ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი, რომელმაც ქალაქში კარიერას სოფლის სკოლის დირექტორობა არჩია?
23 წლის ლევან ყაულაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საჯარო სკოლის დირექტორია - შესაბამისად, გადავწყვიტეთ, საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი გაგაცნოთ.
"რუსთავი 2"-თან ინტერვიუში სკოლის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი პირად გამოცდილებას გვიზიარებს და, ასევე, სამომავლო გეგმებსა და დირბის სკოლის საჭიროებებზე გვიამბობს.
ლევან ყაულაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საჯარო სკოლის დირექტორად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.
მანამდე, 3 წლის განმავლობაში, 19 წლის ასაკიდან, მასწავლებლად მუშაობდა და, პარალელურად, აბიტურიენტებსაც ამზადებდა.
როგორი იყო გზა დირექტორობამდე - ლევან ყაულაშვილი გვიყვება, რომ რეგისტრაციის შემდეგ, დირექტორის გამოცდა წარმატებით ჩააბარა, რის შემდგომაც საკუთარი სამოქმედო და სტრატეგიული გეგმის წარდგენა გასაუბრებაზე მოუწია.
რა აკავშირებს იმ სოფელთან, სადაც დირექტორი გახდა?
"აღნიშნულ სოფელთან კონკრეტული არაფერი მაკავშირებს, უბრალოდ ქარელი ჩემი მუნიციპალიტეტია, მე თვითონ სოფელ მოხისიდან ვარ, დირბი კი ჩემს სოფელთან ძალიან ახლოსაა. სკოლის პოტენციალმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება, დიდი სოფელია და აღნიშნულ სკოლას საკუთარი თავის გამოვლენის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა მომეცემა.
ჩემი რაიონია, ჩემმა რაიონმა მომცა განათლება, მიყვარს ეს ადგილი და არ შეიძლება, რომ ყველას მხოლოდ თბილისი უნდოდეს," - აცხადებს ლევან ყაულაშვილი.