მანამდე უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი და ვფიქრობდი, მოზარდებთან ურთიერთობა უფრო იოლი იქნება- მეთქი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სალექციო კურსი აბსოლუტურად განსხვავებულია, კლასში, მოსწავლეებთან ჩასატარებელი გაკვეთილი კი - სხვა.
ბავშვებთან ურთიერთობა არაერთი გამოწვევითაა სავსე, მაგრამ, როდესაც მოსწავლე და შენი საქმე გიყვარს, აბსოლუტურად ყველაფრის დაძლევა შეიძლება. ბავშვის სიყვარული მთავარია. 2015 წლიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის გამსწორებელი ვარ. ბავშვებთან ურთიერთობის 22-წლიანი გამოცდილება მაქვს. ეს ურთიერთობა, როგორც აღვნიშნე, მარტივი არ არის, მაგრამ შრომით ყველაფერი მიიღწევა. ყოფილა შემთხვევები მოსწავლეს, რომლისგანაც დიდ შედეგს არ მოველოდი, სასიამოვნოდ გავუკვირვებივარ, თუმცა ყოფილა ისეთი ფაქტები, როდესაც უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ აბიტურიენტმა საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა ვერ შეძლო. გამოცდას თავისი სტრესი აქვს, თან ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტს პირველს წერენ და, შესაძლოა, ზედმეტად ნერვიულობენ. გამოცდის დღეს პასუხისმგებლობა უკვე სრულად მოსწავლეზეა და ამიტომაც აღვნიშნე, რომ ამ პროცესს თავისი სირთულე ახლავს. გამოცდასთან დაკავშირებულ სტრესს ყველა ერთნაირად ვერ უმკლავდება, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, მათი გაბრწყინებული სახეები და წარმატებით გამოწვეული სიხარულის ყიჟინა ჩემთვის რას ნიშნავს. ყოველ წელს თავიდან ვიბადები. ხომ ურთულესი გზა არის გასავლელი, მაგრამ შედეგები, მათი სიხარული უსაზღვროდ მაბედნიერებს.
- რას იტყვით დღევანდელ თაობაზე, რამდენად მოტივირებული არიან, რა არის მათი სისუსტე და ძლიერი მხარეები?
- უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ძალიან აქტიური და საინტერესო თაობა გვყავს. რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო... თუმცა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს: ჩვენმა სულმნათმა ილია ჭავჭავაძემ თქვა: ,,მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც აბსოლუტურად მართალი და გასათვალისწინებელია, თუმცა გრიგოლ ორბელიანმა ენა პირველ ადგილას დააყენა (რასაც სრულიად ვეთანხმები) და აღნიშნა: ,,ენა, საყდარი, სარწმუნოება...“ ვფიქრობ, ამ თაობაში სამივე სიწმინდის გააზრება და შეთვისება პრობლემად იქცა, მაგრამ განსაკუთრებით, მე თუ მკითხავთ, ყველაზე დიდი გამოწვევა ენის თვალსაზრისითაა. მრავალსაუკუნოვან ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენი პატარა ქვეყანა სულ გასაჭირშია.
რჯულიანი თუ ურჯულო მტერი თავს გვესხმის და, რა თქმა უნდა, ეს ენაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. თუ წლების წინ რუსულ სტილს ვებრძოდით და ვცდილობდით, ჩვენი უნიკალური ენა მისი ზეგავლენისაგან დაგვეცვა, ახლა ქართულ ენას ინგლისურის სტილი ,,ახრჩობს“. ბავშვების ძირითადი პრობლემა სწორედ ეს არის - ინგლისურად აზროვნებენ და, შესაბამისად, ფრაზებს ინგლისურად აწყობენ. გარდა წინადადებების წყობისა, არაერთ სტილისტურ შეცდომას უშვებენ. ამიტომ ახლა ამ გამოწვევასთან ბრძოლა გვიწევს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ უნიკალური ენა დავიცვათ. ვფიქრობ, სამშობლოს სიყვარული ენის პატრიოტიზმით უნდა დავიწყოთ. იხილეთ სრულად