რამდენმა აბიტურიენტმა აიღო სახელმწიფო გრანტი? -ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო გრანტი 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე კი, 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი ჩაირიცხა.
აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
„2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას - 1 600 - მდე აპლიკანტი გააგრძელებს“,- განაცხადა წერეთელმა.